მთავარი/მედიალინკი/
ვითარება ვაშინგტონში. დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა აქტივისტებმა კაპიტოლიუმი დაიკავეს
ამ წუთებში ვაშინგტონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, კაპიტოლიუმის ეზოში შეკრებილი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ . მანიფესტანტებს ხელში ბანერები უჭირავთ და აცხადებენ,რომ ქვეყნის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი უნდა დარჩეს. დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, კონგრესის გაერთიანებული სესიის მიერ საარჩევნო ხმების დათვლის პროცესი შეწყდა. კონგრესში ხმების დათვლა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების დადასტურების ბოლო ნაბიჯია. ვრცელდება ცნობები , რომ უსაფრთხოების ძალებმა შენობაში მყოფი ვიცე პრეზიდენტისა და კონგრესმენების ევაკუაცია დაიწყეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვითარება საფრთხის შემცველია, რადგან არავინ იცის რა დევს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილი დემონსტრანტების ჩანთებში. ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში საუბრისას რამდენჯერმე ახსენეს საეჭვო პაკეტი. ადგილობრივი მედია ამბობს რომ მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას არავინ ელოდა . ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" აცხადებს, რომ შესაძლოა პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენოს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვაშინგტონის მერმა დედაქალაქში 6 საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა.