New York
ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებისთვის მზად არის
19 Feb. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 257
ავტორინათია ჩაჩავა

ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ვაშინგტონი მზად არის ირანთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში ცოტა ხნის წინ გააკეთეს. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მზად არის ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვაშინგტონის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ისაუბროს. ამერიკელი მაღალჩინოსნების ამ შეთავაზებაზე თეირანში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის უმაღლესი რანგის დიპლომატებმა 18 თებერვალს უკვე იმსჯელეს 2015 წელს ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით , რომელიც აშშ-მა 2018 წელს დატოვა.

შეთანხმებით, რომელიც დაიდო დასავლეთის ოთხ სახელმწიფოს, ასევე რუსეთს და ჩინეთს, და ირანს შორის ისლამურმა რესპუბლიკამ შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა და სანაცვლოდ გაუქმდა მის მიმართ დაწესებული სანქციები.

გარდა ამისა, ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან ქვეყანაში გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმებას შეზღუდავს იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მხარეები ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებენ.