New York
ჯო ბაიდენი : რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიასა და ტრანს-ატლანტიკურ ერთობას!!!
19 Feb. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 452
ავტორინათია ჩაჩავა

ჯო ბაიდენი : რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიასა და ტრანს-ატლანტიკურ ერთობას!!!

"მსოფლიო იდეოლოგიურ ბრძოლაშია - დემოკრატიული და ავტორიტარული ღირებულებების ბრძოლაში!!! ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს პარტნიორებსა და მოკავშირეებს გაერთიანდნენ თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად" - ეს განცხადება ჯო ბაიდენმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკთა. თეთრი სახლის ლიდერმა  ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებზე. პრეზიდენტის თქმით: რუსეთისა და ჩინეთის მთავარი მიზანი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესუსტებაა.

" ბევრ ადგილას; ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის პროგრესი წნეხის ქვეშ არის. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დემოკრატია გაძლიერდეს. აშშ -ს სურს მეტი თანამშრომლობა ევროპასთან , ნატოს გაძლიერება და მეტი საერთაშორისო ჩართულობა" - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში რუსეთი მუდმივად ახორციელებს კიბერშეტევებს. მოსკოვის ამ ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება კი საერთო უსაფრთხოების დასაცავად უმნიშვნელოვანესია.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკისა და ევროპისთვის ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ჩინეთი და რუსეთია. თეთრი სახლის ლიდერმა ჩინეთს მოუწოდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში სამართლიანი და გამჭირვალე იყოს. რაც შეეხება რუსეთს; ბაიდენმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევასა და მათ შევიწროვებას. ასევე ცალკეული სახელმწიფოების დაშინებასა და მუქარას.რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, პრეზიდენტმა უკრაინაც ახსენა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა , ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის იყო და კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს პრობლემად.