New York
გსმენიათ, ერთი შვილი სამჯერ დაასაფლაოს დედამ?
09 Dec. 2020
კატეგორიასაზოგადოება
ნახვები: 498

გსმენიათ, ერთი შვილი სამჯერ დაასაფლაოს დედამ?

დედა თამარი ჯვრის მამის მონასტერში ცხოვრობს. ის ხმამაღლა საუბრობს იმ მდგომარეობის შესახებ, რაც მის ტაძარსა თუ ზოგადად, საპატრიარქოში ხდება და საკუთარი ცხოვრების უმძიმეს გზას გვიზიარებს. 

დედა თამარი: შვილი საკმაოდ მკაცრად გავზარდე და იმის მიუხედავად, რომ 22 წლის გარდამეცვალა, არანაირი სინანულის გრძნობა არ მაქვს ჩემს სიმკაცრესთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ძალიან წესიერი გავზარდე, თუმცა ჩემი საამაყო შვილი საფლავში მიწევს და იქაც არ მიყენებენ. შარშანწინ ზაფხულში სამკურნალოდ წამიყვანა ახლობელმა და რომ ჩამოვედი, ჩემი შვილის საფლავზე ძაღლისა და კატის ფეკალური მასები დამხვდა დაყრილი. 

-თქვენი შვილი ხომ აქ გადმოასვენეთ?

-კი და აქ, ეკლესიის ეზოში მოხდა ეს. იცით რას ნიშნავს შვილის გადმოსვენება?-მის ხელახლა სიკვდილს. როდესაც მისი გადმოსვენება გადავწყვიტე, სოფელი წინააღმდეგი იყო. ჩემ შვილს „ფირმა თემოს“ ეძახდნენ და მერე მეუბნებოდნენ, ჩვენც გვინდა, რომ „ფირმა თემო“ აქ გვყავდესო. თან დედაო არასდროს ჰყოლია ჩვენ სოფელს და გვინდა აქ ჩამოხვიდეთ ხოლმეო. შვილს თუ გადაასვენებთ, აღარ ჩამოხვალთო. მაშინ გურჯაანის რაიონში მყავდა დაკრძალული. ოთხი ძმა მყავდა, ოთხივე გარდამეცვალა და მაინც არ მომცა უფალმა საშუალება იქ არ ჩავსულიყავი. რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ეტლით, წამებით, მაგრამ მაინც უნდა წავიდე. ძმები, მშობლები, ყველა იქ მყავს, საგვარეულო სასაფლაოზე. ჩემი შვილი იმიტომ წამოვიყვანე, რომ მიჭირდა იქ სიარული, მაგრამ ორი ძმა მისი გადმოსვენების შემდეგ გარდამეცვალა. ასე, რომ უფალი ყველაფერს თვითონ წყვეტს. 

-ფიქრობთ, რომ აქ თქვენი შვილის საფლავი განზრახ დააბინძურეს თუ რაც მოხდა, მოუფრთხილებლობის ბრალია?

-სპეციალურად. მანამდე არასდროს მომხდარა მსგავსი რამ და მე რომ წავედი ესპანეთში ეს ძაღლებმა და კატებმაც გაიგეს? აქ დედაოები არიან, ახალგაზრდა გოგოები, შვილიშვილი უნდა მყავდეს მათხელა, რომლებიც რომ იხრჩობოდე, წყალს არ მოგაწვდიან. გაოგნებული ვარ მათი კაცთმოძულეობით. ვერ ვხვდები მონასტერში მათი დანიშნულება რა არის? ღამის ორ საათზე გამოდიან და ძაღლის და კატის ფეკალიებს ეძებენ, ხან ჩემს კართან ყრიან, ოთხჯერ ჩემი შვილის საფლავში ჩაყარეს. ყველა დავიბარე და ვუთხარი, სამკურნალოდ ვაპირებ წასვლას და თუ კიდევ მოხდა მსგავსი რამ, მერე პასუხს აღარ ვაგებ ჩემ თავზე-მეთქი. განა უარყვეს ან თავი იმართლეს. ეს რომ განმეორდეს ყველაფერზე ვარ წამსვლელი. არ ვიცი რას ჩავიდენ, შეიძლება იმ საფლავთან ის ხელი მოვაჭრა ამის გამკეთებელს. ღმერთი რომ დავიწყებული  ყავთ, არ ვიცი, ეგეთი დედაოები რად უნდათ?! უკვე კონა ათი შაური ღირს, იმდენი არიან და კიდევ თავისნაირები მოყავთ. ხმებისთვის აგროვებენ. რამე რომ იყოს, ზურგის გამმაგრებლები ეყოლებათ. 

-რატომ დაგჭირდათ შვილის სამჯერ დაკრძალვა?

-შვილის გადმოსვენება, გასვენებაზე ბევრად მძიმეა. ეს არის უსაშინლესი პროცესი. რომ მცოდნოდა ასე დამანგრევდა და გარეთ აღარ გამახედებდა, ჩემ შვილს საფლავიდან არ ამოვიყვანდი. გასვენების დროს მთელს მაინც ვუყურებდი შვილს, ჩაცმულ-დახურულს. რაღაც საშინელებაა 23 წლის შემდეგ მისი გადმოსვენება. მეგონა დავეცი თავზე საკუთარ შვილს, სახლი დავუნგრიე და მერე ხელი მოვგლიჯე. თუმცა მთლიანი იყო ბავშვი. ახალ სასახლეში რომ გადმოვასვენეთ, ყველა ძვალი მთელი ქონდა. ასეთი სიმძიმე წარმოუდგენელია. ვინც საფლავს თხრიდა, ყველას გული წაუვიდა. ყველა ძვალი მთელი იყო, ხორცი აღარ ჰქონდა შერჩენილი. ფეხსაცმელები როგორიც ჩავაცვი, ისევე იყო. ეტყობა წინა მხარე გადაუღრიცეს, ვინ იცის თითებიც მოატეხეს?! ალბათ, სასახლეში ვერ ეტეოდა. საფულე ედო, თავისი გარდაცვლილი ძმაკაცების ფოტოები, ყველაფერი დაუზიანებელი იყო. საათი დამტვრევია, პიჯაკი დანაწევრებული იყო. ამოვიყვანეთ და ახალ სასახლეში ჩავაწვინეთ. ამას რომ დედა გაუძლებს, ის არაა ჩვეულებრივი ადამიანი. ალბათ ქვისგან, კლდისგან ვარ გამოთლილი. 

-პირველად აქ არ გადმოგისვენებიათ, არა?

-უწმინდესთან არ შემიშვა შორენამ. ოღონდ უწმინდესი არ მენახა და შეეძლო რვა-ათი საათი გვესაუბრა მის კაბინეტში. დედაომ მომიტანა ამბავი, შორენამ შემოგითვალა, გადმოასვენოს შვილიო. ვერც კი წარმომედგინა, რომ ეს შეიძლებოდა პატრიარქის გარეშე გადაწყვეტილიყო. თაბორის მთაზე უნდა დაიკრძალოს, ესეთი კურთხევა გაქვსო, მითხრეს. იქ საფლავის ადგილი მე თვითონ ავარჩიე კელიების წინ. წინამძღვარმა-მამა ბართლომემ, რომელიც ჩვეულებრივი ბიზნესმენია, მითხრა, სადაც იტყვით, იქ დავკრძალოთ. 17 წლის მორჩილებს გაათხრევინა საფლავი, ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, რაც მერე გავიგე. ორჯერ რომ მოსულიყო ძლიერი წვიმა ჩემი შვილის საფლავს გადარეცხავდა. ხუთი წუთი ვერ დავჯდებოდი შვილის საფლავზე, ისეთი საშინელი სუნი იდგა, რადგან წინამძღვარს ბევრი ძროხა ყავდა. საფლავი ფუნით იყო სავსე. იქ საშინელი დაავადება დამემართა. მანქანიდან რომ გადავედი ჩემი შვილის საფლავზე და ფუნის სუნი შევისუნთქე, ცხვირმა აღარ გაატარა, ყურებში დაგუბდა და მეორე დილას ექიმმა მითხრა, რომ ორივე ყურში ნერვი მქონდა დაზიანებული. ზედა სასუნთქი გზები დამიზიანდა და ახლა ალერგიული ბრონხიტი მაქვს. სუნზე ზოგჯერ ისეთი რეაქცია მაქვს, მომაკვდავი ვხდები და აპარატზე მაერთებენ. შვილის საფლავი ახლოს მქონდა, მაგრამ იქაც ვეღარ ავდიოდი. თავიდან მამა ბართლომე დამპირდა, გავიყვან ამ ძროხებსო, მაგრამ ერთ კვირაში რომ ავედი, მახარა 13 ძროხა დავამატეო. მერე დადიოდა და ტელევიზიებში რძეს არიგებდა, ქველმოქმედი ვარო, დედაოს კიდევ არ მოეწონა რომ ძროხები მყავსო. ქველმოქმედი კიარაა, კილოგრამ ყველს ოც ლარად ყიდის, ბიზნესი აქვს. 

-რაც არ უნდა ქველმოქმედი იყოს, საფლავზე ფუნა ნორმალურია?

-არ არის ამათთვის საფლავი ძვირფასი. არც ეკლესიას აქვს სიწმინდე ამათთვის. ეკლესიაც ყარდა, ვერ შეხვიდოდი. უფლის სახლში შეიძლება საქონლის სუნი იდგეს? საფლავი რაღა მოსატანია. დედამიწაზე სულ ორი სიწმინდეა, უფლის სახლი და აღდგომა-სასაფლაო, იქ უნდა აღდგეს ყველა მიცვალებული. ამიტომაც მივედი უწმინდესთან და მდგომარეობა ავუხსენი. გაოცებული მეკითხება: კი მაგრამ, როდის გადმოასვენეთ ბავშვიო?! მიკვირს იქ როგორ არ მოვკვდი, ცოცხალი როგორ გამოვედი? -თქვენ არ მომეცით კურთხევა-მეთქი და არა, სად არის დაკრძალული ბავშვიო?

 იმ პერიოდში შორენა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი იყო. მაწამებდა, მაგრამ მიყვარდა. უწმინდესს არ მახვედრებდა. მაბრალებდა, რომ მის შესახებ რაღაცეებს ვწერდი. ძალიან კარგად იცოდა, რომ ის წერილი უშიშროებისგან იყო, თავისივე მეუფეებისგანვე დაწერილი. ამ ქალისგან იმდენი სიმწარე მაქვს ნანახი, ახლა რომ ვფიქრობ, არ ვიცი, რატომ ვიტანდი. არც ის ვიცი, ეგრე რატომ მიყვარდა. ბევრი უსინდისობა მაქვს ატანილი. რა ქვია ადამიანის ეგრე წამებას? მაგრამ ამას ვერც წარმოვიდგენდი. პატრიარქმა რომ გაიგო ყველაფერი, დაიწყო საუბარი იმაზე, სად უნდა გადმოგვესვენებინა ბავშვი. შორენას არ უნდოდა აქ დაგვეკრძალა და სად არ გამაგზავნეს.

-თავიდანვე არ უთხარით, რომ რადგან თქვენ ჯვრის მამის მონასტერში ხართ, კარგი იქნებოდა აქ გადმოგესვენებინათ?

