New York
როდის „ხულიგნობდა“ მაკა ჩიჩუა და რატომ უნდა მას გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება
09 Dec. 2020
კატეგორიასაზოგადოება
ნახვები: 792

როდის „ხულიგნობდა“ მაკა ჩიჩუა და რატომ უნდა მას გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება

ყოფილი პირველი ლედი-მაკა ჩიჩუა არაერთხელ მოქცეულა საზოგადოების ყურადღების ცენტრში საკუთარი არაორდინალური ცხოვრების წესის გამო. ყველას ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგეს, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებული და ბევრისთვის ეს მათი დაცინვის მიზეზიც კი გახდა.

მაკა ჩიჩუა: ჩვენი პატარა მეურნეობა ბუნებრივად დაიბადა, როდესაც საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადმოვედით. წარმოუდგენელია, მიწა გქონდეს და მასში რამის ჩათესვის სურვილი არ გაგიჩნდეს. ნელ-ნელა მივედით იქამდე, რომ დღეს ჩვენი ბიოპროდუქტი გვაქვს: კიტრი, პომიდორი, მწვანილი, ბადრიჯანი და სხვა ბოსტნეული. კომში, შინდი, კაკალი... ჩვენ ქვეყანას აქვს ის მადლი, რომ ბევრი სასარგებლო პროდუქტი მოგვცეს. 

- პირადად ხართ ჩართული მათ მოვლაში?

- წელს იმდენი პომიდორი დავრგე, რომ გამიჭირდა მოვლა. მივხვდი, რომ მხოლოდ იმდენი უნდა გააკეთო, რამდენის მოვლის უნარიც გაქვს. მე კიდევ ვარდების ბაღი მაქვს და ცოტა გამიჭირდა ყველაფრისთვის ყურადღების მიქცევა. ეს საკმაოდ შრომატევადია პროცესია და ბავშვებთან ერთად რთულია. წლებია ამას ვაკეთებ. თავიდან დაგვცინოდნენ, პრეზიდენტმა კარტოფილი მოიყვანაო. იცით რაზე ვგიჟდები? ისეთი ადამიანები დაგვცინოდნენ, ვინც იცოდა, რომ მისაბაძ ქვეყნად რომ გვაქვს-ამერიკა, მისი პირველი ლედი- მიშელ ობამა კალათებით დადიოდა და მთელი თეთრი სახლი ბოსტნად გადააქცია. ობამების ოჯახი ბიო პროდუქტის მოყვანას დიდ პოპულარიზებას უწევდა და ამას შესაბამისი გამოხმაურებაც ჰქონდა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში, აქ ჩემსა და გიორგიზე იცინოდნენ. 

- შემდეგ პირიქით, აიტაცეს და მოდურიც გახდა.

- კი ბატონო (იცინის). საერთოდ, მოდა ასე შემოდის. მისი ფუძემდებლები არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად გრძნობენ რა არის ბევრად უფრო საინტერესო და სასარგებლო. თავიდან ყოველთვის უარყოფაა, მაგრამ ვერ ვხვდები, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჩვენი მამა-პაპა მიწის კულტურით ცხოვრობდა, ასეთი დამოკიდებულება საერთოდ რატომ უნდა ყოფილიყო?!  გულწრფელად მეგონა თავიდანე იტყოდნენ რამაგარიაო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ წარმატებულ ადამიანებს სოფელთან ვერ აკავშირებენ. მგონა, რომ ეს ირონიული დამოკიდებულება სიშტერის მაჩვენებელია. უნდოდათ ვიღაცეები დაერწმუნებიათ, სად სცალია პრეზიდენტს ამისთვისო?! უგუნური და მდაბიო მიდგომაა და იმდენად აბსურული იყო ეს დამოკიდებულება, რომ ახსნაც აღარ მომინდა. მერე პანდემიამაც ძალიან შეუწყო ხელი ამ მიმართულებით გამოცოცხლებას და დღეს უკვე მართლაც ტრენდული გახდა რაღაცეების მოყვანა, თუნდაც აივანზე. 

- გამორჩეული პირველი ლედი იყავით ვიზუალური თვალსაზრისითაც და თქვენი ჩაცმულობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა ოფიციალურ ვიზიტებზე. 

