New York
რატომ აქვს თამარ გვერდწითელს მამაკაცებთან ყოველთვის დრამატული ურთიერთობა
კატეგორიასაზოგადოება
ნახვები: 629

რატომ აქვს თამარ გვერდწითელს მამაკაცებთან ყოველთვის დრამატული ურთიერთობა

პატარა, გამხდარი გოგონა, მოკლე თმით, სახეზე საყვარელი ჭორფლებით და უძლიერესი ხმით „მზიურიდან“. მისი ყოველი ჩამოსვლა საქართველოში სიხარულს იწვევს და მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონისა, კონცერტზე დარბაზი მაყურებლით გადაჭედილია. მისი ცხოვრებაც ყოველთვის ისეთივე საინტერესოა, როგორიც მომღერალია. ეს თამარ გვერდწითელია. ძალიან თბილი ადამიანი და საინტერესო მოსაუბრე. საუბრობს ყველაფერზე თუნდაც პირად ცხოვრებაზე. ერთადერთი თემა, რომელიც მან დახურა უკავშირდება ადამიანს რომელმაც მასთან გატარებული შემოქმედებითი წლები სათანადოდ ვერ დააფასა, ღიად დაუპირისპირდა მომღერალს და თავის ცხოვრებაში „შავ ლაქად“ მიაჩნია, უკავშირდება ადამიანს, რომელმაც დამსახურებული „ვარსკვლავის“ გახსნა დააყვედრა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ერთადერთხელ რუსეთზე სიმღერა გაბედა. ახლა კი ექსკლუზიური ინტერვიუ თამარ გვერდწითელთან.

_ ქალბატონო თამარ, მინდა საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ „მზიურის“ არაჩვეულებრივი პერიოდიდან. რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით თქვენ იყავით ყველაზე პოპულარულები და ყველასთვის საამაყო ბავშვები, მაგრამ ამ ანსამბლიდან ვერავინ გახდა იმდენად წარმატებული, როგორც თქვენ. თვითონ როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?

_ მაგ პერიოდში მე ვსწავლობდი ნიჭიერთა ათწლედში და მიწინასწარმეტყველებდნენ დიდ მუსიკალურ კარიერას ფორტეპიანოს განხრით. რასაკვირველია 5 წლიდან რომ მეცადინეობს ბავშვი კლასიკურ მუსიკაში, სხვანაირადაც აზროვნებს, სხვა მიზნები აქვს და სხვანაირად წარმოუდგენია თავის მომავალი. მიუხედავად იმ წარმატებებისა რაც „მზიურში“, მქონდა, არ ვფიქრობდი იმაზე თუ სცენაზე ვიდგებოდი როგორც მომღერალი.

_ და რამ იქონია გავლენა როგორ ფიქრობთ, ეს იყო თქვენი არაჩვეულებრივი ხმა, წარმოდგენელად დიდი სურვილი თუ იღბალი?

_ მგონი ყველაფერი ერთად იყო. მაშინ მხოლოდ ის ფასდებოდა, ვინც გავიდოდა საკავშირო სცენაზე. პოსტ საბჭოთა სივრცეში ხომ ასეთი წესი იყო: ჰქონდათ ერთი თუ ორი ადგილი ნებისმიერ სფეროში. აქ არ არის იმაზე საუბარი რომ შენ წარმოადგენ ქვეყანას, საუბარია ლიმიტზე. მოისმენდა საზოგადოება და იტყოდა: ჩვენ გვინდა რომ ეს მომღერალი იდგეს სცენაზე და გამოდიოდეს მისი დისკები. გახსოვთ ალბათ, ფირმა „მელოდია“ უშვებდა დისკებს ხალხის მოთხოვნით. იმ დროს არ იყო მენეჯერთა ინსტიტუტი. სრულიად ვემორჩილებოდით ფილარმონიას. კონკურსებზე, სადაც მაგზავნიდნენ, ყველგან ვიმარჯვებდი. ალბათ ეს იყო ამ წარმატების წინა პირობა. სერიოზული კონკურსები იმართებოდა, დიდი ორკესტრები ისხდნენ სცენაზე, მიდიოდა რეპეტიციები, კონცერტები, მოკლედ, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა.