-არა, ძალიან მოკრძალებულად ვიქცეოდი, მაგრამ დავამთავრე. მივხვდი, რომ ღმერთისთვის უნდა იბრძოლო. უწმინდესმა მითხრა, მაშინ თქვენ სადაც გნებავთ, იქ დავკრძალოთო. ჩემთან თუ არის შესაძლებელი-მეთქი და კი, სადაც მოგეწონებათ, მონახეთ ადგილიო. აქაც ძალიან  ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. შორენაც ყველაფერს მთავაზობდა, ოღონდ აქ არ მყოლოდა ჩემი შვილი, მაგრამ უკვე უწმინდესის სიტყვა არსებობდა და იცოდა, რომ მე აღარაფრის დამთმობი აღარ ვიყავი. ამიტომ, მესამედ აქ დავკრძალე ბავშვი. დილის შვიდ საათზე ძლივს დავასაფლავე ჩუმად. მთელი ღამე კალიასკაში ვიჯექი და სულიერი შვილისა და ორი მუშის დახმარებით, მესამედ ვთხრიდი შვილის საფლავს. თუ გსმენიათ, ერთი შვილი სამჯერ დაასაფლაოს დედამ? არ ვიცი, როგორ გავუძელი. როცა პირველად აქ გადმოვასვენე შვილი, ეკლესიაში შევასვენე, მე აღარაფერი მახსოვს, მეგობრები მეუბნებიან, თქვი: დედა, 22 წლის გარდამეცვალე და 22 წლის მერე რომ აქ გადმოგიყვანე, ამას თავის დანიშნულება აქვს. შენ და მე ახლა მხილება უნდა დავიწყოთო და ეგრეც მოხდა. ჩემ შვილს რომ ვტიროდი, შორენა მოვიდა და ძალიან ახლობლურად შემაჯანჯღარა, არ გცხვენია, რატომ ყვირიხარო? ადამიანო, მოძულე კიარა, ანგელოზივით შვილი გადმოვასვენე-მეთქი. ერთხელ უწმინდესმა თქვა, ასეთ ვაჟს, როგორიც დედა თამარმა გაზარდა, ძალიან ბევრი ვეღარ გაზრდისო. ერთხელ ისიც კი თქვა, მე ვარ თქვენი ვაჟიო. მის სანახავად ვიყავი ჩასული და რომ შემობრძანდა, მკითხა, თქვენი ვაჟი სად არისო? გამიკვირდა, მეუცნაურა ეს კითხვა. უწმინდესო, ჩემი ვაჟი 23 წელია გარდაცვლილია-მეთქი, ვუპასუხე. არა, ის ახლა აქ არისო. უწმინდესს სულიერი ხედვები აქვს და ვიფიქრე, რომ ხედავდა. მე სხვანაირად ვგრძნობ ხოლმე, როცა ჩემი შვილი ჩემთან არის. არ ვიცი უწმინდესო, მე ვერ ვგრძნობ-მეთქი და მე ვარ თქვენი ვაჟიო, მითხრა. არ ვიცი, ეს სწორად როგორ გამოვთქვა, მხოლოდ მის სიტყვებს ვიმეორებ. 

-წინასწარმეტყველების უნარის გამო, იცოდით, რომ თქვენ შვილს ეს დაემართებოდა, არა?

-ყველაზე დიდი უბედურება ესაა, მაგისთვის შემჭამეს. ამათ გონიათ, რომ ეს უნარი ძალიან ადვილი მისაღებია. არ ვიცი, როგორ აზროვნებენ. ძალიან უნდათ იმ ყველაფრის ფასად, რის ხარჯზეც მე მაქვს? -შვილი მომიკვდა, მე ლოგინად ვარ ჩავარდნილი. ძმები, მშობლები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები-ყველა დამეხოცა. ძმა რომ გარდამეცვალა, ნათესავებს ვეძებდი წლისთავზე რომ დამეპატიჟა. ნათესავი აღარ მყავს, მთელი გვარი ამომიწყდა. თუ ამის ხარჯზე ვინმეს უნდა, ვისაც გაუხარდება იმას მივცემ ჩემს ხედვას. უფალი არაფერს გაძლევს ისე, თუ ძალიან დიდი მსხვერპლი არ გაიღე. მე თუ მექნებოდა ბედნიერება, უფალი თუ შემეკითხებოდა, ნამდვილად არ მოვისურვებდი და ალბათ შევბედავდი უფალს, ოღონდ ყველა ნუ დამეხოცება და ჩემი სიცოცხლე წაიღეთ, ოღონდ ამას ნუ მომასწრებთ და არც ხედვა მინდა-მეთქი. ამათაც ეს აგიჟებთ, რომ წინასწარ ვიცი, ვის რა დაემართება, მაგრამ ეს ჩემი სურვილით არ ხდება. მე არ მინდა ამის ცოდნა. ამაზე დიდი სიმძიმე არ არსებობს. უწმინდესს ვუთხარი აღკვეცისას, აღკვეცის დროს, შეიძლება ვთხოვო უფალს, რომ ამ ხედვისგან გამანთავისუფლოს-მეთქი და უწმინდესმა მითხრა, უფლისგან ბოძებულ ნიჭზე უარი არ უნდა თქვაო. თუმცა, სიმართლე გითხრათ, აღკვეცის დროს, მაინც წამოვიდა ეს აზრი, გულში შევთხოვე, უფალო დამასვენე ამისგან-მეთქი და თითქოს, სასჯელად საშინლად გამიძლიერდა. ძალიან არ მინდოდა მენახა, როგორ ცხოვრობდნენ მეუფეეები და დედაოები. მაშინ, როცა პირველი კლასის მოსწავლეს, რომ წარმოდგენები აქვს საკუთარ მასწავლებელზე, ზუსტად ასე ვფიქრობდი დედაოებზე, მეუფეები ანგელოზები მეგონენ და სახეში შეხედვასაც კი ვერ ვბედავდი. ყველაზე დიდი სისაძაგლე დავინახე, რაც არ შეიძლება ხდებოდეს მონასტერში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სასჯელი უფროა ჩემთვის. 

შვილი ხუთი წლის მყავდა, როცა უკვე ვიცოდი, როგორ მომიკვდებოდა, რა ადგილას მოხდებოდა ავარია. ამ სიმძიმით ვიცხოვრე მარტოკამ. ვერავის ვეუბნებოდი. ვფიქრობდი, ყველაფერი ხომ არ ამიხდება-მეთქი. იმ დღეს, გასვლის დროს, ჩემს შვილს რომ ვუთხარი, დე არ გამიცივდე, მობრუნდი, სხვა პიჯაკი ჩაიცვი, ცოტა თბილი-მეთქი, ყველაფერი კიარ აგიხდებაო, მიპასუხა. 

-მანაც იცოდა?

-ეს მისი ბოლო სიტყვა იყო. იმ დილით ყელიდან ჯვარი მოიხსნა, დადო და მითხრა, ეს ჯვარი მე აღარ დამჭირდებაო. არ ვიცი, რატომ თქვა ასე. როცა თანაკლასელმა მეჯვარედ დაპატიჟა, შემობრუნებულმა თქვა: მიშიკო, შენ რა გითხარი, როგორ ჩემი სიკვდილის დღე დააყენეო. ძალიან ეშინოდა ავარიის, ესეთი შიში არაფრის ქონდა. მე მისთვის არაფერი მქონდა ნათქვამი. რომ გადიოდა, გავაფრთხილე, არ ჩაჯდე ნასვამთან და წითელი ფერის მანქანაში-მეთქი. ნასვამთან და წითელი ფერის მანქანაში ჩაჯდა. პლუს წამალ გაკეთებული იყო საჭესთან. მაშინ ჯაბას პერიოდი იყო.  ჩემი შვილის ძალიან ბევრი ძმაკაცი გაუბედურდა წამლით, რასაც ძალიან განიცდიდა. სულ ვეუბნებოდი, ვერაფერში გამოგიწვიეს, პირიქით, იქეთ პატრონობ, თუ რომელიმე „გაიპარება“, ექიმიც შენ ხან, ფულსაც შენ იხდი, სასწრაფოსაც ეძახი. დაიჭერენ და ყველასთან შენ მიდიხარ, ,,მილიციამაც“ იცის, რომ ამ ბიჭებს ასე პატრონობ და ჩვენ არ გვაპატიებენ ამას. ნარკომანები მითუმეტეს, ძალიან „ვრედნები“ არიან, არ დაგინდობენ, გაგწირავენ-მეთქი. შენ ჩემს მეგობრებს ვერ იტან, ესეთები ხომ არ დაიბადნენ, სად წავიდე, რომ მეუბნები მაგათთან ნუ დგეხარ სად წავიდეო? ყველა ერთ უბანში ცხოვრობდა, საბავშვო ბაღიდან ერთად მოდიოდნენ და იმიტომ, რომ შეცდნენ, ყველას ზურგი შევაქციო? მაშინ უფრო არ მერქმევა კაციო, მაგრამ მერე ჩემს შვილს შეაქციეს ზურგი. შვილი მომიკლეს. 

-რატომ ფიქრობთ რომ მოკლეს?

-ღმერთმა დამიფაროს, რომ ვფიქრობდე, ვხედავ. მე მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობ, რასაც ვხედავ. ავარია რატომ უნდა იყოს ესეთი მიჩქმალული? ჩემი შვილი წინ იჯდა, მის უკან ძმაკაცი, სუხიშვილების მოცეკვავე, ზღაპარი ბიჭი. გადაწყვეტილი იყო, რომ ავარიაში ჩემი შვილი მოეკლათ. ის ბავშვი არაფერ შუაში იყო, მაგრამ ჩაძინებია, საფეთქელი მიარტყა და სულ უდანაშაულო ბავშვი გარდაიცვალა. რაც დაგეგმეს არ გამოუვიდათ. ჩემი შვილი გადარჩა, გადმოვიდა და გარდაცვლილი ძმაკაცი ხელში აყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, უკნიდან ვიღაცამ თავში ჩაარტყა. თავი აგურის ნამსხვრევებით ჰქონდა სავსე. ჩემი შვილი ვისაც ძალიან უყვარდა, ისინი ნამდვილად არ გაწირავდნენ. ვინც გაწირა იმათ საკმაოდ დიდი ფული აიღეს. ჩემი შვილი ძალიან ძვირად გაყიდული ბავშვია. ნუგზარ გაბრიჩიძე იყო იმ პერიოდში გენპროკურორი. მე ვუთხარი გახდები-მეთქი და კაცს არ ჯეროდა. მაშინ მეორე მოადგილე იყო და აქედანაც არ გამანთავისუფლონო, მაგრამ ახდა ჩემი სიტყვები. თუკი ნუგზარ გაბრიჩიძის გენპროკურორობას ვხედავდი, ჩემ შვილს რა გაუკეთეს, იმას ვერ დავინახავდი? 

-ვინ და რატომ გაუკეთა ეს?

-მე ვიყავი ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი. ყველა დეპუტატი ჩემთან მოდიოდა და თუ რამე უნდა გადაწყვეტილიყო ჩემ სახლში შეეძლოთ ესაუბრათ. ეს რათქმაუნდა იცოდა უშიშროებამ და მემუქრებოდნენ. ყოველ დილით ხუთ საათზე, მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, შვილს დაემშვიდობეო. როგორც ჩანს, ჩემი შვილის მეგობრებში ვინც ყველაზე სუსტი ნახეს, ის მოისყიდეს. ებრაელი იყო ის, ვინც საჭესთან იჯდა. ბალუაშვილი იყო ბიძამისი.  

არაფრის ცხვენოდათ. მიმტკიცებდნენ, ამ ამბიდან მეორე დღეს მოვედით დაკითხვაზე და შენ დაწერე განცხადება, რომ ჩემი შვილი ახირებული ბავშვი იყო. სხვის მანაქანაზე ნასვამი დაჯდა და ძმაკაცი მოკლაო. მაშინ ისეთი გაუბედურებული ვიყავი, ვინ გამიბედავდა მეორე დღეს მოსვლას დასაკითხად?! ეს ნაწერი დამიდეს წინ, ჩემი ფაქსიმილიით და რათქმაუნდა ცხვირწინ გადავუხიე. მაშინ გაბრიჩიძემ მითხრა, გეხვეწები ჩემზე ცუდს ნუ იტყვი, თქვენი წინასწარმეტყველების გამო, მინდა რომ სიმართლე იცოდეთ, თქვენი შვილი ძალიან ძვირად გაყიდეს, ფული შევარდნაძემდეა მისულიო. ვინ მიიტანა შევარდნაძემდე-მეთქი და სულხან პაპაშვილმაო. ამას პირველად ვამბობ. სულხანმა ხომ არ იცოდა, რა ფული მიჰქონდა ან მე როგორი გამწარებული დედა ვიყავი. მას თუკი დაავალეს, პირადი დაცვა იყო და ვადლებული იყო, რომ ის კონვერტი გადაეცა შევარდნაძისთვის. ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ძალიან გამწარებული ვარ ვიღაც სულხანზე, ის მხოლოდ შემსრულებელია, მაგრამ შევარდნაძეს ფული აკლდა, რომ მაინცდამაინც ძალიან მოკრძალებული ოჯახის შვილი, ზედმეტად წესიერი ბავშვის სიკვდილში ფული არ აეღო? 

-შევარდნაძემ რაში აიღო ფული, თქვენი შვილის მკვლელი რომ არ დასჯილიყო?

-ალბათ ბალუაშვილმა გაუგზავნა ფული. იმათ აიღეს და ეს საქმე არ უნდა გახსნილიყო. მე შევარდნაძემდეც ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ვინ მიმიშვა. ჩემი შვილის მოკვლით მე დამსაჯეს. ზვიადისტი დასაჯეს. შევარდნაძისთვის ყველაზე სასიხარულო იყო, როცა ზვიადისტი ისჯებოდა, თანაც აქტიური ზვიადისტი. შვიდი წელი მკვდარ ბავშვს მისცეს, ამის გაკეთება მხოლოდ შევარდნაძეს შეეძლო. ვითომ ჩემი შვილი იჯდა საჭესთან და მისი ძმაკაცი, მისი მიზეზით გარდაიცვალა. გარდაცვლილი შვილი შვიდი წელი პატიმარი მყავდა. შვიდი წელი რომ გავიდა, საფლავზე ჩავედი და აღვნიშნე, დღეს ციხიდან გამოგიშვეს-მეთქი, შვილო. 

სარდაფში ლიმონკა ვიპოვე. ალბათ ჩემი შვილის ძმაკაცებისგან მოხვდა იქ. ზოგი მხედრიონელი იყო. ჩემი შვილი ზვიდის მხარეს იყო, მაგრამ უბანში არავისთან ჰქონია ცუდი ურთიერთობა. ეტყობა იქ ვიღაცას ჰქონდა შენახული და მე ვიპოვე შემთხვევით. ვერ მივხვდი თავიდან მართალი იყო თუ სათამაშო, მერე მითხრეს, რომ ნამდვილი იყო და ჩავიდე ჩანთაში. გადავწყვიტე პროკურორიც და საკუთარი თავიც ამეფეთქბინა, რადგან სიმართლეს ვერ ვპოულობდი. მაშინ გამომძიებელი იყო ქობალია, პროკურორი - ვილი კაკულია, მას ენაზე გაუჩნდა კიბო. შვებულებაში გავდივარო მითხრა, ბოლოს რომ მივედი და გპირდები, რომ გამოვალ, აუცილებლად გავხსნი ამ საქმესო. ვეღარ გამოხვალ-მეთქი. როგორ არა, ათი დღით გავდივარო. ვერა, შენ მოკვდები, ჩემი და ჩემი შვილის სახელის ძახებაში ამოგხდება სული-მეთქი. ჟურნალისტებიც იყვნენ იქ. მართლა ასე მოხდა, პირველს მე დამირეკეს. 

-პატრიარქმა რატომ გთხოვათ მკვლელს აპატიეთო?

-შენ ხომ მართმადიდებელი ხარ, უნდა აპატიო, ყველას ღმერთი გასცემს პასუხსო. ჩემთვის უწმინდესი უსაყვარლესი ადამიანია, მა?სზე უკეთ ვინ მირჩევდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, რომ უწმინდესს დავუჯერე და იმიტომ არ დავაჭერინე. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი უწმინდესს, რომ ეს ვერ შევასრულე. ჩემ ხედვას რომ ვენდობი ისე ვერავის და ვერაფერს ვერ ვენდობი-მეთქი. მე ვიცოდი უკვე, რომ ვინც კი ამ საქმეში გარეული იყო, ყველა უნდა დახოცილიყო და მართლა ყველა დაიხოცა. 15 ოჯახი, ვინც კი სულ მცირედით ჩაერია, ყველა ამოწყდა. ერთ რამეზე მწყდება გული, შენ უნდა ყველაფერი დაითმინოო, შორენა სულ ასე მმძოღვრავდა, შენი სულისთვისაა ადამიანო კარგი, იმიტომ ხდება ამდენი განსაცდელი. შენ იმიტომ გამოგარჩია ღმერთმა, სამაგიეროდ იქ იქნები კარგადო. თვითონ არ უნდათ, რომ იქ კარგად იყვნენ? მე რომ არ უნდა დამეჭერინებინა შვილის მკვლელები, რატომ დააჭერინეს ციანიდზე ადამიანი, რატომ თვითონ ვერ შეძლეს პატიება, რატომ არ დააცადეს ღმერთს? მე უნდა ვაპატიო ყველას, ის, რომ ხერხემალში გადამტეხეს, ის რომ ჩემი შვილის საფლავში ნეხვი ჩაყარეს, ის რომ ერთ-ერთმა დედაომ, თაგვის წამლით ცადა ჩემი მოწამვლა. ყველაფერი ჩემს მოსაკლავად არ იყო? აქ მაშინ იღუმენია გვყავდა, რომელმაც ხელები დამითეთქვა. პირდაპირ მივმართავ უწმინდესს, ჩემო უძვირფასესო ადამიანო, იცით როგორი სიყვარულითაც მიყვარხართ, ჩემზე უკეთ ხედავთ ყველაფერს, თქვენს თავს არ მანახებენ. რაც აქ მოვედი, წამების მეტი არაფერი მინახავს. ერთხელ ბრძანეთ, ასე თუ გექცევიან, მე მაგ მონასტერს დავხურავო. ვუთხარი, დედაოები არიან, იქნებ მოვიდნენ გონზე-მეთქი. შემდეგ ამ იღუმენიამ, რომ დამარტყა, ეს გაიგო უწმინდესმა იმას აქ ხომ აღარ გააჩერებდა. იღუმენია რომ ხარ, ყველაფრის უფლება კი არ გაქვს. შეიძლება ლოგინში მწოლიარე დედაო სცემო კიდეც? უყურონ პატრიარქს და თავმდაბლობისა და სიწმინდის მაგალითი აიღონ. ნორალურია ძველი ბიჭივით რომ ლაპარაკობენ მეუფეები, განსაკუთრებით  იაკობი. მან შემომითვალა, თუ გინდა თავი მოიკალი, ვერაფერს ეღირსებიო და ეგრეც ვარ. მთელი ზამთარი, პანდემია რომ იყო და წამალი და საჭმელი გამომიგზავნე-მეთქი, ვთხოვე, შემომითვალა, არც ერთი გვაქვს და არც მეორეო. რა წარმოდგენა უნდა მქონდეს მათზე.