- ესთეტიური მხარე, სამოსი ადამიანის ხასიათს აჩვენებს. პროტოკოლი არ მაძლევდა იმის ფუფუნებას, რაც მომინდებოდა ის ჩამეცვა, არჩევანში შევიზღუდე, მაგრამ ყოველთვის იმას ვიცვამდი, რაც ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა. პროტოკოლი უნდა დაიცვა, მაგრამ შეიძლება ცოტა „იხულიგნო“. ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი მეფეები თუ დედოფლები კლიშეებს ყოველთვის არღვევდნენ და ზუსტად ასე იცვლებოდა მოდა. მე არ ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა დამენგრია, მაგრამ ჩემს სტილს, ფერს და სილუეტს ვინარჩუნებდი, ისე, რომ ძირითად ხაზს არ ვცდებოდი. წითელ ხალიჩაზე სპორტული ფეხსაცმლით არ უნდა გაიარო, მაგრამ ზოგჯერ ისე ვიღლებოდი, რომ დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი და მედო კიდეც ჩანთაში (იცინის). წარმოუდგენელია ამ სტატუსით არ დაიღალო. რამდენიმე საათიანი ფრენა, უმაღლესი დონის შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში, რომელზეც ვერ მოეშვები, თავისთავად დაძაბული ხარ; სადილი, ვახშამი და კიდევ ბევრი რამ. დამღლელი, მაგრამ ძალიან საამაყოა, როცა გვერდიდან გესმის, რამდენად მაღალ დონეზე აფასებენ შენს თუნდაც ვიზუალურ ეფექტს და შემდეგ რა თქმა უნდა პიროვნებას. ძალიან მოსწონდათ გიორგისთან ურთიერთობა. სულ აღნიშნავდნენ, რა მაგარია ასეთ ინდივიდუალურად მოაზროვნე ადამიანთან საუბარიო. იქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კარს მიღმა ურთიერთობას, სადაც ათას სისულელეზე ლაპარაკობენ, იმიტომ, რომ ერთმანეთი არაოფიციალურადაც გაიცნონ. ჩვენს ვიზიტებს ყოველთვის კარგი გამოხმაურება მოჰყვებოდა ხოლმე, რაც ძალიან მახარებს. 

- სანამ თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი დაიწყებოდა, პოლიტიკაში ერკვეოდით? 

- კი და საკმაოდ კარგად. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო პერიოდი. მაშინ ძალიან ბევრი რამ არ მომწონდა და ერთი მიტინგიც კი არ გამიცდენია მათ წინააღმდეგ. ძალიან კარგ ქვეყნებში, ალბათ ჩვეულებრივი ადამიანები არ ერთვებიან პოლიტიკაში, რადგან იქ სისტემა მუშაობს ძალიან კარგად. თუ არ ჩავთვლით ამერიკას და ამდენად დიდ ქვეყნებს, სადაც ძალიან ბევრი რამ წყდება. ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში გამართული სისტემის ხარჯზე ყველაფერი ისე კარგად მიდის, რომ თუ ვინმე ძალიან გიჟი არ მოვიდა და ყველაფერი არ ააყირავა, შვეიცარიული საათივით მუშაობენ. ჩვენთან მუდმივი რყევებია და პოლიტიკა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას განსაზღვრავს. ამიტომ ბუნებრივია, რომ მისით ყველა დაინტერესებულია. თუმცა, ღმა პოლიტიკურ საკითხებში ვერ ვერკვევი, პოლიტიკაში წასვლაზე არასდროს მიფიქრია. 

- ახლა როგორი განწყობა გაქვთ წინასაარჩევნოდ?

- ვთვლი, რომ პირველ რიგში ცვლილებაა საჭირო. ძალიან კარგი, რომ ცვლილებებში მოიაზრება მრავალპარტიული პარლამენტი და არა ისევ ორპოლუსიანი. გიორგი რომ რაღაც საკითხს ვეტოს დაადებდა, საოცრად ცუდი მომენტი იწყებოდა, ჩვენ დავძლევთ ამ ვეტოსო, ისე ამბობდნენ, გეგონება გიორგი ამას თავისთვის აკეთებდა. უხსნიდა, მე თქვენსკენ ვარ, არ გეჭიდავებით, ვეტო დავადე იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო ასეაო. ესეთი მომენტების გამო, ამ მთავრობას ძალიან უჭირდა, რომ გამოეყენებინათ პრეზიდენტი, როგორც მართლა სასარგებლო და ჭკვიანი ადამიანი. გიორგის არასდროს გადაუკვეთავს წითელი ხაზები, მაქსიმალურად ფრთხილად ატარებდა ყველანაირ მოლაპარაკებას. ძალიან უყვარდა, როცა ყველა ერთად სხდებოდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ახლა ეს შესაძლებელია და მჯერა, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. ჩემი აზრით, მრავალპარტიული პარლამენტი მიკერძოებული აღარ იქნება. 

- ნაციონალების მმართველობის ბოლო პერიოდში იბრძოდით მათ წინააღმდეგ, ქართული ოცნების გვერდით, მაგრამ მერე თქვენი გზები გაიყო და დღეს ისევ ცვლილება გინდათ. არ იყო მტკივნეული თქვენი გზების გაყოფა?

