New York
რატომ დაუწუნა თემურ ბაბლუანმა შვილს გელა ბაბლუანს ამერიკული თრილერის „13“ სცენარი და რა ურჩია მან
კატეგორიაკულტურა
ნახვები: 557

რატომ დაუწუნა თემურ ბაბლუანმა შვილს გელა ბაბლუანს ამერიკული თრილერის „13“ სცენარი და რა ურჩია მან

ბაბლუანების ყოველი გამოჩენა თბილისში დიდი ინტერეს და სიხარულს იწვევს, რადგან ვიცით თუ რამდენად წარმატებულია ეს ოჯახი საფრანგეთში. საფრანგეთში თავდაპირველად ბაბლუანების ოჯახის უმცროსი წარმომადგენლები წავიდნენ, ისწავლეს, დიდი პრაქტიკა მიიღეს კინოხელოვნებაში, შემდეგ მშობლები წავიდენენ და ერთად მოღვაწეობა დაიწყეს. თემურ ბაბლუანის სახე საზოგადოებას ალბათ უფრო სატელევიზიო ფილმიდან „კუკარაჩა“ ახსოვს, სადაც ის მთელი შესაბამისობით განასახიერებს მურტალოს. თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები:  „ბეღურების გადაფრენა“ ,„ძმა“, ''უძინართა მზე“.  ასევე ავტორია რამდენიმე დოკუმეტური ფილმისა. ბაბლუანის „უძინართა მზე“, მიუხედავად მისი მძაფრსიუჟეტისა, დღემდე ნაწილი კონომოყვარულთათვის სასიამოვნო ფილმადაა მიჩნეული, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მაგალითად, რეჟისორს თავისი ბავშვობის მეგობრის გუჯა ბურდულის ნაცვლად თავდაპირველად ბევრი მსახიობი ჰყავდა გასინჯული, ერთ-ერთი ასეთი ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო, მაგრამ  გელა ექიმის როლი ისევ გუჯა ბურდულმა განასახიერა. მოკლედ, ამჟამად თემურ ბაბლუანი თბილისშია. მართალია რეჟისორს ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ექსკლუზიურ ინტერვიუზეც მაინც დაგვთანხმდა.     

_ ბატონო თემურ, გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხება კინოსთან. რამ მოახდინა გავლენა თვქენს მომავალ პროფესიაზე?

_ ძალიან პატარა ვიყავი პირველად რომ ვნახე ეკრანი. დედამ წამიყვანა. მაშინ დარბაზი არ იყო, ზეწარი გააკრეს, ყველა თავთავის სკამით იყო მოსული, მერე მოიტანეს კინოაპარატი, რომელიც მახსოვს ძალიან რიხინებდა, ამ ეკრანზე  გამოჩნდა ქუჩები, სახლები... რაღაც სასწაული ხდებოდა. ყველა გაოცებულები ვუყურებდით. გავიქეცით ბავშვები და უკანა მხრიდან ვაკვირდებოდით საიდანაც ჩნდებოდა ეს ყველაფერი ეკრანზე. აი, ეს იყო ჩემი პირველი შეხება კინოსთან. მერე გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად. ექვსი წლის ვიყავი.  აქაც, ყველაზე საინტერესო რაც ხდებოდა, ხდებოდა ეკრანზე. სკოლაში არ მივდიოდით და მივდიოდით კინოში. თუ ძალიან კარგი ფილმი იყო, ორჯერ და სამჯერ ვუყურებდით. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს ახალ, ახალი ფილმი გამოდიოდა. საბჭოთა კავშირი  წელიწადში 150 ფილმს თვითონ აწარმოებდა და  150-ს ყიდულობდნენ საზღვარგარეთ. ასე, რომ ძალიან ბევრი ფილმი ხვდებოდა საქართველოში. ეს იყო ჩემი ცხოვრების სერიზოული ნაწილი.   

_ თეატრი რამდენად მოგწონდათ?

_ სხვათაშორის თეატრში არ დავდიოდი. თეატრზე, ჩემდასამწუხაროდ წარმოდგენა არა მაქვს. სულ ერთი სპექტაკლი მაქვს ბოლომდე ნანახი ცხოვრებაში, ისიც იმიტომ რომ ჩემი მეუღლის სადიპლომო სპექტაკლი იყო. არ მაინტერესებდა თეატრი. კინოში უფრო მეტი სინამდვილეა. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ თითქოს თეატრის საწინაარმდეგო მაქვს რამე. პირიქით, ძალიან კარგი ხალხია თეატრში და ძალიან კარგი ხალხი აფასებს სწორედ თეატრს ვიდრე კინოს, მაგრამ ჩემი სამყარო კინო იყო და დარჩა.  

_ რეჟისორი რომ არა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყავით?

_ სხვადასხვა ინსტიტუტებში ვსწავლობდი _ იურიდიულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე. არცერთი არ დამიმთავრებია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა ასეა. ჩვენ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, სახურავზე გვქონდა პატარა ოთახი-სხვენი, მთელი ქალაქი ჩანდა. იქ მეძინა. ერთ დღეს მამა დამესიზმრა. მითხრა: რა გინდოდა იურიდიულზე, შენ ვინ მოგცა უფლება ადამიანების ბედს შეეხო და განაგო. ეგ არ არის შენი საქმე, აგრონომიულზე მაინც ჩაგებარებინაო. რომ გავხილე თვალები მეგონა ახლახანს აქ იყო. მესამე კურსზე ვიყავი მაშინ, ჰოდა მორჩა,.იმ დღიდან აღარ წავსულვარ. ხელი ჩავიქნიე.   

_ რა საინტერესოა. როგორ ფიქრობთ. იურიდიულს, რომ გაყოლოდით როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება?

_ ვერ გავაგრძელედბი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არაფერი  გამოვიდოდა, უბრალოდ, ვერ გავბედავდი, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მამაჩემი ტყუილა არ დამესიზმრებოდა. როცა აკეთებ რაღაცას, შინაგანად უნდა ეთანხმებოდე ან არ უნდა ეთანხმებოდე.  მე ვფიქრობ,  ეს მაინც ინერციით მოხდა. მაშინ  ყველა  სამედიცინოზე და იურიდიულზე გარბოდა. ეგ კი არადა, მე ახლაც არამგონია კარგად ვიცოდე რა მინდა. დედა ძალიან წუხდა და განიცდიდა, რომ ვიწყებდი სწავლას და მერე თავს ვანებებდი. მერე გაიხსნა თეატრალურში კინოფაკულტეტი და იქ ჩავაბარე.  

_ როგორ იწყებდით კინოში?

_ რეზო ჩხეიძემ გადაიღო „ღიმილის ბიჭები“ და იქ ამიყვანეს, პატარა როლი მომცეს. თუ რამე ვისწავლე, ვისწავლე იქ, მაგრამ შეხების საშუალება უკვე როგორც ასეთი, რომ მეც გამეკეთებინა რაღაც, მომცა კინოფაკულტეტმა. ჩემი პედაგოგი იყო თენგიზ აბულაძე,  ძალიან საინტერესო და ღირსეული პიროვნება. მან თქვა: მე თქვენ რეჟისორობას ვერ გასწავლით. რეჟისორობას სწავლობენ ან ოც დღეში ან 300 წელიწადში. ჩემთან თქვენ შეიძლება ისწავლოთ უფრო ჯანმრთელი დამოკიდებულება კინოსადმი და  ცხოვრების დანახვა. შეგიყვანთ შუა მდინარეში, მერე გადმოგყრითო. 

_ რამეს ნანობთ ცხოვრებაში თუ თვლით რომ ყველაფერი ისე გაიარეთ, როგორც უნდა გაგევლოთ?

 იცით, იმდენი რამ მაქვს სანანებელი, მაგრამ მაგისთვის არ  მცალია. რა თქმა უნდა ადამიანი ვარ და მილიონი შეცდომა მაქვს დაშვებული, სხვნაირად არ გამოდის.

_ მეუღლე რამდენად გეხმარებოდათ პროფესიულ საქმიანობაში, რამდენად გედგათ მხარში. ეს ხომ მნიშვნელოვანია ხელოვანი კაცისთვის და არამხოლოდ?..

_ საერთოდ კაცი არის ისეთი, როგორი ცოლიც ჰყავს! კაცს როდესაც სახლში მისვლა გიხარია, მემგონი აღარაფერზე არ უნდა ილაპარაკო, ოღონდ შენი მისვლაც უნდა უხაროდეთ. მხარში ყოველთვის უდგას ცოლი ქმარს, ქმარი ცოლს. ხელის შეწყობა ის არის, როდესაც ქალმა თავის საქმე იცის და თავის საქმის, ოჯახის, იმ სიტუაციის ერთგულია, ესაა მთავარი. ასევეა კაციც. ოჯახს რა უნდა დააბრალო კაცმა? არვიცი. 

_ იცით, თქვენი გარეგნობიდან, მურტალოს როლიდან გამომდინარე  ყოველთვის მეგონა, რომ ძალიან მკაცრი ადამიანი ხართ ცხოვრებაში, ოჯახში, გადაღებებზე, მაგრამ ახლა გიყურებით და ვხვდები რომ სულაც არ არის ასე. უბრალოდ მკაცრი იმიჯი გაქვთ. 

_ მე მკაცრი? არა, რატომ? გააჩნია. როცა თავი უნდა დაიცვა კი, მაგრამ ეს სიმკაცრე  ოჯახთან არაფერ შუაშია, არც გადაღებასთან. 

_ როდის გახდით დამოუკიდებელი პიროვნება?

_ ფინანსურად არასოდეს გვილხინდა. მამა ადრე გარდამეცვალა. პატარა და მყავდა, დედა ავადმყოფი ქალი იყო.  იძულებული ვიყავი მემუშავა. 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. დილას მივდიოდი სკოლაში, ორის ნახევარზე სკოლა მთავრდებოდა და სამ  საათზე უკვე მივდიოდი სამუშაოზე. ბალნეოლოგიური კურორტის ქვემოთ საზეინკლო სახელოსნო იყო და იქ ვმუშაობდი მუშად ცხრა საათამდე. ვცდილობდი ჩემს დას ჰქონოდა კარგი ჩასაცმელი, ფეხსაცმელი. პირველი ხელფასი რომ ავიღე ჩემს დას კაბა, ვუყიდე, დედაჩემს ფეხსაცმელები. ვიცოდი, რომ გაუხარდებოდათ და მეც მიხაროდა.  

_ თქვენ და თქვენმა მეუღლემ როგორ გაიცანით ერთმანეთი?

_ პირად თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ არაუშავს. გეტყვით. თეატრალურში რომ ჩავაბარე, პირველ დღეს რაღაც ღონისძიება იყო. მესამე სართულზე იყო სააქტო დარბაზი. ვიჯექი. გამოაცხადეს, რომ ეხლა ლექსს წაიკითხავს ესა და ეს. დავიღალე და გარეთ გამოვედი. სიგარეტს ვეწეოდი. უცებ, ისეთი მაგარი ტაში გავიგონე... მეთქი_ ვინ იყო, რა წაიკითხა ასეთი. მერე გავიარ-გამოვიარე, დავინახე ვიღაც პატარა გოგო ზის და აჩქარებული სუნთქავს. ცუდად ხომ არ ხართ_მეთქი. ვკითხე. არაო.  მივხვდი რომ ეს, ის იყო ლექსი რომ წაიკითხა. ასე გავიცანი. მთავარია ადამიანი გიყვარდეს, მერე ყველაფერი სხვანაიარად მიდის ცხოვრებაში. 

_  90-იან წლებში საქართველოდან წახვედით, მაშინ როდესაც უკვე საკმაოდ პოპულარული იყავით თქვენი ფილმებით. საფრანგეთმა კიდევ უფრო გაამყარა ბაბლუანების სახელი კინოში. ახლა ალბათ აქ რომ დარჩენილიყავით, თქვენც იმ რეჟიოსრთა რიცხვს მიეკუთვნებოდით, ვინც ვეღარაფეს ქმნის კინოში, რადგან „ქართული ფილმი“, ქართული კინოინდუსტრია აღარ არსებობს.  

_ მე არსად წავსულვარ. ჩვენ განვაგრძობდით მუშაობას. მაშინ გავაკეთეთ პირველი კორპროდუქცია ფრანგებთან, გერმანელებთან, ინგლისელებთან, მერე ევროკავშირის დაკვეთით ვმუშაობდით,     დოკუმენტური ფილმებზე შეკვეთები გვქონდა. ასე, რომ... 90-იან წლებში ბავშვები  წავიდნენ სასწავლებლად. (ოლიკო, გელა, სოფო, გიორგი) ერთი ქართველი ებრაელი მეგობარი მყავდა, ადრე გაიქცა საფრანგეთში, ემიგრანტი იყო და 1988 წელს, როდესაც კანის ფესტივალზე ვიყავი, სადაც ჩემს ფილმს „ბეღურების გადაფრენა“ უჩვენებდნენ, იქ შემხვდა და ის დამეხმარა ბინაზე, რისი საშულებაც მატერიალურად მე არ მქონდა. პერიოდულად ჩამოვდივარ, მივდივარ, ახლა დიდიხანის არ ვყოფილვარ.  

_ თქვენი შვილის გელა ბაბლუანის პირველ ნამუშევარზე რა აზრის ხართ. მან გადაიღო ამერიკული თრილერი  „13“, რომელშიც ნამდვილი კინოვარსკვლავები თამაშობენ_ მიკი რუკი, მაიკლ შენონი, 50 ცენტი, ბენ გაზარა, რეი ვინსტონი, ჯეისონ სტეტჰემი და,  ზოგადად იმ განსხვავებებზეც რომ ვისაუბროთ, რომელიც კინოში არსებობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის.   

_ გელამ გადაიღო ფილმი, არაუშავდა, მერე ერთად გადავიღეთ, იმასაც არაუშავდა და ასე, გაგრძელდა გელას კინოში მოღვაწეობა. რაც შეეხება კინოწარმოების საშუალებებს, ძალიან სწარაფად ვითარდება. შეიცვალა გადაღების საშუალებებები, თავისთავად მანერაც. ადრე სულელური კანონმდებლობა იყო. კინოტექნიკა, რომ შემოდიოდა იმ ტექნიკის ღირებულების სერიოზული პროცენტი უნდა გადაგეხადა, რაც ძალიან აფერხებდა კინოწარმოებას. ფილმის ბიუჯეტი არ იყო სულ  იმხელა, როგორი თანხებიც ტექნიკას მიჰქონდა. ამან სერიოზული უხერხულობა შექმნა. მერე, საფრანგეთის საელჩომ, რადგან ფრანგული ფილმი იყო,  თავი მოვალედ ჩათავალა  დაგვხმარებოდა. გამონახეს ვიღაც, ვინც თავდებად დადგა.   

_ როგორ მოიპოვება ფილმისთვის ბიუჯეტი. იქაც კონკურსი უნდა გაიარო?

_ ყველგან პრობლემააა კინოსთვის ფული. იქ არის  ფილმპროდუქციონი ანუ კინოსტუდია, რომელიც აწარმოებს ფილმებს. ჯერ ღებულობს პროექტებს. თუ შევიდა ისეთი სცენარი, რომელიც  აწყობს, შემდეგ იწყება „ფინანსური მონტაჟი.“ არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ფილმებს თუ მათთვის საინტერესო იქნება. ასე, რომ კონკურსი თუ არ მოიგე ისე  ფულს არავინ მოგცემს. ამას კი, სჭირდება დრო, სწარფად არ ხდება. კომეცრიცული კინოსააგენტოებში, ჩვენ რომ ბლოგბასტერებს  ვუწოდებეთ, იქ კიდევ სხვა სიტუაციაა. 

_ მაგრამ იმ მოკლე თუ გრძელ პერიოდში, სანამ თქვენ ბიუჯეტს დაგიმტკიცებდნენ თუ არ დაგიმტკიცებდნენ რას აკეთებდით? როგორ ცხოვრობდით ამხელა ოჯახით. აქაც და უცხოეთშიც ერთი დღე მაინც თუ გაჩერდი უმუშევრად, ძალიან აისახება შენს ჯიბეზე. ასე არ არის?

_ არასდროს მქონია ბევრი ფული და სიმართლე გითხრათ? არც მინდა რომ მქონდეს. მონტაჟებზე ვმუშაობდი. ჯერესერთიც  საფრანგეთში რომ მუშაობდე, უნდა გქონდეს მუშაობის უფლება,  ვიღაცამ უნდა მიგიწვიოს და კონტრაქტი უნდა დაგიდოს გარკვეული მიმართულებით. ერთია როცა ფილმს იღებ, მეორეა მის  პარალელურად რას აკეთებ. იქ ასეა. კინოსტუდიას ბევრი საწარმო აქვს სადაც შენ შეიძლება მისთვის საჭირო იყო, მაგრამ თუ კარგად არ შეასრულე რაღაც, მეორე დღეს არავინ დაგელაპარაკება. მომცეს მონტაჟზე მუშაობის უფლება და ვმუშაობდი. ანაზღაურება ბევრი არაფერი, მაგრამ ცხოვრების საშუალებას იძლეოდა. ამ ქვეყანაში ფული უფრო მეტია, ვიდრე კარგი იდეა. როცა გაქვს იდეა, მაშინ მეტი გარანტიაც გაქვს მისი რეალიზების. 

_ როდესაც თქვენმა შვილებმაც თქვენი პროფესია აირჩიეს, რა რეაქცია გქონდათ? რას ურჩიეთ?

_ არა, მე არანაირად არ ვერევი ჩემი შვილების ცხოვრებაში. ყველას აქვს თავისი გზა, თუმცა შვილზე მშობელი მეტნაკლებად ყოველთვის ახდენას გავლენას. ამისთვის სულაც არ არის საჭირო მონოლოგები და ამბები. მაგალითად, გელამ რომ დაწერა სცენარი „13“  წამაკითხა. ვუთხარი _ ამას თავი დაანებე და უფრო ნორმალური რამე გადაიღე-თქო. არაფერი უთქვამს. წავიდა და გადაიღო ის რაც უნდოდა. ძალიან სწორადაც მოიქცა. არვიცი, რომ დაეჯარებინა ჩემთვის შეიძლება იმასაც გაემართელბინა, მაგრამ ამან ნამდვილად გაამართლა. თუ შეგეკითხებიან უპასუხებ, თუ არ შეგეკითხებიან ჯობს თავი დაანებო. ცხოვრებაში სულ რაღაც გწყინს და გიხარია.  

_ სვანური პრინციპები, ხასიათი, წეს-ჩვეულებები რამდენად გაქვთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?..

_ საერთოდ, ადამიანი ყველაზე ნაკლებად თავის თავს იცნობს!  შეიცან თავი შენიო _ ნათქვამია. წინ ძალიან ბევრი საქმეა.  შეიძლება მთელი  ცხოვრება დასჭირდეს ამას და ვერაფერი მოახერხო. რაღაც შევიცანი და რაღაც ვერ შევიცანი ჩემს თავში.

სვანების ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა _  განსაკუთრებულად აქვთ გამახვილებული ღირსების გრძნობა, პიროვნებას არ უნდა შეეხეო, რადგან ამაზე ძალიან მძიმედ რეაგირებენ რაც ყოველთვის არ არის სასიამოვნო ცხადია. რავიცი, სვანი ვარ რა. (იცინის)  



წყარო: თბილისელები