_ მე ვიცი, რომ დედა იყო ის ერთადერთი ადამიანი ვინც თქვენგან, ასე ვთქვათ პროდუქტი შექმნა და თქვენი ცხოვრება ასეთი გაბრწყინებული გახადა. ის „მზიურიდან“ მოყოლებული დღემდე მხარში გიდგათ.

_ თავისთავად, იყვნენ პედაგოგები, რომლებსაც არასდროს ვივიწყებ, ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ჩემთვის, მაგრამ დედა მართლაც იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც გამიკვალა ცხოვრების გზა. მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი წარმატებების, უბრალოდ არ ელოდა ასეთ მასშტაბებს. კიდევ, დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორ ადამიანებს შეხვდები ცხოვრებაში. გარდა ამისა არსებობს, სინდისის უდიდესი ფაქტორი. შემოქმედებითი სინდისი და ღირსება, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს. სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ.

_ მგონია, რომ ყოველ თქვენს წარმატებულ კონცერტს წინ უძღვოდა ბარიერი. რა სირთულეებს აწყდებოდით?

_ აქ ყველაფერი სხვანაირად არის, სხვა ქვეყნებში კი, შოუ-ბიზნეს სხვა სახე აქვს. დაბრკოლებებს ყოველთვის უპირისპირდება ადამიანი. არის დაბრკოლება და არის მისი გადალახვის საშუალებები. ეს გადალახვის საშუალებები კი, ჩემთვის ისევ მუსიკით გადაილახება.

_ ბევრი ქართველი მომღერალი წავიდა რუსეთში, მაგრამ მღერიან რესტორნებში, ქორწილებში, დაბადების დღეებზე და კიდევ _ რუსულ ესტრადაზე ყველა პლუს ფონოგრამაზე მღერის. ვინც ცოცხლად ასრულებს, ცოტა სხვა თვალით უყურებენ _ მტრულად. თქვენ როგორ დაიმკვიდრეთ თავი რუსულ შოუ-ბიზნესში?

_ კი, ნამდვილად ასეა. დიდი დაპირისპირებებია პარლამენტის დონეზე. იქ მართლა ძალიან რთულია დიდ სცენაზე მოღვაწეობა, ერთ-ერთი ურთულესი მდგომარეობაა და ამის მიღწევა იყო საჭირო.

_ რუსეთში რომ არ წასულიყავით როგორ გგონიათ, როგორი გზით წავიდოდა თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

_ სხვა ქვეყანაშიც რომ წავსულიყავი ალბათ იქაც ასეთივე წარმატებები მექნებოდა, მაგრამ რუსეთი იმით გამოირჩევა, რომ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა. ადამიანი პიკს, რომ მიაღწევს და თავის პროფესიული ავტორიტეტი უჩნდება, რასაკვირველია უკვე გზა ხსნილი გაქვს.

_ მაგრამ ის ფაქტორი რომ ქართველი იყავით, ამას არასდროს შეუშლია ხელი?

