New York
დანაკარგებს, რაც ეკონომიკამ განიცადა, ჯანდაცვის კუთხით მაინც უნდა მოყოლოდა შედეგი. რომან გოცირიძე
კატეგორიაბიზნესი
ნახვები: 582

დანაკარგებს, რაც ეკონომიკამ განიცადა, ჯანდაცვის კუთხით მაინც უნდა მოყოლოდა შედეგი. რომან გოცირიძე

ჩვენ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პანდემია დღეს ყველასთვის გლობალური საფრთხეა. ეს საფრთხე დადგა ისედაც მორყეული  ქართული ეკონომიკის კუთხითაც და ახლა ისმის კითხვა - რა იქნება პანდემიის შემდეგ, იმ რეგულაციების კვალდაკვალ, რაც კოვიდ 19-ის გაჩენისთანავე დაგვიწესა მთავრობამ და რაზეც თავადვე გვეუბნებიან, რომ ამდენს საქართველოს ეკონომიკა უბრალოდ, ვეღარ გაუძლებს. ორ ეტაპად,  არაგონივრულ ვადებში შეიქმნა ჩვენს რეალობასთან საკმაოდ შორს მდგარი, მხოლოდ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებზე გათვლილი ანტიკრიზისული სამთავრობო გეგმა, სადაც საერთოდ არაფერია ნათქვამი თუ რა უნდა ქნან დანარჩენი კატეგორიის, არასოციალურად დაუცველმა ადამიანებმა ტოტალური უმუშევრობის, გაქცეული ლარის ფონზე სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციაზე ყოველდღიურად გაზრდილი ფასების გამო,  ან/კი, მოხდება ტრადიციული ინსტიტუციების რეაბილიტაცია, რაზეც დგას  ქრთული სახელმწიფოებრიობა, რომელმაც უნდა აღადგინოს პანდემიით დანგრეული ეკონომიკა? რა თქმა უნდა არა და კიდევ კარგახანს ვერ გაიმართება წელში ჩვენი ეკონომიკა, სანამ ქვეყანას ოფიციალური თუ არაოფიციალური მილიონერები მართავენ, სანამ ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს, სადაც მთავრობა არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს საკუთარ ხალხზე, სადაც ნამდვილ დემოკრატიული ქვეყნის აშენებაზე და ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე კი  ლაპარაკობენ, მაგრამ საბოლოოდ ინსტიტუციურად ჩამოშლილ, გაღატაკებული საქართველოს იქეთ, ვერაფერი მივიღეთ მთელი ამ 8 წლის განმავლობაში. ხო, ამას დავუმატოთ კორონა ვირუსისთვის პირველი დანიშნულების მქონე, ტრადიციული სამედიიცინო პირბადე, რომელიც სულ რაღაც 8 თვის წინ აფთიაქებში 10 თეთრი ღირდა და პანდემიის პირველი ტალღის დროს ლამის 5 ლარამდეც ავიდა მისი ფასი. ამით დასკვნაც, თუ რა ფულის პატრონებიც გახდნენ სააფთიაქო ბიზნესმენები. 

ეკონომიკის საკითხზე ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და სამი მოწვევეის პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე გვესაუბრება.

_ ბატონო რომან, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს მინდა გკითხოთ, რატომ ხდება ჩვენს ქვეყანაში ლართან დაკავაშირებით ასეთი კატაკლიზმები, რატომ უფასურდება თითქმის ყოველდღიურად ლარი, რაც შემდეგ იწვევს ფასების ზრდას საკვებ პროდუქტებზე, წამლებზე... და ზოგადად, რა არის ის ძირითადი ბარიერები, რაც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას? 

_ როცა ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის მმართველ ოლიგარქს აქვს იმდენი ფული, რამდენიც ჩვენი ქვეყნის ერთი წლის ბიუჯეტია, ასეთი მმართველობა რა თქმა უნდა დამღუპველია ქვეყნისათვის. ბიუჯეტს ანუ სახელმწიფო ქონებას განკარგავს ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესი. შესაბამისად ”ოცნების” ეს სიაც პარლამენტის მეშვეობით ფულის საშოვნელად გადეპუტატებული ბიზნესმენებით არის სავსე. იცით თქვენ, რომ მოქმედ პარლამენტში 28 ოფიციალური მილიონერია და ალბათ კიდევ ერთი ამდენი ფარული. ოცნების მმართველობის რვა წელიწადში მარტო გზებზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე ათ მილიარდამდე ლარი დაიხარჯა, მეტი წილი უტენდეროდ. აქედან  ტენდერებზე ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები იგებდნენ.  

_ აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ეკონომიკური გაჯანსაღებას  შიდა მოთხოვნით, უცხოური ინვესტიციებით, საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით, მოკლედ, კერძო სექტორის განვითარების მეტი მხარდაჭერითა და თანამედროვე ტექნოლოგიებში, მეცნიერებასა და ციფრულ განათლებაში ინვესტირებით 2021 -ში შეძლებს. კოვიდ 19-ის პარალელურად და მისგან გამოწვეული სწორი თუ არასწორი შეზღუდვების ფონზე  რამდენად შესაძლებელია ეკონომიკური გაჯანსაღება, მითუმეტეს რომ ქვეყნის წამყვანი ექიმები გვეუბნებიან რომ შესაძლოა პანდემია 2024-წლამდე გაგრძელდეს. არვიცი საიდან გამომდინარე იდება ასეთი დასკვნები, მაგრამ ასე გვეუბნებიან. 

_  პანდემია ფულის შოვნის საშუალება გახდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესისასთვის. საგარეო ვალი, 5 მილიარდი ლარი, რომელიც ეკონომიკას მოხმარდა, ყველაზე არაეფექტურად იქნა გამოყენებული სასტუმროებზე, სურსათის იმპორტზე და სუბსიდირებაზე. კურიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე. დეფიციტი გაჩნდებაო და სახელმწიფომ ბიუჯეტის ფულით იყიდა მილიონობით ლარის მაკარონი და მცენარეული ზეთი. თანაც რუსეთიდან, ახლოსაა ვლადიკავკაზიო. დააცარიელეს მთელი ქალაქი. ახლა ყრია საწყობში და ფუჭდება ალბათ. კერძო ფირმამ შეუძინა მთავრობას და ფულიც იშოვა. რომელი კომერსანტი მთავრობაა, რომ ახლა მაკარონით ვაჭრობა დაიწყოს. ნაწილს ჩამოწერენ, ნაწილს ჩალის ფასად ნაცნობ ფირმებს მიჰყიდიან.

_ მილიონობით ლარი მაკარონში, რაღაც არადამაჯერებლლად ჟღერს. მაკარონია, ხორცი და ლობიო ხომ არა, რაც ასე ძალიან სჭირდება ადამიანის ორგანიზმს. მილიონები ისევ ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარებოდა.

-კოვიდი ძალიან უგუნურად მართავს ირგვლივ ყველაფერს. იმ კოლოსალურ დანაკარგებს, რაც ეკონომიკამ განიცადა, ჯანდაცვის კუთხით მაინც უნდა მოყოლოდა შედეგი. დღეში ათასობით ინფიცირებულამდე მიაღწია, რაც იმაზე უარესი შედეგია ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე იტალიაში იყო ყველაზე ცუდ დროს. სად არის ეს 2000 კაცი ვიცით? არიან კი სახლებში?  რატომ დუმს მთავრობა, რატომ არაფერს ამბობენ?  ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, არავინ არ ელოდა ამას და როცა არ ელოდები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ელემენტარული უნარი არ აქვს დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები, როგორც ფინანსური, ისე ჯანდაცვის კუთხით. ლარი 25 წლის გახდა 2 ოქტომბერს და ეს არავის გახსენებია. აბა კარგად ჰქონოდა საქმე, როგორ საზეიმო ღონისძიებებს მოაწყობდა ეროვნული ბანკი და მთავრობა? დაბადების დღის წინ ფეხი, რომ მოგტყდება და არ გეზეიმება, ისეა ამათი საქმე. ლარი უჭირავს ეროვნული ბანკის ინტერვენციებს. ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. არჩევნებამდე დაიჭერს. დღეს, ლარის მდგომარეობა ჰგავს თავდაღმართში მიმავალ მანქანას, რომელმაც დაკარგა ყველა მართვის ბერკეტი: არ ემორჩილება საჭე, მოშლილია მუხრუჭები. ერთადერთი, რაც მუშაობს, არის ხელის მუხრუჭი. მოქაჩავ სწრაფად-მოწყდება და გადაიჩეხება, მართავ ნელ-ნელა და შეიძლება გააჩერო. ხელისუფლებამ მოშალა ყველა ბერკეტი. დარჩა ერთადერთი-ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები - ხელის მუხრუჭი. სხვა რა გზაა, უნდა გამოიყენოს, რომ როგორმე მივიდეს საქმე ახალი ხელისუფლების ფორმირებამდე. მერე ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ.

_ საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე, სტრატეგიულ სავაჭრო გზებზე მდებარე ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარებისთვის გახსნილობა აუცილებელი პირობაა. რამდენად ღიაა ეკონომიკურად ქვეყანა, პირველ რიგში, ეს საგარეო ვაჭრობის მოცულობაში გამოიხატება.  საქართველო ჯერჯერობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მაღალგანვითარებული, შედარებით პატარა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან  მოყოლებული, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. სწორედ ამიტომაც, რომ იმპორტი აღემატება ექსპორტს.

_ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ისეთი დიდია სავაჭრო ბალანსის დეფიციტი( ანუ გაცილებით მეტს ვყიდულობთ უცხოეთში, ვიდრე ვყიდით), რომ ამის გამოსწორებას ორი ათეული წელიწადი დასჭირდება თუ მეტი არა. იმპორტის ჩანაცლებაც კარგია, თუ ეს ხელოვნურად არ ხდება. სახელმწიფოს ”წახალისება” ან რეგულაციების დაწესება ამას ვერ უშველის. საქართველოს, როგორც ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას, სჭირდება ექსპორტზე ორიენტირებული, ვალუტის შემომტანი, კონკურენტუნარიანი წარმოება და არა ჩაკეტილი, მხოლოდ შიდა მომხმარებელზე გათვლილი, მთავრობის მიერ სასათბურე, შეღავათიან პირობებში გამოზრდილი ბიზნესი. ამაზე უნდა იყოს აქცენტი აღებული სამომავლოდ.

_ მე ვფიქრობ, იმისათვის რომ საქართველომ დაძლიოს გარკვეულწილად სიღარიბე,  სწორედ ახლა, პანდემიის დროს პირველრიგში სააფთიაქო და სათამაშო ბიზნესიდან უნდა ამოვიღოთ თანხები, დიდი გადასახადის დაწესებით, ასევე რასაც ეს ორი კერძო სექტორი იღებს მოგების სახით და დავაფინანსოთ ჯანდაცვის პროგრამები. ეს გაუსაძლისი ფასები მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობაზე კლინიკებში,  ჩვენი მოსახლეობისათვის ძალიან მძიმე ტვირთია. რა უნდა ქნას ხალხმა? პირველი ამოცანა მთავრობისათის ხომ ხალხი უნდა იყოს? 

_ დიახ. სათამაშო ან სააფთიაქო ბიზნესიც ჩვეულებრივი ბიზნესია. აქ მთავარია არ იმალებოდეს შემოსავლები და იყოს პატიოსანი კონკურენცია, რასაც ვერ ვიტყვით სააფთიაქო ბიზნესზე. იგივე მდგომარეობაა ნავთობ პროდუქტების იმპორტისას, როდესაც ხდება ფასების კარტელური კონტროლი. ამ დარგებში ახალ კომპანიებს უჭირთ შეღწევა. ვერ უწევენ კონკურენციას მრავალი მიზეზის გამო. კონკურენცია და სწორი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა არის ფასების შემცირების საშუალება და არა სუფსიდირება ან მისი ადმინისტრაციული კონტროლი. სათამაშო ბიზნესში დიდ ფულს ხარჯავენ მეზობელი და არც მთლად მეზობელი ქვეყნები. მაგალითად, შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო ”ბილტმორი” არც აშენდებოდა რუსთაველზე, რომ არა  კაზინო და არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსული თამაშის მსურველები. სათამაშო ბიზნესს უნდა ჰქონდეს თავის ტერიტორია, უფრო საკურორტო, ტურისტულ ცენტრებში. რეკლამა უნდა იყოს დარეგულირებული, უნდა იყოს ასაკობრივი თუ სხვა სახის კონტროლი, მაგრამ მისი დახურვა გაუმართლებელია. საგარეო შემოსავალს დავკარგავთ, საშინაო კი იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს.



წყარო: თბილისელები