New York
დინი ვირსალაძე - ჯაზიდან პურის ცხობამდე
11 Dec. 2020
კატეგორიაკულტურა
ნახვები: 723

დინი ვირსალაძე - ჯაზიდან პურის ცხობამდე

„ცუდად ბევრჯერ ვიყავი და სწორედ, გამოცდილებამ მასწავლა, რომ კი არ უნდა დავეცე, უფრო უნდა გავძლერდე“   

დინი – ამ ლამაზი სახელის უკან ლამაზი, შარმიანი ქალის და კარგი ჯაზ-შემსრულებლის თავისებურად საინტერესო ცხოვრების ისტორია დგას. როგორ შემოიჭრა მის ცხოვრებაში მუსიკა, როგორ იღებდნენ ფილმებში, როდის იდგა პოდიუმზე, რა სპორტული გატაცებები აქვს, ვინ იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი და როგორ დაკარგა ის, როგორ უმკლავდება ტკივილიან ემოციებს ინსტრუმენტთან სცენაზე თუ სცენის მიღმა, ამაზე თავად ისაუბრებს. 

– დინი, ვინ, ან რამ იქონია თქვენზე გავლენა მუსიკოსი გამხდარიყავით?     

– მუსიკა ჩემში ძალიან ბუნებრივად შემოვიდა. ოჯახის ყველა წევრი უსმენდა და უსმენს კარგ მუსიკას. ინსტრუმენტთან 5 წლის ასაკში აღმოვჩნდი. ბიძაჩემს, ჯაზის ფირფიტების საოცარი კოლექცია ჰქონდა. ბებიასთან ხშირად მივდიოდი, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობდა და მან მიმაჩვია კარგი  მუსიკის მოსმენას. დედა მუსიკოსია, მამა – ექიმი, მაგრამ მამასაც ძალიან უყვარს მუსიკა, კარგადაც უკრავს. მყავს უმცროსი და, ისიც მუსიკოსია – კომპოზიტორი. 

– თქვენ არა მხოლოდ კარგად უკრავთ, ხატავთ, სპორტს მისდევთ, ფილმებშიც ხართ გადაღებული. დარჩა რამე, რაც არ გიტაცებთ? 

_ ყველაფერი მაინტერესებს, ბევრი რამე მიტაცებს. ძალიან მიყვარს თხილამურებზე სრიალი და ველოდიპედით სიარული.  ცურვის გარეშე ცხოვრება არ შმიძლია. ასევე არის ძალიან ბევრი რამე, რაც არ მაინტერესებს, მაგრამ მიწევს გაკეთება. ამ ბოლო დროს გატაცებული ვარ პურის ცხობით. ხატვა საკმაოდ გვიან დავიწყე, კონსერვატორია რომ დავამთავრე მაშინ. 12 პერსონალური გამოფენა მქონდა ფერწერული ნამუშევრების,  ფილმებშიც იმ პერიოდში მიღებდნენ. გადაღებული ვარ შაქრო ჯორჯაძის, ნოდარ ომიაძის, სერგო ფარაჯანოვის, ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ფილმებში.  იყო პერიოდი მოდელიც ვიყავი მაკა ნაცვლიშვილის სტუდია „ნოემაში,” ასე რომ, პოდიუმზეც ბევრჯერ გამოვსულვარ. ძალიან მაინტერესებდა როგორი ვიქნებოდი ამა თუ იმ კაბაში. ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი, მაგრამ სულ ერთი წელი ვიმუშავე მოდელად. სხვათაშორის, იმ პერიოდში ვისწავლე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული. მანამდე არასოდეს ჩამიცვამს. ახლა, 14–15-სანტიმეტრიანი ქუსლებით თავისუფლად შემიძლია ვირბინო. ეს კარგია, ქალს უხდება, მით უმეტეს, სცენაზე. თუმცა, ისედაც ძალიან მაღალი ვარ – 179 სანტიმეტრი. კარგი პერიოდი იყო, მაგრამ  ის შეგრძნება არ მტოვებდა, რომ ვცდებოდი, ამით ჩემს სპეციალობას ბევრს ვაკლებდი.   

– ჯარჯი მაღალაშვილი, თქვენი მეუღლე, ასევე ცნობილი და კარგი მუსიკოსი. გაიხსენეთ თქვენი ურთიერთობის წლები.

– მე და ჯარჯიმ ერთად გავატარეთ ოცდაორი წელიწადი. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ცხოვრება ყველანაირად. ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ საინტერესო იყო ეს პერიოდები. უნიჭიერესი ადამიანი იყო როგროც მუსიკაში, ყველაფერში, მით უფრო ურთიერთობებეში. ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლე. დარდის ავადმყოფობა ყველასთვის მოულდონელი აღმოჩნდა. დიაგნოზის დასმიდან ერთ კვირაში დაიღუპა. ერთად ვმუშაობდით ხელოვნების სკოლაში, მუსიკალურ თეატრ-სტუდიაში, სადაც საბავშვო მიუზიკლები იდგმებოდა. ჩვენ ორ როიალზე გვიწევდა დაკვრა. ნელ-ნელა დავახლოვდით. ბევრი კარგი მიუზიკლი აქვს დაწერილი. ის ჩემთვის ნამდვილი მეორე ნახევარი და ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ბევრ რამეზე ერთნაირად ვფიქრობდით. პირველი ჩემი მსმენელი ჯარჯი იყო, მე - მისი. საოცარი იუმორი ჰქონდა. ცდილობდა, ყველაფრისთვის იუმორით შეეხედა.

– ეჭვიანი არ იყო?

–  პირიქით, მეუბნებოდა, ყველაფერი უნდა მოსინჯო, მოდელიც უნდა იყო და კინოშიც გადაგიღონო... ყველაფერი მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი და მხარს მიბამდა. ერთმანეთთან  ურთიერთობით ორივეს დიდი კომფორტი გვქონდა.  

_ ბევრი სირთულე გამოვიარეთო, - თქვით წეღან. როგორ გამოდიოდით რთული სიტუაციებიდან თუ ეგუებოდით ყველაფერს? 

_ დიახ, როგორც ყველა ადამიანს გამოუვლია ცხოვრებაში რთული პერიოდები, მეც გამოვიარე,  მაგრამ ვცდილობდი ეს ჩემს შემოქმმედებაზე არ ასახულიყო. ახლაც. პირიქით მაძლიერებს ეს სირთულეები. ვცდილობ რომ არავის მოვახვიო თავს ჩემი ცუდი განწყობა. აი, ამაში მაგალითად ძალიან მეხმარება ცურვა. საერთოდ, ცუდი პერიოდები როცა მქონია, ვძლიერდებოდი. ცუდად ბევრჯერ ვიყავი და სწორედ, გამოცდილებამ მასწავლა, რომ კი არ უნდა დავეცე, უფრო უნდა გავძლერდე.  რთულ პერიოდს მოაქვს ძალიან დიდი შემოქმედებითი მუხტი და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. ბევრ რთულ სიტუაციაში ძალინ დიდი ფანტაზია გამეხსნა და შემოქმედებითი მუზა მეწვია. რაღცანაირად ვიკეტებოდი ჩემს თავში და მუსიკაში. ეკონომიკურად, დღეში რამდენიმე ადგილას ვუკრავდი, მაგრამ გარკვეულწილად, ეს იმით იყო განპირობებული, რომ მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ. ნიჭიერთა ათწლედში რომ ვსწავლობდი, ვისაც სამიანი არ ჰყავდა, ყველას სტიპენდია ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდშიც მქონდა სტიპენდია, თან,   ვმუშაობდი, მოწაფეები მყავდა, კერძოდ ვამეცადინებდი. მერე ხელოვნების სკოლაში საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა. ბავშობაშიც ასეთი ვიყავი,, დამოუკიდებლობა მომწონდა, მინდოდა ჩემი ფული მქონოდა და არა ვინმეს მოეცა ჩემთის, დედას ან მამას. 

_ როდესაც რაღაც ისეთი ხდება თქვენს ცხოვრებაში, რაიმე პრობლემა იჩენს თავს, ან უბრალოდ ხასიათზე არ ხართ, ეს თუ აისახება თქვენს გამოსვლებზე?

– მშვიდი ნამდვილად არ ვარ, ასე მხოლოდ გარეგნულად ჩანს, მაგრამ ვცდილობ, ყველა ემოცია ისე გადავიტანო, სხვები არ შეწუხდნენ ამით. თავშეკავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არა მხოლოდ, სცენაზე.  არ არის საჭირო, ყველაფერი გარეთ გამოუშვა. თუმცა, ასეთი ადამიანებისთვის უფრო ადვილია ცხოვრება – იყვირებენ და მერე მშვიდად არიან. ჩემში კი ყველაფერი შიგნით ჩქეფს და გარეთ არ გამომაქვს. რთულად ვიტან ყველაფერს. საერთოდ, ყველა მუსიკოსი მგრძნობიარეა... თავიდანვე ისე გამზარდეს, ნოტი არ უნდა ამეღო ისე, მთელი ემოცია რომ არ გამეტარებინა სხეულში. ინსტრუმენტთან და სცენაზე, აუდიტორიის წინაშე, ხელოვანს სხვადასხვა მდგომარეობაში უწევს გამოსვლა. რა თქმა უნდა, სულ ერთნაირ ხასიათზე ვერ იქნები, მაგრამ, ხელოვანი ვალდებულია, ამ დროს ისე გამოვიდეს სცენაზე, აუდიტორიამ ეს ვერ  შეამჩნიოს, პირიქით. 

 _ ცხადია, ყველა ის კონცერტი, რომელზეც გამოსულხართ მნიშვნელოვანი და ძვირფასია თქვენთვის და იმ მსმენელისთვის, ვინც კარგი მუსიკის ფასი იცის, მაგრამ მინდა გაიხსენოთ კონცერტი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დაგიტოვათ. 

_ ყველა კონცერტი ჩემთვის დაუვიწყარია, იმიტომ რომ ყოველი ახალი კონცერტი ახალი გადადგმული ნაბიჯია, ახალი გამოცდილება, ახალი შთაბეჭდილება. წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელმაც დატოვა,  ერთი შემიძლია გავიხსენო. ეს იყო თბილისში, როდესაც მქონდა სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში. თან, საავტორო კონცერტი იყო - მხოლოდ ჩემი მუსიკა სრულდებოდა. 

მინდა ასევე გავიხსენო კონცერტი, სადაც ჩემთან ერთად უკრავდა ალექს ხანი (საქსოფონი), ის მარკუს მილერის ჯგუფის სოლისტია.  ასევე დაუვიწყარი იყო ამიტ ჩათარჯისთან და მის ჯგუფთან ერთად ჩატარებული კონცერტი. ამიტ ჩათარჯი გიტარისტია, ის 11 წელი უკრავდა ჯო ზავინულის „სინდიკატში”. ძალიან კარგად დამამახსოვრდა დელის ჯაზ-ფესტივალზე ჩემი და ჩემი ჯგუფის გამოსვლა. სასაცილო ამბავი იყო ბაქოში, სცენაზე გამოსვლისას რაღაც მავთულს გამოვედე და კინაღამ წავიქეცი.



წყარო: თბილისელები