ცნობილი მსახიობებისგან (და არამხოლოდ მსახიობებისგან) ხშირად გაგვიგია ფრაზა -ჩემი ცხოვრება არ არის ია-ვარდებით მოფენილი. რა თქმა უნდა ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც უამრავი პრობლემა აქვთ, მითუმეტეს დღევანდელ დროში. უბრალოდ, ასე გვგონია, რადგან ცნობადი სახეები არიან, მათ არ შეიძლება ყოფით ცხოვრებაში რამე უჭირდეთ, არადა უჭირთ. ზურა ყიფშიძე სწორედ ის მსახიობია, რომელმაც მართლაც ბევრი სირთულე გამოიარა. იგი ბოლომდე პატრონობდა დედას, დეიდებს, შემდეგ გაჩნდა სხვა მორიგი პრობლემები - ჯანმრთელობის. მსახიობის ცოლს ლელა გოცირიძეს და ქალიშვილს ლენუკას რამდენიმიე წლის ძალიან საშიში დაავადება, თავის ტვინის ანევრიზმა აღმოაჩნდათ, სასწრაფოდ ჩაუტარდათ გეგმიური ოპერაცია, რაც სერიოზული თანხები დაჯდა საზღვარგარეთ. ამ მომენტისთვის ყიფშიძეების ოჯახი სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. ოჯახმა, გუდიაშვილის 2 ნომერში მდებარე სახლი, რომელიც ზურაბ ყიფშიძის სიმამრისაა, აუქციონის წესით დაკარგა. ისინი ჩვეულებრივი თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ. მათ ახლა ‘საქართველოს ბანკს“ უნდა გადაუხადონ 280 ათასი დოლარი, მაგრამ არაფერში. ამ სიტუაციის შესაბამისად კიდევ ჩნდება დამატებით პრობლემები. შეიძლება ზურაბ ყიფშიძის ოჯახი საერთოდ უსახლ-კაროდ დარჩეს, სადაც ამჟამად ცხოვრობენ და მის ცოლ-შვილს გაუმეორდეს ანევრიზმა ნერვიულობის ფონზე, თუმცა ამ ამბავს უკვე შეეწირა ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. ამ ყველაფერზე თავად ქალბატონი ლელა გოცირიძე მოგიყვებათ, ვინაიდან ბატონ ზურასთან საუბარი ვერ შევძელით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აღნიშნულმა სიტუაციამ შეუქმნა.
_ ქალბატონო ლელა. გვიამბეთ საიდან, როგორ დაიწყო თქვენი ეს ამბავი ბინასთან დაკავშირებით, რა ბინაზეა საერთოდ ლაპარაკი, რომ გვითხრათ.
_ მამაჩემის ბინაზე, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემზე და ჩემს დაზე გადმოვიდა. ეს არის გუდიაშვილის 2 ნომერი. ისე, ჩვენ ხილიანზე ვცხოვრობთ, დედაჩემის სახლია ეს. მოკლედ, ერთ დღეს გადავწყვიტეთ გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა გაგვაქირავებინა შემოსავლის წყაროს მიზნით რათქმაუნდა. კულტურულ ძეგლთა სიაშია შესული და ვიფიქრეთ კარგად გაქირავდება ან სასტუმროდ შეიძლება გამოდგეს. რემონტის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ბანკი არ მოგვცემდა თანხას. ბოლოს, ჩემი შვილის, ლენუკას მეგობარმა ბიჭმა შემოგვთავაზა: ასეთი და ასეთი კომპანიაა, რომელიც გასაქირავებელ ბინებს ეძებსო და დაგეხმარებიანო. გაგვეხარდა. მე და ჩემმა დამ დავრეკეთ. სამუშაო საათების დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაგვიბარეს. მაშინვე შევთანხმდით. გადმომიღეს ხელშეკრულება, 94 ცალი ფურცელი იყო. დავხედე, გადავირიე. უწვრილესი ასოებით ეწერა. მაჩქარებდნენ ხელის მოწერას - ვიკეტებით და მალეო. მე ვუთხარი: ეს ამდენი წვრილი შრიფტით ნაბეჭდი ათ წუთში როგორ წავიკითხო, დამაცადეთ, იქნებ რაზე მაწერინებთ ხელს-მეთქი - ხუმრობით ვთქვი. არა ქალბატონო, რა რაზე გაწერინებთ ხელს, სტანდარტული პროცედურააო - გაეცინათ. კარგით-მეთქი და მოვაწერე. დაიმედებული წამოვედი, რომ გავაქირავე. დაახლოებით ორ თვეში მომდის წერილი „საქართველოს ბანკიდან“. გთხოვთ გადაიხადოთ ამ თვეების პროცენტები ან მთლიანი თანხა 280 ათასი დოლარი დააბრუნოთო. გადავირიე, რა 280 ათასი დოლარი უნდა დავაბრუნო. ვიფიქრე, აქ ნამდვილად რაღაც შეცდომაა და წავედით ბანკში. მთავარ მენეჯერს იურისტს ვეუბნები: რაღაც შეცდომაა ნამდვილად. მე ბინა გავაქირავე. აქ, 280 ათასი დოლარი წერია, რომელიც ჩვენ არ გაგვიტანია ბანკიდან. 280 ათასი ლარი კია არა, ერთი ლარიც არ გაგვიტანია ბანკიდან-მეთქი. არ ვიცით ქალბატონო, თქვენ იპოთეკაზე გაქვთ მოწერილი ხელიო და გადმოგვიღო საბუთები. მე ვეუბნები: რას ბრძანებთ. გაქირავებული მაქვს ბინა, რა იპოთეკა. სიტყვა იპოთეკაც დღემდე არ ვიცოდი-მეთქი. შეიძლება იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ დამიჯერეთ მაშინ, მართლა პირველად ვიყავი ბანკში, არც ვიცი საერთოდ ეს პროცედურები, რა, როგორ ხდება. თან, ის მიხაროდა რომ ეს არ არის ვინმე კერძო მევახშე და არის სახელმწიფო ბანკი.
_ და რა მოხდა?
_ იმათ აუღიათ, კომპანიის ხალხს და რომ ვეღარ გადაიხადა იმ ბიჭმა, მე დამიტოვა. ასე აქვს ბანკიდან ფულები გამოტანილი სხვებისაც. ვეუბნები ბანკს: კი მაგრამ, ყველგან გიყენიათ ეს სათვალთვალო კამერები, ნახეთ რომ მე არ მაქვს გატანილი ეს თანხა. არა, ეს ბანკის არ არისო. მაშინ ტელეფონებში ნახეთ ვისთან რას ვლაპარაკობ, ხომ უსმენთ ამ ტელეფონებს, არ არის დიდი დრო გასული. რამე იღონეთ-მეთქი. მერე დავუკავშირდით იმ ბიჭს, ლენუკას მეგობარს ვინც მიგვიყვანა ამ კომპანიაში. იმ ადამიანმა ჩართო თავის ადვოკატი. ეს ბიჭი ძალიან შეწუხდა: ვეღარ გითხარით, იმან, რამდენიმე თვეში, რაც ჩაიდო ეს ბინა ბანკში, თქვა რომ მე საქმიდან გავდივარო. მოკლედ, მე უკვე ამ ბიჭთან მქონდა საქმე, წივილ-კივილი ყოველდღიური ჩხუბი. მერე დაგვირეკა მაგ კომპანიის ადვოკატმა და გვეუბნება: თქვენ არ ინერვიულოთ, მე თვითონ ვივლი სასამართლოში პროცესებზეო. ჩვენ, მე და ლენუკა ახალი ნაოპერაციები ვიყავით ანევრიზმაზე.(ეს არის თავში ნამდვილი ნაღმი, რომელიც როდის აფეთქდება, არავინ იცის) მოკლედ, რომ მეგონა ეს ქალი ჩვენზე ზრუნავს, თურმე თავის კომპანიაზე ზრუნავს. სასამართლომდე არ მიგვიშვა. თავიდანვე ვიყავთ განწირულები როგორც მივხვდი. ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი. საქმე გადაეცა პრობლემური სესხების კომპანიას. იქედან რომ დაგვირეკეს, ზურა ადგა და მივიდა. მანამდე ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვინც გვითხრა თავიდან ამ კომპანიაზე, ლენუკას მეგობარმა, იმ ბიჭმა საწყალმა თავი მოიკლა ამ უხერხულობის გამო. კინაღამ დავწყდით, ისეთ დღეში ჩავვარდით. ამ კომპანისს ხელმძღვანელმა კი აღიარა, რომ მე ნამდვილად მაქვს 120 ათასი დოლარი ბანკის ვალი, მაგრამ გავკოტრდი და არ მაქვს გადახდის საშუალება. მე ვუთხარი: რას ჰქვია არ აქვს საშუალება. იმან ფულები გაიტანა მე რა შუაში ვარ. მე უბედურებისგან ბინას ვაქირავებ, ამხელა ოჯახი მაქვს, აღარ ვიცი რა ვუყო ამხელა ოჯახს, ყველა უმუშევარი ვართ ისედაც და კიდევ მე უნდა დავზარალდე. რომელი კანონია, სადაური წესია ეს, თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ-მეთქი. დაგვაწერინეს განცხადება, მაგრამ არც არავის მივუღივართ. ბანკის პრეზიდენტს უნდა შევხვედროდით. მერე გვითხრეს, რომ პრეზიდენტი ასე, ყველას არ ხვდებაო. მოკლედ, ის განცხადება დარჩა განცხადებად. არვიცი. ზურას თუ ასე გაუკეთებდნენ რას ვიფიქრებდი. ზურამ აუხსნა სიტუაცია, რომ ასე და ასე მოხდა, აგერ ბიჭმა, ვინც გვირჩია ეს კომპანია, უხერხულობის გამო თავი მოიკლა. კიდევ გაყიდვაზე ლაპარაკობთ თქვე კაი ხალხნოო? ეგება დამაცადოთ ცოტახანს, რაღაცნაირად შევაგროვებ თანხას, ვისესხებ, რაღაცას გავაკეთებ, მერე რომ გავყიდი ბინას, დაგიბრუნებთ, ოღონდ ცოტა დრო მომეცითო. კი ბატონო ზურა, რაზეა ლაპარაკი. მოაგვარეთ ეს საქმე. 12 თვე თქვენიაო. დავიწყეთ ფიქრი, საიდან მოვიპოვოთ ახლა ეს ფული რომ გამოვისყიდოთ ბინა ბანკიდან. მოკლედ, 12 თვეს ხომ შეჰპირდა ის კაცი ზურას. მანაც მოატყუა. ის იყო სიტყვიერი შეთანხმება, არსად არ წერია რომ ეს ასე იყო. ცოტახანში ვიღაც გოგო რეკავს და გვეუბნება: მე ესა და ეს ვარ ამა და ამ კომპანიიდან. იცით, თქვენი ბინა აუქციონზე იყიდესო. მე ვუთხარი: როგორ, არ გაუტანიათ ჯერ აუქციონზე-მეთქი. როგორ არა ქალბატონო, ორჯერ გავიტანეთ აუქციონზეო. ესე იგი ზურას რომ თანხმობა მისცა, 12 თვე, ადგნენ და მაინც გაიტანეს. ესეც კანონდარღვევაა. ხომ უნდა გვცოდნოდა? იქნებ უკვე ვიშოვე ფული და ვიხსნი. მერე ამათ დაიწყეს ჩვენზე საშინელებების კეთება. მერე ვიღაცეებმა შეუთვალეს მას, ვინც იყიდა: ნუ იზამთ ასე, ცნობილი მსახიობია, მამა-პაპისეული სახლია, რაღაც გაუგებრობა მოხდა, ჯერ კიდევ გასარკვევია სიტუაცია, ამიტომ იქნებ დაუბრუნოთ პატრონს და რამე სხვა შეიძინოთო. ცოტახანში მირეკავენ და მეუბნებაინ - კი, თანხმა არისო, ოღონდ სამ დღეში უნდა მოიტანოთ ფული. არცერთი წუთით არ უნდა დააგვიანოთ და არცერთი ცენტი არ უნდა აკლდესო. ზღაპარში რომ არის _ არც მშიერი მოხვიდე და არც მაძღარიო, ეგ თემაა...
_ ფული იშოვეთ?
_ მოკლედ, რაღაც სასწაული მოხდა. ჩვენი მეგობრები დატრიალდნენ და შეგვიგროვეს 120 ათასი დოლარი. მივედით დანიშნულ დროს. ჩემი დის მეგობარმა ადვოკატი გამოგვაყოლა, რომ კიდევ რამე შარში არ გაეხვეთო. ვდგავართ ახლა. გავიდა ხუთი წუთი, გავიდა ათი წუთი, თხუთმეტი. არ მოვიდნენ. რეკავენ. მოლაპარაკების კითხვები არ მოეწონათ და იქნებ გადააკეთოთო. კარგითო - უთხრა ადვოკატმა. ეს გაწყობთო - კიო. ყოველ 15 წუთში ერთხელ რეკავდნენ. ჩვენ სიცხეში, უბედურებაში ვიდექით ამდენი ხანი, არადა არ მოვიდნენ. კიდევ დარეკეს, ისევ რაღაც მოთხოვნები... კიდევ გადააკეთა ამ ადვოკატმა. ბოლოს იმით დამთავრდა, რომ ჩემი და ცუდად გახდა, გული წაუვიდა ქუჩაში და დავარდა. ეს ბიჭი, ადვოკატი, ძალიან წყნარი ადამიანი, გადაირია - ეს რა ხდებაო. უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა. ისევ რეკავენ: ჯერ ფული გადმომირიცხე და მერე მოვაგვარებთ საბუთებსო. ამ ადვოკატმა, უკვე არ მომწონს ეს საქმეო. საღამომდე იქ ვიდექით. საღამოს ისვე ზარი გაისმა. თქვენ არ მოხვედით თავის დროზე, არაფერი არ გააკეთეთ, ამიტომ ანულირება მოხდაო ამ საქმისო. დაიწყო სასამართლო პროცესები. ჩვენ ვთქვით: არ გავალთ ამ სახლიდან, არ შეგიშვებთ ცოცხალი თავით. ამიტომ დაამთავრეთ. ვერ შევა ვიღაც უცხოელი დეგენერატი. წავაგეთ. ვერაფერი ვერ ვქენით. მაინც ვერ შევიდა ის ადამიანი ჩვენს სახლში. 4 მარტს მომდის კიდევ ახალი წერილი - დავამთავროთ ეს დავა, შევიდეს ეს კაცი. გთხოვთ პასუხი გაგვეცით რამდენიმე დღეშიო. თუარადა, ამ პანდემიის პერიოდში ბიზნესს რომ აკეთებდა ეს კაცი, უცხოელი და ჩაუვარდა საქმეები, თურმე ამასაც მე დამაკისრებს - ასე შემოგვითვალეს. ამ სახლსაც გამიყიდიან სადაც ახლა ყველა ერთად ვცხოვრობთ და გაგვიშვებენ ქუჩაში.
_ ის, რომ რეალურად თქვენ არ აგიღიათ არანაირი ფული ბანკიდან და პლუს თქვენ ავადმყოფობა, ვინმემ მაინც გაითვალისწინა?
_ არა რათქმაუნდა, ვის აინტერესებს ის რომ მე და ჩემმა შვილმა უმძიმესი ოპერაცია გადავიტანეთ და მინიმუმ სამი წელი რეაბილიტაციაში უნდა ვიყოთ. არავის არაფერი არ აინტერესებს, მაგაში დიდი ხანია დავრწმუნდი. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაშიც, რომ ამ ქვეყანაში კანონი არ გვაქვს. მე არ ვცნობ მსგავს კანონებს, ყველაფერი მაგათთვის არის მოგონილი და მათი მოგონილია ეს კანონები. ვიღაცამ რაღაც იმაიმუნა და სხვა უნდა დაზარალდეს. ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ ფული ავიღეთ, დაბრუნება არ გვინდა და გავყვირით პრესაში, ტელევიზიაში, სოციალურ ქსელში, ყველგან - გვიშველეთ ხალხო!!!
_ მე ერთი ვიცი მხოლოდ: ჩვენ რომ გვიდონდეს უცხოეთში ბინის ან მიწის შეძენა, ასე მარტივად ვერ შეიძენ. იქამდე ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი. ჩვენთან კი, რატომღაც ძალიან მარტივად იყიდება უცხოელზე ყველაფერი.
_ ხო, აი, იმ უცხოელს ყველაფრის უფლება აქვს და ჩვენ დაუცველები ვართ. არ მესმის ეს. თუ დაიწყება ამ უცხოელების საქართველოს მიწა წყალზე დასახლებასთან დაკავშირებით რამე დიდი აქციები, ამბავი, მეც შემოვუერთდები. ზურას ცხოვრებაში არავისთვის არაფერი უთხოვია. ახლა ამიტომ არის ცუდად და ნერვიულობს, რომ ეს არ შეუძლია. პირველად მივიდა ბანკის საქმეზე და ისიც ასე მოატყუეს, გადააგდეს.
_ ქმრის დაუკითხავად წახვედით? არც თქვენს შვილს გიორგის კითხეთ? ძალიან გაბედული ყოფილხართ, რომ ასეთი სერიოზული საქმე დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ და ოჯახიდან მამაკაცები არ გაიყოლეთ.
_ ზურამ მხოლოდ იცოდა, რომ ვიპოვეთ ვიღაც ვინც დაგვეხმარება გაქირავებაში. ჩვენ ყველამ ვიფიქრეთ გავაქირავებთ და ცოტა გვეშველება. მსახიობის ხელფასი ხომ იცით როგორიც არის? 12 კაცი ვზივართ ზურას ხელფასზე, წარმოიდგინეთ. ზურა ჩემზე უარესი ბრიყვია, აზრზე არ არის იურისპრუდენციის და ასეთი რაღაცეების. მერე გავერკვიეთ ამ ტერმინოლოგიებში. ჩემს გარშემო იურისტები, ადვოკატები არავინ არ არის, იმიტომ რომ არასდროს დამჭირვებია და მეორეც, უფასოდ ვერავის ვერ მოსთხოვ იმუშაოს, უხერხულია. ამიტომ როცა მივდიოდი ამ კომპანიასთან მოსალაპარაკებლად, ადვოკატი არ მახლდა თან. რატომ არ მიხვდით იურისტთან ერთადო -ზურამ. კი გვისაყვედურა, მაგრამ სად მყავდა იურისტი. მაგარ შარში ვართ და კიდევ ამაზე ვიღაცამ რაღაც დაიწყოს, შევაკვდები, გეფიცებით. ამდენ ნერვიულობაზე ასთმაც დამემართა, კლინიკაში ორჯერ გულით ვიწექი. ვიღაცას რატომ უნდა შერჩეს ოჯახის ამდენი ნერვიულობა. ტვინში სისხლი როგორ არ ჩაგვექცა. მსგავსი რამ კინოშიც არ მინახავს.
_ კინოში ვერც ნახავდით, იმიტომ რომ ასეთი რაღაცეები მარტო საქართველოში ხდება.
_ უნდა გენახათ, ვიღაც ორი გოგო, უზრდელები. როგორ ელაპარაკებოდნენ ზურას, აგდებულად. ერთმანეთს უყურებდნენ და ქილიკობდნენ. მაიმუნობა და გოთვერნებამოწონს ამ ხალხს. მივხვდით რომ ამათთან არც უნდა გამოვაჩინოთ ეს ფული, თავიანთ ნოტარიუსთან მიგვიყვანეს. ვატყობდი წართმევა უნდოდა. ჩქარა მოაწერეთ ხელი, ჩქარა ჩქარა... კიოდენენ. გადავირიე-მეთქი რა ხდება, სადა ვარ, ვისთან მაქვს საქმე ეს?.. საწყალი ბიჭი, მან მხოლოდ გვირჩია და ასე დასრულდა ყველაფერი, ჩვენს ამ ამბავს შეეწირა, მას კიდევ დედამისი შეეწირა.
_ იმ კომპანიის მსხვერპლი მხოლოდ თქვენ არ იქნებით. მიკვირს ასეთი ამბები რომ ხდება ქვეყანაში, ამხელა თანხებს რომ ითვისებენ ასე ღიად და აშკარად და არაფერს არ აკეთებს ან შსს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უცნაურია მართლა. მე ადვოკატებზეც მსმენია და ვიცი კიდე, რომლებიც ასე ატყუებენ კლიენტებს და ქრებიან.
_ კი, კი. მერე როგორც აღმოჩნდა იმ ბიჭს, საერთო ჯამში ბანკიდან ასე გატანილი ჰქონია. რავიცი, მე რომ მინდოდა სესხის გატანა ბინის გასარემონტებლად, დარწმუნებული ვიყავი არავინ მომცემდა და იმან როგორ გაიტანა ამხელა თანხა? ალბათ ბანკში, შიგნით ჰყავდა ვიღაც ვინც დაეხმარა, თირემ სხვანაირად როგორ?
_ აჰა. რაღა ესებუა და რაღაც ეგ ტიპი. კარგით. რას აპირებთ ახლა?
_ მე თვითონ ამოვხოცავ ყველას, ვისაც გავიგე, რომ რამე კავშირი ჰქონდა ამ ამბავთან, სხვა გზა არ მრჩება, ისე ვარ გამწარებული. მთელი ოჯახი ვეწირებით. მეხუთე შვილიშვილს ველოდებით მაისში, სიმშვიდე, სიწყნარე გვინდა, ჩვენი სახლი გვინდა დავიბრუნოთ. ვიღაცამ დაწერა სოციალურ ქსელში. რატომ მრავლდებიან მაშინო. რაღაც მინდა ხოლმე ამაზე ვთქვა და თავს ვიკავებ მართლა. იურისტები მეხმარებიან. ბევრმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ისევ მისვლას ვაპირებდი და არავითარ შემთხვევაშიო - მირჩიეს. ყველაფერში მხარში დაგიდგებით რაც შემიძლიაო.
ეკა პატარაია
წყარო: თბილისელები