_ ეს ფაქტორი ბევრჯერ ხელს მიშლიდა, მაგრამ როგორც ვიყავი და როგორი ფერის თმაც მქონდა, ასევე ვაგრძელებ მოღვაწეობას. პუბლიკამ დამაფასა და დიდი სიყვარული დამანახა. იყვნენ ადამიანები, ვინც მხარში დამიდგნენ, სხვანაირად წარმატება არ არსებობს. თვითონ მომღერლებთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ალამ თავისი სიმღერა მაჩუქა, მის სამ სიმღერას კი, მისი ნებართვით და ანოტაციით ვასრულებ. თვითონ ამბობს, რომ ამ სიმღერას ჩემს გარდა სხვა ვერავინ იმღერებს. ახლახან თავის სკოლა-სტუდიაშიც მიმიწვია. უნდა რომ მის გუნდში ვიყო. ეს ჩემთვის სასიამოვნოა, მაგრამ უნდა დავფიქრდე. მან იცის რომ საგასტროლო ცხოვრება მაქვს, ისიც იცის, რომ ვოკალისტისთვის ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ჩადიხარ და სხვა კლიმატი, მინუს 30 გრადუსი ყინვა, მერე ხვდები პლუს 30 გრადუსში და ხარ ასე. რთულია, ვერ ეგუები ბოლომდე, მაგრამ ხალხი მოდის რომ მოგისმინოს, შეგხედოს. 2001 წლიდან ვცხოვრობ რუსეთში, მანამდე ფრაგმენტულად, ხან პარიზში, ხან ამერიკაში. მოსკოვი იმდენად იჭრება შენში, რომ ასე ადვილად ვერ ადგები და წამოხვალ. კი, ძალიან რთულია იქ ცხოვრება სულ ბრძოლაა, მეგაპოლისი შთანთქავს ყველაფერს, მაგრამ იმდენი გამარჯვება მომცა ამ პუბლიკამ, რომ ასე ადვილად ვერ დავთმობ.

_ თუმცა, საქართველოში რომ დარჩენილიყავით ახლა ალბათ ძალიან გაგიჭირდებოდათ ცხოვრება, რადგან აქ შოუ-ბიზნესი დიდი ხანია გაჩერებულია

_ მგონია, რომ დავრჩენილიყავი, იგივე კანონებით და წესებით განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება, როგორც განვითარდა. მაშინ აი, იმ საკონკურსო გამარჯვებებმა დიდი პუბლიკის ნაწილი მომცა. როგორია ასორმოცდაათ მილიონიან რუსეთში ჩადიხარ და უნდა იპოვო შენი ადგილი. მოდი, ამას მუსიკალური ბედი დავარქვათ. მეორედ ალბათ ვერ შევძლებდი.

_ სცენაზე თუ გასულხართო დათრგუნული, დამძიმებული?

_ იყო ასეთი რთული მომენტები. გახსენებაც კი მზარავს. ძალიან რთული გადასატანი იყო მართლა. დედას ჯანმრთელობას ეხებოდა ეს.

_ არ გაგიჭირდათ თავიდან ამხელა ქვეყანაში ცხოვრება ფიზიკურად, მორალურად, მატერიალურად?

_ ვცხოვრობდით სულ სასტუმროებში, უკვე ბოლოსკენ გაგვიჩნდა მოსკოვში მისამართი. ბავშვი სწავლობდა ამერიკულ სკოლაში, მერე გადმოვიყვანეთ ბრიტანულ სკოლაში, იმიტომ რომ მისთვის ინგლისური ენა პირველია. აქედან გამომდინარე ვერც რუსულ და ვერც ქართულ სკოლაში ვერ მივიყვანდით. მატერიალური იმდენად არ თამაშობდა როლს, რამდენადაც პირადი ფაქტორი. ძალიან რთული პერიოდი დაიწყო ჩემს პირად ურთიერთობაში. მაშინ იწყებოდა ყველაფერი, არ შეიძლებოდა ასე უკვალოდ ჩაეარა ამას, თითქოს ყველაფერი ერთმანეთს დაერთო, მაგრამ ეტყობა მზად ვიყავი რევოლუციურად. იმხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა... ბავშვისთვის უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. ვიყავით მხოლოდ მე, დედა და სანდრო, რომელიც იყო პატარა. აი, ასე დავრჩით ორი ქალი მამაკაცის გარეშე. ამერიკაში წავედით. მერე სანდრო და დედა იქ დავტოვე და მე გასტროლებზე დავდიოდი. სანდრო სკოლაში იქ დადიოდა, როგორც უკვე გითხარით. ძირითადად მაინც დედა იყო. ათი კაცის საქმეს აკეთებდა.

_ ეს ალბათ ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი არ იყო. უკვე მერე ინანეთ ქმრისგან წამოსვლა?

_ სინანული ყველაფერს ახლავს რაც ინგრევა ცხოვრებაში. სულ მეგონა ჩემი ყოფილი მეუღლე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა, ამ სიტუაციას დათმობდა, რომელშიც ცხოვრობდა და წამოვიდოდა იქ, სადაც ვართ ჩვენ, მაგრამ სხვანაირად გადაწყვიტა ყველაფერი. მეც აღარ მიკვირდა და მივხვდი, რომ ეს პროცესი დასრულდება რაღაცით, რითაც შეიძლება დასრულდეს ასეთი მდგომარეობა. გავშორდი და მორჩა. ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, დიდი წარმატებები მქონდა. მახსოვს ყოველ თვე დავფრინავდი ნიუ-ორკში დედასთან და ბავშვთან. მერე ვბრუნდებოდი უკან, რუსეთში. ნელ-ნელა გადავლახეთ ეს მძიმე პერიოდები. ყოველდღიურ საზრუნავს თითქოს მიაქვს ყველაფერი ნეგატიური.

_ ყველაზე ბედნიერი როდის იყავით პირად ცხოვრებაში?

_ პირად თემაზე საუბარი რთულია, იმიტომ რომ მაინც დრამატიზმით აღსავსეა. პირად ცხოვრებაში სულ ბრძოლებია, ჭიდილი. მუსიკა, წარმატება, პირადი, ყველაფერი ერთად იყო, აქედან გამომდინარე ბედნიერების ელფერი ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ წარმატებას და ქალურ ბედნიერებასაც თავისი საფასური აქვს. ძალიან დიდი ფასი ადევს ყოველგვარ ბედნიერებას, იმ მამაკაცსაც რომელიც შენზე გიჟდება. ეს ყველაფერი დიდ ფასად დამიჯდა. ამიტომ ებადებათ პროტესტის გრძნობა და მერე ბრძოლას გიცხადებენ.

_ მუდმივათ ხართ მამაკაცების ინტერესის ობიექტი. როგორ იგერიებთ მას, ვინც არ გინდათ რომ თქვენს გვერდით იყოს?

_ როგორც მსახიობმა შეიძლება მიიღო კომპლიმენტები, მაგრამ ქალურ კომპლიმენტებს მე დიდად არ ვიღებ. ეს სხვა რაღაცაა. ჯერესერთიც უნდა იცდენენ როგორ გითხრან ეს კომპლიმენტი და რა ფორმით. ეტყობა ამ შემოქმედებითმა გაზამ და კარიერამ ჩემს ხასიათზეც იმოქმედა. მე ვიცი, რომ გავხდი ძალიან მომთხოვნი ჩემი თავის და სხვების მიმართაც. ერთია გარეგნობა და მეორეა როგორი ხასიათის ხარ. ამით არ ვამაყობ, უბრალოდ მსახიობი და მუსიკოსი ქალის ბუნება, ასეთია. ეს სიტუაცია ძალიან ახდენს გავლენას მის ქალურ თვისებებსა და ხასიათზე.

_ ამბობენ, სწორედ თქვენი ხასიათის გამო ხდება მამაკაცებთან შეუთავსებლობა.

_ ერთი ქმარი მყავდა ქართველი, მეორე ქმარი რუსისა და ბერძენის ნარევი. მამაკაცებთან ყოველთვის დრამატული ურთიერთობა მაქვს. არაუშავს. გასაგებია მათი მოთხოვნები, მაგრამ ჩემთან უკვე ეს მოთხოვნები აღარ ჭრიდა. ეხლა რა უნდა შემომთავაზოს ისეთი კაცმა, მთვარეზე წაგიყვან და ხაჭაპური გამიკეთეო? მგონია, რომ ძალიან სერიოზული ხანაა ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ აღარ ვთვლი საჭიროდ კიდევ ოჯახი შევქმნა. ისე, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული: ფსიქოლოგიური, ემოციური ფაქტორი, რასაკვირველია მაშინ გააფორმებ ურთიერთობას და იქნები შენთვის კარგად და მშვიდად. გავშორდი ამ ადამიანებს და მერე აღარც მიფიქრია გათხოვებაზე. მე არა ვარ იმ ტიპის ქალი, რომ სურვილი მქონდეს დავიპყრო მამაკაცი და ჩემს განკარგულებაში აღმოჩნდეს. ეჭვიანობის სცენები ხომ საერთოდ ყველასთან იყო, თავის მოტივაციებით და სიგიჟეებით. რასაკვირველია ახსნა-განმარტების ჩაბარებას არ ვაპირებ. სიმტკიცეს, სიძლიერეს რომ გამოამჟღავნებ მაინც არ ელოდებიან ქალისგან, ქალისგან ელოდებიან სინაზეს, მორჩილებას. გასაგებია ქალი, როგორიც უნდა იყოს, მესმის, მაგრამ მაინც ეს შეუთავსებლობაა.

