New York
ერთხელ და საბოლოოდ! დიახ, გვისმენენ, გვითვალთვალებენ და მეტიც... ლაშა პატარაიას მიმართვა
24 Mar. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 776

ერთხელ და საბოლოოდ! დიახ, გვისმენენ, გვითვალთვალებენ და მეტიც... ლაშა პატარაიას მიმართვა

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი, უსაფრთხოების ექსპერტი და მედიალინკის დამფუძნებელი საკუთარ Facebook-გვერდსა და CASE-ის ბლოგზე მიმართვას ავრცელებს. გთავაზობთ მიმართვას უცვლელი სახით...

2010 წლიდან დღემდე, თუ გადახედავთ მაგალითად ჩემს ინტერვიუებს ან CASE-ის კვლევებს, ამაზე უკვე მე-11-ე წელია აქტიურად ვსაუბრობთ და ზოგჯერ საკმაოდ მწვავედაც გამომსვლია, მაგრამ ეხლა საბოლოოდ მინდა გავცე პასუხი ამ კითხვას. კითხვას, რომელიც ორ სამ წელიწადში ერთხელ ზუსტად იგივენაირად მეორდება და თითქოს ხელახლა ვცვიფრდებით და გვიკვირს. გადაივსო ჩემი ინბოქსი ამ კითხვებით, ადამიანებს გონიათ რომ უსმენენ, ვერ ხსნიან როგორ იგებენ ვიღაცები მათ საიდუმლოებს, მოქალაქეებს საკუთარი სახელმწიფოსი ეშინიათ, სასულიერო პირებს მათი ცოდვების გამჟღავნების, ცოლებს ქმრების თვალთვალის და პირიქით, საჯარო მოხელეებს უფროსების, კომპანიის მენეჯერებს სხვა კომპანიების და ასე შემდეგ. ამიტომ, ერთხელ და საბოლოოდ მინდა ყველა დაგამშვიდოთ ზუსტი, ცალსახა და საბოლოო პასუხით!

დიახ, გვისმენენ, გიყურებენ, თქვენს ფაილებზეც აქვთ წვდომა თუ საჭიროა და გადაადგილების ისტორიაზეც. როდის იყიდეთ კონტრაცეპტივები და რამდენი დაგრჩათ, ვიდრე ისევ დაგჭირდებათ ეგეც აღარ არის საიდუმლო. რა ფილმები მოგწონთ, რა მუსიკას უსმენთ და რა ჟანრის პორნოგრაფია გიზიდავთ ესეც ცნობილია, ვისთვისაც საჭიროა რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს პოლიტიკურ თუ რელიგიურ შეხედულებებზე. თქვენ პირადი და საიდუმლო აღარ დაგრჩათ! ამას ვაფრთხილებდი ყველას წლების განმავლობაში, როცა ვსაუბრობდი ტოტალურ კონტროლზე, პრივატულობის ხელყოფაზე, მოსასმენი მოწყობილობებისა თუ კიბერ სივრცის საფრთხეებზე. ყველასთვის ეს მხოლოდ ძალიან საინტერესო სასაუბრო და მოსასმენი თემა იყო, რომელზეც არავინ არაფერი გააკეთა. ხან გასაღებებზე იყო საუბარი, ხან რეფორმაზე, ხან კასრებზე და ხან ქვევრებზე. აღარ დარჩა თემა, რომელიც არ გადაიღეჭა ამ სფეროში.

ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ტექნოლოგიები შეიქმნა მოქალაქეებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და თავდაპირველად მართლაც მუშაობდა ისე, რომ ათეულ ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა. იყო გადაცდომებიც რათქმაუნდა, მაგრამ ახლა... ახლა რეალობა ბევრად მძიმეა. ამ ტექნოლოგიებმა ძალიან ბევრი საფრთხის თავიდან არიდება მოახერხა, იგივე, ტერორისტული აქტების წინასწარ გამჟღავნება და სხვა. რომ არა ფარული, ლეგალური მიყურადება, ჩვენი უსაფრთხოების ის მინიმალური დონეც კი აქამდე ბევრად ადრე ჩამოიშლებოდა.

ფარული მიყურადება დიდი ხანია სცდება მხოლოდ ტელეფონს. ძირითადი ჩვენი კომუნიკაციები გადავიდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. აქ არის საუბარი, როგორც სოციალური ქსელზე, ელ-ფოსტაზე, სმარტფოუნებზე და სხვა. ყველა ეს პროგრამული უზრუნველყოფა მოწყვლადია. გზა, რომელითაც თქვენი სიტყვა, მესიჯი გადის ადრესატამდე, ცდება მხოლოდ ერთ პროგრამულ მასშტაბებს. ამ კომუნიკაციის გზაზე იმდენ მოწყვლად ადგილს ნახავთ, უცბად შეუძლებელია მიხვდეთ საიდან გადის ინფორმაცია. შესაბამისად, პრივატულობის უზრუნველყოფის საჭიროება გასცდა მხოლოდ სატელეფონო მოსმენის მასშტაბებს.

