New York
IFJ-იმ აფხაზეთი დამოუკიდებებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
18 Mar 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 4078

IFJ-იმ აფხაზეთი დამოუკიდებებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე (https://www.ifj.org), აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიაშია წარმოდგენილი. საყურადღებოა, რომ ვებ-გვერდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მედიის 600,000-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, MediaLink-ი დაუკავშირდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას. ვიმედოვნებთ, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. ამიტომ, მოვითხოვთ შეცდომისა და უზუსტობის გამოსწორებას. ორგანიზაციას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ იქნეს ამოღებული აფხაზეთი ცალკეული ქვეყნების სიიდან, რადგან ამგვარი დაშვება გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

წარმოგიდგენთ ამონარიდს მედიალინკის წერილიდან, რომელიც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას წარეგზავნა, ორგანიზაციის დამფუძნებლის, ლაშა პატარაიას მიერ: „თქვენ, როგორც საერთაშორისო მედია ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი დამცველი უნდა იყოთ სამართლიანობისა და სამართლის პრინციპების, რადგან თავად აპელირებთ ამავე პრინციპებზე, როდესაც გსურთ დაიცვათ თქვენი წევრი ჟურნალისტები. ჩვენთვის, როგორც საქართველოში მოქმედი მედია საშუალებისთვის მიუღებელია მსგავსი ქმედება და აფხაზეთის, რომელიც ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია ცალკე სახელმწიფოდ წარმოჩენა. ჩვენ ყოველდღიურად ვართ რუსული ოკუპაციის, აგრესიის და პროპაგანდის სამიზნე.საერთაშორისო საზოგადოებისთვის სრულიად აშკარაა თუ რა საშუალებებს მიმართავს რუსული პროპაგანდა მისთვის სასურველი ნარატივის გასავრცელებლად. დამოუკიდებელი და თავსუფალი მედიის არსი ხომ სწორედ ზუსტი, მიუკერძოებელი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებაა. ამიტომ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომა და ქვეყნების ჩამონათვალში სიის მითითებისას იხელმძღვანელოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრებითა და ნორმების დაცვით.“

აფხაზეთის, როგორც ცალკე სახელმწიფოს ჩანაწერი IFJ-ის ვებ-გვერდზე იდენტიფიცირებულია ამა წლის 18 მარტის თარიღით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი დიდი ხნის წინ არის გაკეთებული, რადგან ჩამონათვალში აფხაზეთის არჩევის დროს, გამოდის აფილირებული ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია: „აფხაზეთის ჟურნალსტთა ასოციაციის“ შესახებ. ამავე ორგანიზაციის ელ-ფოსტები წარმოდგენილია რუსული საფოსტო მისამართით mail.ru

„ჩვენ უკვე დიდი ხანია გავქრით რადარებიდან, სწორედ ამიტომ ვაგებთ ჰიბრიდულ ომსაც რუსეთთან, სწორედ ჩვენი სახელმწიფოს პასიურობა დაიცვას საკუთარი ქვეყნის პოზიციები არის ამის მიზეზი. აქამდეც მომხდარა მსგავსი ინცინდენტები, მაგრამ უმსხვილესი საერთაშორისო მედია ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება ცალსახა ინდიკატორია ჩვენი, როგორც ქვეყნის პრობლემის. დავიწეროთ Facebook ქავერებზე აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რომ ჩვენი ქვეყნის 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და არავის არაფერი მოვთხოვოთ, ეს ვერ იქნება საკმარისი. როდესაც შესაბამისი ინსტიტუციები არ ზრუნავენ ამ პრობლემაზე, მაშინ ჩვენ თავად უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს და ყველა შესაბამის მხარეს დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები და დაიცვას უფრო აქტიურად, რადგან ახლა შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბოლო წლებს ვითვლიდეთ!“

აცხადებს მედიალინკის დამფუძნებელი და უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია

მედიალინკმა უკვე მიმართა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას და ასევე მოვუწოდებთ ქვეყნის საგარეო უწყებას დაინტერესდით ამ ინცინდენტით.