_ აი, ესეც მინდოდა მეკითხა. ეჭვიანობა, ჭორები თქვენისთანა ლამაზ და წარმატებულ ქალს ალბათ ყოველთვის თან ახლავს

_ ის ეჭვიანობების სცენები რაც იყო გამართული ჩემს გარშემო... აღარ მინდა გახსენება. სულ რაღაცის მტკიცება, დარწმუნება, დიდი კონფლიქტები და ამბები.... მახსოვს, ერთხელ მამაჩემი ჩამოვიდა თბილისიდან ამის გამო. ის ოჯახი ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა, ურთიერთობაში არავინ ერევა, მაგრამ როცა ქალიშვილის ქმარია სხვანაირად ელაპარაკები, იმას უნდა აუხსნა. წარმოიდგინეთ რა დონეზე დავიდნენ. დედაჩემი და მამაჩემი დასხდნენ და იმ ოჯახს დაელაპარაკნენ. ერთი თვე გასტანა ნორმალურმა აღქმამ, მერე ისევ ისე დაიწყო. სიყვარულით მოძალებული, ხომ იცით როცა გიყვარს თავს ვეღარ აკონტროლებ. ეტყობა მათთან ასეა, საკუთრების გრძნობა დაეუფლა და სულ გაგიჟდა, აღარ შეგვეძლო ამის ატანა. ამიტომ ხომ უნდა გადამეტანა ეს ყველაფერი, ისე როგორ იქნებოდა და დავშორდით.

_ მამაკაცის გამო თუ გიტირიათ და დეპრესიაში ჩავარდნილხართ?

_ კი, როგორ არა. აი, ასე ვიწექი და ვტიროდი. მერე დედაჩემმა დაინახა ჩემი ნამტირალევი თვალები და მამშვიდებდა. ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები. რასაკვირველია გენანება, იმ ადამიანის დაკარგვაც არ გინდა, მაგრამ ოთხ დღეში დამთავრდა ჩემი დეპრესია, იმიტომ რომ კონცერტი მქონდა. რა უნდა მექნა. მივიცხე პუდრი, შევებრძოლე ჩემს თავს, ჩავქოლე მეორე ადამიანი, ის ხმა რომელიც მიწვევდა ჩემში _ მოდი იტირე. ისევ დაწყო მუსიკა და ასე გრძელდება ცხოვრება. ეს იცით რა მომენტია, ცდილობ ტკივილი გაიყუჩო თორემ როგორ შეიძლება დაგავიწყდეს შენი ცხოვრება.

_ რას ვერ ივიწყებთ?

_ შვილის გამო ვერ ვამბობ ბევრ რამეს, იმიტომ რომ განიცდის და გული ტკივა, ძალიან ემოციური ბიჭია. ამიტომ ამ თემას ყოველთვის გვერდს ვუვლი. ვერასდროს ვამბობ იმას რაც მინდა რომ ვთქვა, მიზეზი - როგორი იყო წინა პირობა და რატომ დამთავრდა ასე. ყველა სიტყვა გულზე ხვდება. ბევრი ქალი ჩემსავით რაღაცას ითმენს, რაღაცას ვერ ამბობს.

_ არ გინდოდათ კიდევ გყოლოდათ შვილი თუ ეს ნაბიჯი იმიტომ არ გადადგით, რომ სიმღერაში ხელს შეგიშლიდათ?

_ კი, რასაკვირველია ახალგაზრდობაში მიფიქრია ამაზე, კარგი იქნებოდა, მგრამ მაშინ არ მინდოდა სანდროს ენერვიულა. თან, უკვე აღარ ვიყავი მამამისთან. ეს კი, ყოველთვის განცდის და ნერვიულობის საგანი ხდება ბავშვებში. სანდროს გამო არ გადავდგი ეს ნაბიჯი და საერთოდ, მე ვთვლი რომ გარკვეულ ასაკამდე შეუძლია ქალს ამაზე ფიქრი.

_ სასცენო იმიჯის შეცვლაზე თუ გიფიქრიათ?

_ ექსპერიმენტებიც მიყვარს და მიფიქრია კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც ვუბრუნდები ჩემს ნამდვილ სახეს, იმიტომ რომ მაყურებელს უყვარს ასეთი თამარ გვერდწითელი და ამაზე ვფიქრობ, ეს იმიჯი როგორ შევინარჩუნო.

_ საქართველოში ყველა წონაზე ლაპარაკობს, უკვე დამღლელიც არის დიეტებზე ლაპარაკი. თქვენზე თუ მოქმედებს ეს, დაიკლებთ თუ მოიმატებთ?

_ იყო ასეთი პერიოდები, მაგრამ მე ვიცი რატომაც იყო. მივხვდი რომ სასწრაფოდ უნდა ჩამდგარიყავი იმ ფორმაში, რომელიც მაყურებელს უყვარს. ჩვეულებრივი ქალი რომ ვყოფილიყავი არ ვიდარდები. 60 კილო ხარ თუ 58 ეგ რა სადარდებელია, მაგრამ როცა სცენაზე დგახარ, აუცილებელია დაიცვა ზღვარი. ამასაც თავის ახსნა აქვს სულ გზაში ვარ გამოკიდული, საჭმელი არაა ნორმალური, გშია და მოგიტანეს უცებ ძეხვი, რა უნდა ვქნა?..

_ არ შემიძლია გოგი ცაბაძე არ ვახსენო, რომელიც გიწერდათ სიმღერებს, ასევე შოთა მილორავა. როგორ გახსენდებათ ის დრო?

_ ახლაც ვიმღერე ბათუმში კონცერტზე „სიყვარული დაფრინავს“. და მთელი დარბაზი ამყვა. ასეთი საოცარი მოვლენები იყო ჩემს ცხოვრებაში. ბატონმა შოთამ კი, დაწერა ჩემთვის სიმღერა „საქართველოს ბუნება“, რომელიც გვინდა რომ გავაორკესტროთ, შევასრულო ახალი შემართებით. შოთა მილორავა ჩემი პროფესორი იყო კონსერვატორიაში. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი იყო და გიჟურად უყვარდა მუსიკა. ამ ემოციებით ქმნიდა ყველა ნაწარმოებს.

_ და თქვენს ცხოვრებაში ასევე იყო და არის დიდი მაესტრო მიშელ ლეგრანი.

- მიშელ ლეგრანი პატარა ბედის საჩუქარია ჩემი. ვერც ვიფიქრებდი თუ ასე სერიოზულად გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. მან დამიწერა ოთხი სიმღერა და მერე ჩვენი კონცერტების ხანაც დაიწყო. ჩემთვის ეს არის იმედის მომცემი ადამიანი. ასეთ მუსიკოსთან შეხვედრა ყველაფერზე მაღლა დგას რასაკვირველია.

_ სხვა სფეროში თუ გიცდიათ ყოფილიყავით სიმღერის პარალელურად?

_ სხვა სფეროშიც ალბათ წარმატება მექნებოდა, მაგრამ შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ოჯახზე გამემახვილებინა ყურადღება. არასდროს არ მდომებია მაგალითად ვყოფილიყავი ბიზნეს ლედი, არც კი მიფიქრია, იმიტომ რომ ეს კიდევ სხვა სფეროა, ესეთი ხასიათი უნდა გქონდეს. ისიც ვიცი, რომ ოჯახს შევინარჩუნებდი და ამდენი წარმატების ატანა არ დაეკისრებოდა მამაკაცს.



წყარო: თბილისელები