სატელეფონო მოსმენებზე ორი მეთოდია: ერთია ადგილზე და დისტანციური მოსმენა. ადგილზე მოსმენის შემთხვევაში, პოპულარული მეთოდია „ჯიესემ სიხშირის“ სკანირება, ანუ, შენზე მომაგრებულია კონკრეტული ადამიანი და გარკვეულ მანძილზე, დაშვებულ რადიუსში ახდენს კომუნიკაციის გადაჭერას და ჩაწერას. ეს ნიშნავს, რომ შენ საუბარს კიდევ ვიღაც იჭერს და შიფრავს; მეორე ვარიანტია, მოხდეს ეს ყველაფერი გლობალურად: ვიცი შენი ნომერი და, რომელიმე ქსელისა და ოპერატორის დახმარებით, განვახორციელებ შენს მოსმენას.

სანქციები, ნებართვები და ამ თემებზე კამათი ემსახურება ადამიანების თვალის ახვევას. არსებობს არაერთი ტექნოლოგია, მაგალითად IMSI, რომელიც მცირე სადგურია და ეტევა ერთ კეისში, თავისუფლად შეიძლება გადაადგილდებოდეს ადამიანი მანქანით და მთელი უბნის მასშტაბით თუ ქალაქის არა, მოუსმინოს ვისაც უნდა და როცა უნდა. ამ მოწყობილობებს ყიდიან ჩინეთში, იტალიაში, ისრაელში და გააქვთ სადაც უნდათ. საზღვარზე მისი შეტანა შესაძლებელია, როგორც ქსელური მოწყობილობა, სერვერული სვიჩი ან აპარატურული Firewall, სინამდვილეში კი, როცა ეს მოწყობილობა შევა ტერიტორიაზე, შემდეგ მყიდველს გაუგზავნიან სპეციალურ პროგრამას მასზე ჩასაწერად და ეს, უწყინარი ქსელური მოწყობილობა წამში გადაიქცევა მძლავრ სპეცსამსახურული დონის მოსასმენ სადგურად.

თუ ეს საკმარისი არ არის, არსებობს სხვა მოწყობილობებიც. მაგალითად, პარაბოლური მიკროფონი, რომელიც საკმაოდ დიდი მანძილიდანაც ახერხებს შენი საუბრის მოსმენას. მაგალითად, ვიღაც, ვინც ისმენს მიმართული მიკროფონის საშუალებით შენს საუბარს ისეთ მანძილზე, საიდანაც, შეიძლება, შენ ვერც კი შეამჩნიო, ის კი ჩვეულებრივად მოისმენს. ასევე, არსებობს ლაზერული მიკროფონი, რომელიც დახურული სივრცეებისთვისაა გათვლილი. მაგალითად, თუ გინდა სახლში რაღაცის მოსმენა, ლაზერს მიუშვერ ფანჯარას და მინიდან არეკლილი სხივით გაშიფრავ საუბარს. რეალურად რა ხდება?! ნებისმიერი ბგერა იწვევს მინის თვალით უხილავ ვიბრაციას, მის რხევას. მისი ანალიზის შემდეგ ეს ლაზერი იღებს სრულფასოვან ბგერებს იმის შესახებ, თუ რაზე საუბრობენ იმ სახლში. ამისგან დაცვის საშუალება ძალიან მარტივია – ორმაგი შუშა.

ტელეფონებს, რომ დავუბრუნდეთ, საკმაოდ ბევრი რამის გაგება შეიძლება. ერთი არის შენი პოზიციონირება, ანუ, სად ხარ იმ კონკრეტულ მომენტში. ასევე, ხდება შენი მარშრუტის დადგენა და ანალიზი – სად დადიხარ ყველაზე ხშირად, საუბრის მოსმენა ზარების განხორციელებისას და, ასევე, მაშინ, როცა არ საუბრობ. ანუ, არსებობს ტექნიკური საშუალება იმისა, რომ თქვენს ტელეფონზე დისტანციურად იქნეს გააქტიურებული მიკროფონი და მოგისმინონ.

ამას გარდა, უამრავი ფარული მოსასმენი მოწყობილობა ფლეშკების, კალმების, ნათურების, გასაღებების და სხვა აქსესუარების სახით უკვე დიდი ხანია იყიდება ამაზონზე, იბეიზე, საქართველოშიც კი ქართულ ოფიციალურ ინტერნეტ-მაღაზიებში. ქვეყანა გაძეძგილია ფარული მიყურადების ტექნოლოგიებით. არავინ არ აკონტროლებს ვინ ვის უსმენს და რას აკეთებს.

ჩემი დღევანდელი მიმართვა მართალია ძირითადად სატელეფონო მოსმენებს ეხებოდა, მაგრამ, ვერასოდეს წარმოიდგენთ რა შეიძლება ხდებოდეს თქვენს საკუთარ კომპიუტერებსა და სმარტფონებში. ასეთი შეიძლება ფილმებშიც არ გქონდეთ ნანახი და ინტერნეტში წაკითხული. ამაზე, მოგვიანებით...

ლაშა პატარაია

ერთხელ და საბოლოოდ! დიახ, გვისმენენ, გვითვალთვალებენ და მეტიც... ლაშა პატარაიას მიმართვა