New York
წაშალეთ ტიკტოკი! ლაშა პატარაიას მიმართვა
16 Feb. 2021
კატეგორიატექნოლოგიები
ნახვები: 855

წაშალეთ ტიკტოკი! ლაშა პატარაიას მიმართვა

ტიკტოკი, რობლოქსი, მაინქრაფთი და სხვა მსგავსი აპლიკაციებით, მთელს მსოფლიოში ბავშვები და მშობლები კოლოსალური, ახალი საფრთხის წინაშე დგანან.

დღეს, ამ მიმართვაში, პირველად ვიქნები ასეთი რადიკალური და გეტყვით პირდაპირ! თუ თქვენი შვილების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და მომავალი გაღელვებთ, მაშინ უბრალოდ წაშალეთ ეს აპლიკაციები მათი ტელეფონებიდან. აუკრძალეთ, ნუ შეგეშინდებათ ემოციური განხეთქილების თქვენს შვილებთან. თუნდაც გარკვეული პერიოდი, თქვენს ურთიერთობაში დაძაბულობა გაჩნდეს, ესეც კი ბევრად იოლი გადასალახი იქნება, ვიდრე ის პოტენციური ფსიქოლოგიური დეგრადირება და რეალური საფრთხეები, რაც ამ აპლიკაციებს შეუძლიათ გამოიწვიონ.

ათ წელზე მეტია კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე ვმუშაობ, ვმუშაობ როგორც ტექნოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ასპექტებზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამ პროცესს ვერ გააკონტროლებთ.

მეტიინფორმაციისთვის განაგრძეთ კითხვა ან იხილეთ ვიდეო:

მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტები და სფეროს ექსპერტები ადასტურებენ და ამტკიცებენ ტიკ-ტოკის და მსგავსი აპლიკაციების ნეგატიურ გავლენას ბავშვის ფსიქიკაზე.

  • სირთულეები ემოციების აღქმასა და გამოხატვაში
  • ქცევითი მიჯაჭვულობა
  • სოციალური იზოლაცია,
  • დაღლილობა და სისუსტე,
  • დეპრესია,
  • სოციალური ქცევის სირთულეები,
  • სუიციდური აზრებიც კი

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც შეიძლება განუვითარდეს ბავშვს ამგვარი აპლიკაციების ჭარბი გამოყენებით.

ამ მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო უშუალოდ ტიკ-ტოკზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალური მედია პლატფორმაა და რომლის უკანაც ჩინეთის სპეცსამსახურები დგანან. მასში ჩაშენებულია იგივე ტექნოლოგიები, რაც ფსიქოლოგებისა და სპეციალისტების მიერ შემუშავებულია აზარტულ თამაშებზე, მიჯაჭვულობისა და დამოკიდებულების განვითარებისათვის. პრინციპი ძალზედ მარტივი და ამავდროულად საოცრად ეფექტიანია, ამავე პრინციპს ძაღლების წვრთნისასაც იყენებენ. ჯილდო და სასჯელი,

ეს ანალოგია ცხოველებზე შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად მკაფიოდ აგიხსნათ, როგორ გამოიყურება ეს პროცესი რეალურად. წარმოიდგინეთ, რომ თითო ლაიქი, მოწონება, პოზიტიური კომენტარი და გადაზიარება არის ჯილდო, ისევე როგორც ძაღლისთვის ან მაიმუნისთვის შეიძლება იყოს სასუსნავი, თუ ის კარგად შეასრულებს რაიმე მოძრაობას, შესაბამისად დრო და დრო ასე ფორმირდება ადამიანის ფსიქიკაშიც გარკვეული ქცევის პატერნები. ხოლო სასჯელი ამ შემთხვევაში არის ლაიქის, მოწონების არ მიღება. ეს ის ქცევაა, რომელსაც ნაკლებად გაიმეორებს მომხმარებელი სოციალურ ქსელში. ჯილდოების მსგავსი სისტემა, ადამიანის ტვინში გამოყოფს დიდი რაოდენობით დოპამინს, ნივთიერებას, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, მიჯაჭვულობასა და აკვიატებას. დაახლოებით იგივე პრინციპია აზარტულ თამაშებსა თუ ნარკო-დამოკიდებულების შემთხვევაშიც.

ყველაფერმა ამან ფსიქოლოგიური პრობლემების გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ნევრო-პათოლოგიური გართულებები, რომლის უკუქცევა ხშირად შეუძლებელიც კი არის.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ყურადღების ეკონომიკაში, ანუ სივრცეში, სადაც ყველა დიდი კორპორაცია, მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ცდილობს იპოვოს ახალი მეთოდები და საშუალებები ყურადღების მისაქცევად.

ხელოვნური ინტელექტის მანქანები სწავლობენ თითოეული მომხმარებლის ქცევას. თქვენს შესახებ ასე ფორმირდება უაზარმაზარი დოსიე, რომელიც არავინ იცის, როგორ იქნება გამოყენებული თქვენს წინააღმდეგ. არასრულწლოვნები ამ მახეში ყველაზე იოლად ებმებიან, რადგან აქ პოულობენ საზოგადოებას, რომელიც თითქოსდა მათ ღებულობს. ეს სივრცე მათთვის ყველაზე საშიშია, სწორედ ამიტომ ამ მიმართვის მთავარი აქცენტიც ბავშვები არიან.

ფსიქოლოგიური პრობლემების და პოტენციური ნევრო-პათოლოგიური გართულებების გარდა, მინდა დაფიქრდეთ კიდევ ოთხ პრობლემაზე:

  • კონტენტი, ვიდეოები, რომლებიც არ კონტროლდება ასაკობრივი ზღვარით, შეიცავს უამრავ ნეგატიურ გავლენას, რომლისგანაც თითქოს ასე ვცდილობთ შვილების დაცვას მთელი საზოგადოება.
  • ბულინგი, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ბავშვების ყოველდღიურობა გახდა.
  • კონტაქტი უცხო ადამიანებთან, აქ პირდაპირ ვიტყვი, ანუ პედოფილიის რისკი. ამ ავადმყოფებს შეუძლიათ ადევნონ თვალი მსხვერპლს, შეისწავლონ, გაიცნონ და კომუნიკაციაც ქონდეთ ბავშვებთან, ისე რომ თქვენ ვერც კი გაიგოთ.
  • შანტაჟი: ასეთმა ადამიანებმა შეიძლება იოლად მოატყუონ არასრულწლოვანი, შეაცდინონ და შემდეგ დაემუქრონ ვიდეოს ან მიმოწერის გავრცელების მშობლებთან.

  • ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ტიკტოკის მომხმარებლები საშუალოდ დღეში ერთ საათს მაინც ხარჯავენ ამ აპლიკაციის გამოყენებაში. თუ ვიტყვით, რომ ადამიანს საშუალოდ დღეში 16 საათი აქვს, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტურად შეუძლია და საიდანაც ერთ საათს ამაში ხარჯავს, მაშინ ეს წელიწადში თითქმის ერთი თვე გამოდის, ვიკენდებს თუ გამოვაკლებთ. ანუ წელიწადში ერთი თვე, რომელიც შეგიძლიათ ბავშვისთვის ახალი ჰობის შესაძენად, რაიმე ახლის სასწავლად ან უბრალოდ მასთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად გამოიყენოთ.

    ლაშა პატარაია

    წყაროები:

    ამ პოსტის თემატიკასთან დაკავშირებული კურსები: