New York
„ექსპლორერების“ საოცარი მოგზაურობები და საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარების გეგმა
09 Dec. 2020
კატეგორიასაზოგადოება
ნახვები: 567

„ექსპლორერების“ საოცარი მოგზაურობები და საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარების გეგმა

საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარება-ეს ის მიზანია, რომლის გამოც პროექტი „ესპლორერები“ შეიქმნა. სამი მეგობარი: არტურ მარტიროსიანი, გიორგი ქავთარაძე და ნიკა ჯოხაძე სწორედ ამ იდეამ გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე მათთვის ფინანსური შემოსავლის წყარო არაა და ბევრ დროსა და რესურსსაც მოითხოვს, გაჩერებას არ აპირებენ. სასურველი მიზნისკენ სვლა საკუთარი ხარჯებით დაიწყეს და წინ დიდი გეგმები აქვთ.

არტური: „ექსპლორერების“ პროექტის განხორციელება შარშან, აგვისტოში დავიწყეთ. ნამდვილად არ გვეგონა, რომ ასეთი მასშტაბური გამოვიდოდა და გადაცემის სახეს მიიღებდა. მე და გიორგიმ სიტყვა დავდეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ვიმოგზაურებდით საქართველოში და რაც შეიძლება მეტ ადგილს მოვინახულებდით. ყველაფერს გადავიღებდით და მაყურებელს ვაჩვენებდით. ორივე ლაშქრობის მოყვარულები ვიყავით. სამწუხაროდ, საქართველოს ბევრ კუთხეში არ ვიყავით ნამყოფები და ყველაფერი გვაინტერესებდა. 

გიორგი: პირველ რიგში გვინდოდა ჩვენ გვენახა თითოეული კუთხე და მერე მაყურებლისთვისაც გაგვეცნო. გვეჩვენებინა რამდენად მაგარი ადგილები გვაქვს საქართველოში და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის შეგვეწყო ხელი. დღეს ამ საქმეს უკვე სამი მეგობარი ვაკეთებთ. 

-როგორ აფასებთ განვლილ ერთ წელს? პანდემიის სახით რთული პერიოდი დაგემთხვათ, მაგრამ ზაფხულში დიდი დატვირთვა მოდიოდა შიდა ტურიზმზე.

არტურო: ზუსტად სამი თვე უფუნქციოდ ვიყავით კოვიდ 19-ის გამო. შემდეგ დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ პარკებთან და დაცულ ტერიტორიებთან. ხალხს ვაცნობთ თითოეულ მათგანს, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. სამწუხაროდ, საქართველოში ცოტა ცდილობს რამე უკეთესობისკენ შეცვალოს შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო ამისთვის  და ჩვენი სამომავლო მიზანი ისაა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ქვეყნის სილამაზე. ძალიან ბევრი უნიკალური ადგილი გვაქვს. 

-ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებზე რატომ გადაწყვიტეთ აქცენტის გაკეთება?

გიორგი: ძალიან ბევრი პარკია ისეთი, სადაც წელს საერთოდ არ ყოფილა ტურისტი. იყო ბილიკები, რომელიც პირველებმა ჩვენ გავიარეთ. მაგალითად, მტირალას ეროვნულ პარკში, ან კინტრიშის ნაკრძალში. სოციალურ სივრცეში ამას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ჩვენი მეგობარი წავიდა და დაათვალიერა. ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ ეროვნულ პარკებში. ერთი შეხედვით თითქოს ყველა ერთნაირია, მაგრამ რეალურად თითოეულს სხვადასხვა დატვირთვა აქვს და ძალიან ბევრის მომცემია მათი მონახულება. 

-არტური: განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით საიდან დაბრუნდით?

-ერთ-ერთი მოგზაურობა იყო სოფელ ტაბაწყურთან ახლოს მდებარე აბულ-სამსარის ქედზე. თავკვეთილის მძინარე ვულკანზე გადავწყვიტეთ ასვლა. ზამთარში, დეკემბრის თვეში, წელამდე თოვლში. ძალიან რთული ექსპედიცია გამოგვივიდა, მაგრამ შევძელით მწვერვალამდე ასვლა. თავკვეთილის კრატერამდე ავედით, საიდანაც თითქმის სრულად ჩანდა კავკასიონის ქედი, უნიკალური ადგილია. მსგავსი მოგზაურობიდან ისეთი ემოციებით ვბრუნდებით, რომ უფრო მეტი ენერგიით  ვაგრძელებთ ამ საქმეს. 

გიორგი: მაგალითად, ზამთარში, ზემო აჭარაში ხიხანის ციხეზე ვცდილობდით ასვლას, მაგრამ თოვლი იყო, ქარიც და ჯერ რეინჯერებმა არ გაგვიშვეს. შემდეგ რამდენიმე ცდა წარუმატებლად დამთავრდა, მაგრამ არ დავნებდით და ბოლოს მაინც დავლაშქრეთ. ულამაზესი სანახაობა გადაიშალა ჩვენს თვალწინ, რომელიც ნამდვილად ღირდა ამდენ მცდელობად. 

არტური: გამოვყოფდი ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალს: ენდემური ბუნება, განსხვავებული ჩანჩქეები საოცარ სანახაობას ქმნის. ასევე უნიკალურია კინტრიშის ეროვნული პარკი, რომელიც ქობულეთთან ძალიან ახლოსაა. ზემო აჭარა ულამაზესია, იქ უამრავი კარგი ადგილს მონახულებაა შესაძლებელი. სამი ეროვნული პარკია და იმდენი საინტერესო ლოკაცია, რომ შეიძლება, მარტო ზემო აჭარას დაუთმო ერთი თვე. 

-ხიფათებში არ ეხვევით ხოლმე?

-მთავარია შესაბამისი აღჭურვილობა გქონდეს და ყურადღებით იყო. ისე ერთხელ კი შეგვხვდა დათვი, მაგრამ საკმაოდ დიდი მანძილი იყო ჩვენს შორის (იცინის). 

-რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ ამ პროცესში, დაწყებული ფინანსურიდან?

გიორგი: აუცილებელია ჯანმთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გქონდეს. მთავარია, ნელ-ნელა ვარჯიში დაიწყოთ და მერე უკვე შეძლებთ ელემენტარული ბილიკების დალაშქვრას. ბევ ადგილას დიდი ფიზიკური დატვირთვა გაქვს, განსაკუთრებით მუზლებზე და თუ ფიზიკურ აქტივობას მიჩვეული არ ხარ, შეიძლება მარტივად მიიღო ტრავმა. ყველგან მანქანით ვერ მიხვალ, 90 პროცენტი ფეხით დავლაშქრეთ.  ვცდილობთ მაქსიმალურად ბიუჯეტურად ვიმოგზაუროთ და ამისთვის საჭირო რჩევებსაც ვუზიარებთ ხოლმე მაყურებელს. ყველაფერი ჩვენი ფინანსებით დავიწყეთ. ამ მხრივ ძალიან შეზღუდულები ვიყავით, შესაბამისი აღჭურვილობაც არ გვქონდა და პირველი ეტაპისთვის ისეთ მარშუტებს ვირჩევდით, სადაც განსაკუთრებული ეკიპირება არ იყო საჭირო. მერე როცა სოციალურ ქსელში გავაქტიურდით, სპონსორებიც გამოჩნდნენ.

ხალხისგან დიდი გულშემატკივრობას ვგრძნობთ და ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. ბევრჯელ აგვირჩევია არაპოპულარული ადგილები, რომ მისით სხვებიც დაინტერესებულიყვნენ. ძირითადად, სეზონის მიხედვით ვგეგმავთ ტურებს. მაგალითად, ამ პერიოდში ულამაზესია ფშავ-ხევსურეთი, ყაზბეგი. 

-არ გიფიქრიათ, რომ თან მეგზურებიც წაგეყვანათ?

არტური: ზუსტად ახლა ვაპირებთ საცდელად ჩვენი მაყურებლიდან წავიყვანოთ ვინმე რამდენიმე ლაშქრობაში და შემდგომ, თუ მდგომარეობა დასტაბილურდება, დეკემბრის თვეში გავაკეთებთ „ექსპლორერების“ მასშტაბურ პრეზენტაციას. ეს იქნება ფოტოგამოფენა და პატარა დოკუმენტური ფილმის ჩვენება ჩვენს შესახებ. ალბათ,  შემდეგ  შევძლებთ ექსტრემალური თუ მარტივი ტურების დაგეგვმას მსურველებისთვის.

გიორგი: საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზება გვინდა. დღეს ბევრი ტურისტული კომპანიაა, მაგრამ ყველას სტანდარტული ტურები აქვს, არადა უამრავი საინტერესო ადგილი გვაქვს და გვიანდა განსხვავებული ტურები შევთავაზოთ ხალხს მათი ინტერესის სფეროების მიხედვით.  ვიღაცას თუ კაიაკინგი აინტერესებს, შესაბამის ტურს შევთავაზებთ. გვინდა კლდეზე ცოცვის მასტერკლასები ჩავუტაროთ მსურველებს ტურის ფარგლებში,  ბუნებრივ გარემოში. მოკლედ, ვისაც რისი ინტერესი აქვს და თბილისში ამ ინტერესს ხელოვნურ გარემოში იკმაყოფილებს, საშუალება მიეცემა თავი ბუნებრივ გარემოში გამოსცადოს. ბევრ რამეზე ვფიქრობთ და გვინდა ახალი წლის შემდეგ განვახორციელოთ.

არტური: ადგილობრივები თითქმის ყველგან გვეუბნებიან, რომ ძირითადად უცხოელი ტურისტები დადიან ამ ადგილების მოსანახულებლად და ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ქართველები რომ ნაკლებად ინტერესდებიან საკუთარი კუთხეებით, ეს სამწუხაროა და გვინდა გამოვასროწოთ. გვქონია შემთხვვა, რომ მოგზაურობისას ქართველი ტურისტის ჩაწერა გვინდოდა და ვერ გვიპოვია. ვიდეოებში სულ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ პირველ რიგში, საკუთარი ქვეყანა მოინახულონ და შეისწავლონ. 

გიორგი: შემიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ეს პროექტი უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ეს ჰობი აღარაა. განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებთ, როცა ვხვდებით, რომ ეს მაყურებელსაც ძალიან მოსწონს და ამ მიზეზების გამო, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ წინსვლას.