- ძალიან მძიმედ გადავიტანეთ ეს ყველაფერი. გიორგისთვის კიდევ უფრო მეტად რთული იყო. ვფიქრობდით, როგორ ნუთუ, შევცდით? ნუთუ, შეიძლება ისევ იმ მდგომარეობაში ჩავვარდეთ და ერთმა პარტიამ აიღოს სრული ძალაუფლება? ჩაკეტილი წრე განუვითარებლობას ნიშნავს. მინდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენთვის სასურველი გარემო და რაც გავქვს იმას გავუფრთხილდეთ. თუ გინდა ქვეყანა დემოკრატიურ საფუძვლებზე მართო, ძალაუფლება ერთ ძალას არ უნდა ჩაუგდო ხელში. იდეალურები ვერ გავხდებით, მაგრამ ბალანსი ხომ უნდა არსებობდეს? ჩვენს გვერდით ვიღაც ძალიან მშიერი და დაჩაგრული არ უნდა იყოს. ამ ქვეყანაში ადამიანებს წყლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ამ ხელისუფლებამ ამ პრობლემებს თვალი არ გაუსწორა და გადაუჭრელი დატოვა. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობდით სოფლის მეურნეობაზე. გვეგონა, პატარ-პატარა ქარხნები გაკეთდებოდა რაიონებში, სადაც გლეხები მოსავალს ჩააბარებდნენ. გლეხებს მაგარი ზურგი ექნებოდათ და ჯანდაბაში გაქცევა და შვილების დატოვება, სხვის მოსასამხურედ დასადგომად აღარ მოუწევდა. დედები შვილებს „სკაიპით“ ზრდიან- ასეთ ცუდ მდგომარეობაში ცხოვრება არ უნდა გვიწევდეს. ყველამ იცის, ჩვენ ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ აქ ადამიანები არ შიმშილობდნენ. 

ვიღაცეებს დღემდე ვერ გაუგია, როგორ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი ასე ცხოვრობდეს?! ჩვენ არ გვაქვს ბინა თბილისში, პრეზიდენტს არ აქვს პენსია, მოგვიხსნეს დაცვა, როცა შევარდნაძის საფლავს იცავენ. იცით როგორი დაბალი დონის სვლები გააკეთეს?! საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტებს ასე არ ექცვიან. ჩვენ არაფერი გაგვიჭირდება, არ ვართ ეს ტიპები, მაგრამ ყველაფერს თავის სახე აქვს და ქვეყნის პრესტიჟია, თუ როგორ გააცილე საკუთარი პრეზიდენტი. თან გიორგი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ბოლომდე შეასრულა უფლებამოსილება და მეორე ვადაზეც აღარ უყრია კენჭი. ქუჩაში რომ მივდივართ, ყველა სიყვარულს უხსნის.

- თქვენ მართლა არასდროს გიფიქრიათ პოლიტიკაში წასვლაზე?

- ჯერ-ჯერობით არა. პოლიტიკა და თავისუფლება ერთად არ გამოდის. მითუმეტეს ჩემი ბავშვები იმდენად პატარები არიან, რომ ძალიან დიდი დოზით ჭირდებათ დედა. ერთი დამხმარე კი გვყავს, მაგრამ ამხელა ეზო, სრულიად განმარტოებით ვცხოვრობთ ტყეში, მეურნეობა გვაქვს და ამ ყველაფერთან ერთად მე პოლიტიკოსობა არ გამომივა. ამიტომ რომც მომდომებოდა პოლიტიკურად აქტიური ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირიდებდოა. თუ გავაქტიურდები ძალიან აქტიური უნდა ვიყო, სხვანაირად არ შემიძლია. თან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ხატვა და დრო რომ მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ ჩავუჯდე და ვიმეცადინო.

- ბატონ გიორგიზე რას ფიქრობთ, გინდათ მისი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება?

- გიორგიმ ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. თუ გადაწყვეტს პერსონალურად დაბრუნდეს პოლიტიკაში, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. თუმცა ეს დაამუხრუჭებაც მართებული მგონია. მას ძალიან სწორი ხედვა აქვს. პრეზიდენტობის დროს, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ბედს ყოველთვის ძალიან სწორად პროგნოზირებდა და მგონია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება გიორგის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება. ჩვენ სხვა ინტერესებიც გვაქვს. „ჰოსტელში“  ბევრი სტუმარი გვყავდა, ღვინოს ვწურავთ და მის ტექნოლოგიაში გარკვევას ვცდილობთ... პოლიტიკის მიღმა ბევრი საინტერესო რამ არსებობს, მაგრამ გიორგისნაირი კარგი კადრი მეცოდება. თავის ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ რამის გაკეთების შანსი თუ მიეცემა, ძალიან კარგი იქნება.