New York
რას ნიშნავს ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება ჩრდილოეთ კორეისთვის?!!
12 Dec. 2020
კატეგორიაამერიკის ამბები
ნახვები: 410
ავტორინათია ჩაჩავა

რას ნიშნავს ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება ჩრდილოეთ კორეისთვის?!!

შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის თებერვალში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა და  გაჩნდა მოლოდინი რომ მოლაპარაკებების შემდეგ ძირეულ საკითხებზე (ბირთვული პროგრამა) შეთანხმების მიღწევა მოხერხდებოდა. 2016 წლიდან 2020 წლის პერიოდში  მსოფლიომ არაერთხელ იხილა ორი ქვეყნის ლიდერების კრიტიკული განცხადებები. ურთიერთობისა თუ ვითარების ნორმალიზების მოლოდინი დრო და დრო ხან იმედგაცრუებას, ხანაც ფრთხილ ოპტიმიზმს მოიცავდა.

ექსპერტების შეფასებით,  ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში დიდი ალბათობით კიდევ ერთი რთული პერიოდი დაიწყება. ვაშინგტონი კვლავ გააგრძელებს ფხენიანისთვის სანქციებს - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა კი დიდი ალბათობით უარს არ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე. არსებული ვითარებისა და წინა ადმინისტრაციის პერიოდში განვითარებული მოვლენების  გათვალისწინებით, ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე მოითხოვს ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე. სანამ მხარეებს შორის რაიმე ფორმატის შეხვედრა გაიმართება, ფხენიანი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ყურადღების მიპყრობას ახალი, შორი მოქმედების რაკეტების გამოცდით შეეცდება, თუმცა ნაკლები შანსია იმისა, რომ ფხენიანმა ვითარება იმდენად გაამწვავოს რომ აშშ-სგან ახალი სანქციები დაიმსახუროს.

ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სამხრეთ კორეასთან მოკავშირეობაა. სეულში კარგად ესმით, რომ ფხენიანი პროვოკაციებს არ შეწყვეტს, თუმცა რეგიონში სტაბილურობისა და 70 წლიანი ომის დასრულების თვალსაზრისით აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და გარკვეულ კომპრომისებზე წასვლაც.