New York
დედა თამარი: ეს პანდემია რომ დამთავრდება, აუცილებლად სხვა გამოჩნდება
09 Dec. 2020
კატეგორიასაზოგადოება
ნახვები: 1195

დედა თამარი: ეს პანდემია რომ დამთავრდება, აუცილებლად სხვა გამოჩნდება

დედა თამარს ჯვრის მამის მონასტერში უამრავი ადამიანი სტუმრობს დახმარების სათხოვნელად და ის ბევრს ეხმარება განკურნებაში. თავად ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და იმიტომ, რომ საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობაზე დაუფარავად საუბრობს, ამბობს, რომ იქ ძალიან მტრობენ.

-დედაო, რა იცით ისეთი, რომ ასე გმტრობენ?

-ეს იმათ კითხეთ. მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობ, რაც მე გამიკეთეს. თვითონ როგორებიც არიან ეს არსად მილაპარაკია. ყველაზე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ხომ არ ვამბობ, ეს არაადამიანობა არ არის საკმარისი? შეუძლიათ, მე რომელიც არაფერს ვაშავებ, უმიზეზოდ ხან გაზი შემომიშვან, ჯადოები მომიყუდონ კარზე, შორენას გამოგზავნილმა ქალმა დანით კინაღამ გულ-ღვიძლი გამომფატრა. ჩემი კელიის გასაღები იმ იღუმენიას ჰქონდა, რომელმაც ხელები დამითეთქვა, მე სავადმყოფოში ვიწექი. მის გარდა ჩემს ოთახში არავინ შესულა, სუფთა ფარდა დავტოვე და საშინელი ლაქებით დამხვდა, რომელიც აღარ შორდებოდა. შორენამ ქალი გამომიგზავნა, მითხრა, შენ არ მიეკარო, ეგ ჯადოა, სიკვდილზე გაქვს გაკეთებულიო. მე არ ვიცი საიდან იცოდა შორენამ, ჯადო იყო თუ რა. სწორედ მისმა გამოგზავნილმა ქალმა გადმომაყრევინა კინაღამ ნაწლავები. ფეხი წამოვკარი მეთლახსო, თავი იმართლა, არადა ფეხის წამოსაკრავი იქ არაფერი იყო.

წელიწადი და ხუთი თვე გაფუჭებული მქონდა გაფუჭებული ლიფტი და არ მიკეთებდნენ. შორენას და იაკობის ტუსაღი ვიყავი. იცით რატომ? შორენამ მკითხა, შენ რას იტყვი, როგორ ხედავ ციანიდის ამბავსო? ვერაფერსაც ვერ ვხედავ-მეთქი. დაგეგმა იაკობმა და შენ ჩაგითრია. თქვენ ამოთხრილ ორმოში თქვენვე არ ჩასცვივდეთ-მეთქი. ამის თქმა იყო და გადამეკიდნენ შორენაც და იაკობიც. ახლა იაკობი და შორენა დიდად ჩახუტებულები ვეღარ არიან და ისიც ყველამ იცის, რომ ციანიდის თემა ჩაუვარდათ. ყველას ყველაფერი მოეკითხებათ და ძალიან მეცოდებიან. 

ძალიან მიბაკუნებენ ფეხს, უნდათ ძალიან მეშინოდეს. ვერ გავაგებინე, რომ შიში ჩემ შვილს ჩავაყოლე საფლავში. აღარ მეშინია, რისი უნდა მეშინოდეს, ერთი შვილი სამჯერ დავასაფლავე. აბელ არავიძესავით კისერზე გადებული დამყავდა მიცვალებული შვილი და თანაგრძნობა, სამძიმარი არავის გამოუცხადებია. მაგათ რომ სიყვარული იცოდნენ, ჩემნაირ დედას დაუწყებდნენ ჭიდავს? მე ჯერ მაგათზე არაფერი მითქვამს.  მხოლოდ იმას ვყვები, რაც მე გამიკეთეს. თვითონ რას წარმოადგენენ, ჯერ მაგათზე ლაპარაკის დრო არ მოსულა, მაგრამ ძალიან მალე მოვა.

-შორენა რა ფენომენია?

-შორენა უძლიერესი ქალია, ისე რომ არავს არ შეაწუხებს, არავის დაელაპარაკება. პირგაკერილი იქნება, მაგრამ შორენას შეუძლია, საქართველო დაანგრიოს და ააშენოს ერთ წუთში. მე და შორენა ძალიან ხშირად ვკამათობდით ზვიადისთან        დაკავშირებით. ზვიადი ძალიან სძულდა. აღკვეცის დროს პატრიარქმა ჩემს აღმკვეცელს უთხრა ჩემზე, აქ, საპატრიარქოში, ჩემს გვერდით უნდა იცხოვროსო. ისე გამაქრო იქედან შორენამ, ვერც გავიგე რა მოხდა. აღკვეცის შემდეგ სამი წელი აღარავის ვუკითიხვარ, სახლში ვიყავი. უწმინდესთან რომ ჩავედი, შორენას ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. ალბათ ჩათვალა, რომ ბომბი ვიყავი და მომაშორა. 

-ხმამაღლა საუბარი რომ დაიწყეთ გიჟიაო, თქვეს და საგიჟეთში წახვედით მოწმობისთვის.

-ძალიან სასაცილო კაცმა თქვა ეს ჩემზე-ჯაღმაიძემ, კაცის მკვლელმა, ფულის მონამ. შორენამ ძალიან მატკინა გული, მაგრამ სიმართლე თვალის სინათლეა, ჯაღმაიძეს მისი ადგილი უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჯაღმაიძეს ამ დროისთვის საპატრიარქოში „სტოსი“ მიყავს. მან თქვა, რომ მე სულიერად ავად ვარ. ჯერ მას შეხედონ თვალებზე, მერე მე და თქვან ვინ უფრო გავს გიჟს. ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენებათ, საგიჟეთში წავედი, იქაც ეცინებოდათ, მაგრამ მართლა არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ჯაღმაიძეს დავპირდი, თუ გიჟის ცნობას მომცემენ, მაშინ პასუხი არ მომეთხოვება, ჩამოვალ და არ ვიცი, რას ვიზამ-მეთქი. თუ აღმოჩნდება, რომ გიჟი არავარ, აუცილებლად გიჩივლებ ცილისწამებისთვის-მეთქი. გიჟის ცნობას ვინ მომცემდა, ჭკვიანის ცნობა შვიდასი ლარი ღირდა და სამი საათის მერე აღარ აქვს ძალაო. ჩივილსაც კი ვერ ვასწრებდი. ექიმმა როგორც ჩანს საპატრიარქოში დარეკა და უთხრეს, რომ არაფრის ცნობა არ მოეცათ. ჯაღმაიძეს ვეტყვი, იმ ბავშვის ცოდვის ეშინოდეს, რომელიც კისერზე ადევს. შვილის სულს ვფიცავ, თუ არ მეცოდებოდეს იმ ბედისთვის, საბოლოოდ რომ ელოდება. 

პატრიარქმა მითხრა, დღევანდელ მონასტერში ყოფნას, ნამდვილად სჯობს უპატრონოთა თავშესაფარში ყოფნაო. უწმინდესი რომ ამას გეტყვის, რა სიტუაციაა ხომ გასაგებია. მე ვთხოვდი იქ გაშვებას. ჩემზე ამბობენ ხოლმე, ყველაზე მოვლილი დედაო გვყავსო. რომ შემიძლია სუფთა საწოლში ჩავწვე, თავს მივხედო და მოწესრიგებული ვიყო, ამას გულისხმობენ? უწმინდესს ვთხოვ, ჩემო უსაყვარლესო ადამიანო, ჯვარის მამის მონასტერი ნამდვილად უნდა დაიხუროს. არ იცით აქ რა ხდება. რას იყოფენ და რას ვერა დედები. წინამძღვარს არ ინდობენ. ასეთი დედები არიან საჭირონი უწმინდესო, როცა არც მიცვალებულს ინდობენ და არც ცოცხალს? ლოცვებს ესენი არ ესწრებიან, მარტო ადამიანების გამწარება შეუძლიათ. 

საერთოდ, ეკლესიაში უმრავლესობა კარგები გვყავს, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ერთმა ტალახიანმა ღორმა, ყველა გასვარაო, ყველა მეუფეზე ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, ყველას არც ვიცნობ. ვისაც ვიცნობ და ვინც გული გამიგლიჯა არაა საკმარისი? ყველაზე მთავრები, პატრიარქის ქორეპისკოპოსები არიან. მე ვინც აღმკვეცა, უწმინდესმა მერე შვილად მიკურთხა. დღეს მაყვედრის, მე რა ვალდებული ვიყავი, შენი შვილის პანაშვიდები გადამეხადაო?! შვილის პანაშვიდს როგორ მაყვედრი? სამკურნალოდ რომ მივდიოდი ათასი ლარი გამომიგზავნა და უკან გავუგზავნე. ალბათ, იფიქრა იცოტავაო და ათასი დოლარი გამომიგზავნა. ისიც უკან გავუგზავნე. უწმინდესი მიგზავნის დღესაც წამლის და მომვლელის ფულს. დანარჩენს ტყუილად დაიბრალებს ვინმე რამეს. ჩემი გადატეხილი ხერხემლის სამკურნალოდ ერთი ლარიც კი არ გამოუყვია საპატრიარქოს. უწმინდესმა ნამდვილად არ იცოდა რომ მივდიოდი. პატრიარქისგან მე კურთხევა არასდროს ამიღია, მისგან დალოცვა არ მიმიღია სამკურნალოდ წასვლის წინ, მასთან არ მიშვებდნენ. კიარა, შორენამ მომაკვდავი ძმა მიმაყვანინა საპატრიარქოში, დასვა იქ რამდნეიმე საათი და დაულოცავი გამოუშვა უკან. ამ დროს თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, მე რომ მიმეყვანა კიდევ ვიფიქრებდი რამეს. ჩემი ძმა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. პატრიარქამდე არ შეუშვეს. ეს ასე ადვილი კიარაა. მე შორენამ მითხრა, რადგან შენ იაკობი არ მოგწონს, მე არ ჩავერევი, პატრიარქს ჩემგან ვეღარ ნახავო, თითქოს სხვა დროს მაშინვე შევყავდი. თუ შემიყვანდა ორ წუთში თავზე მადგებოდა, ჩქარაო, უწმინდესთან საუბარს არ მაცლიდა. ჟურნალში ინტერვიუს იყო ჩემი წლების წინ, ვწერდი, პატრიარქი დიდხანს იცოცხლებს, კარგად იქნება და მისი მმართველობა იქნება-მეთქი. ეს ჟურნალი მივიტანე პატრიარქთან, ნახეთ-მეთქი? და არაო. თუ მასზე ვინმემ ცუდი თქვა, მაშინვე წინ დაუდებენ, რომ როგორმე გული ატკინონ, მაგრამ კარგს თუ ამბობეს ვინმე, არ ანახებენ. ერთ-ერთი მეუფე შემოვიდა იმ მომენტში და პატრიარქი უცებ ჟურნალზე დაჯდა, დამალა, იმიტომ, რომ არ წააკითხებდნენ არავითარ შემთხვევაში. მან ძალიან კარგად იცის როგორ მიყვარს და ვერ დავიჯერებ რომ არ მკითხულობს. მე რომ ჩავედი, კარისკაცმა მითხრა, ეტლი გარეთ დატოვე და წადიო. მითხარით, უფეხო ადამიანი გაივლის? ერთი სნაიპერიღა აკლიათ, რომ მესროლონ, დანარჩენი ყველაფერი გაკეთებული აქვს.

-რა მოხდება ყველაფერზე ღიად როცა დაიწყებთ საუბარს?

-მერე ვართ ძალიან ცოდონი, ერიც და ბერიც. უამრავი სუფთა ბერი და მამა გვყავს. ეკლესიაში ცუდიცაა და კარგიც. ყველანაირი აღიკვეცება, ზოგი გამოსწორდა, ზოგს კაბის ქვეშ მაუზერი კიდია და იაკობასავით ხულიგნები არიან, მაგრამ კარგებიც ხომ არიან. რას ელოდებიან, პატრიარქის რას? ეს სიტყვა რომ ვერავინ მათქმევინა, რასაც ეგენი ელოდებიან, იმიტომ გადამეკიდნენ უფრო მეტად. რატომ გიყვარს პატრიარქი ასეო, ამიტომაც არიან გაცოფებულები. ეს სიყვარული არ მაპატია შორენამ. 

არ ვინატრებდი მათ ბედს, არც იაკობასას და არც მაგათ ფულებს, ძალიან მეცოდებიან, რომ ვიცი, რაშიც დასჭირდებათ ის ფულები. აქ ყველაფერი გააკეთეს, რომ სიძულვილით გავევსეთ. სიყვარულით სავსე მოვედი. ხანდახან ვიტყვი სიძულვილით ამავსეს-მეთქი, მაგრამ არცერთი არ მძულს, ჩემი შვილის საფლავს ვფიცავ. გაბრაზებული ვარ, იმიტომ, რომ ძალიან მატკინეს გული. იაკობი დაიმუქრა, მე მაგას მოვაშორებ ეკლესიიდანო, მაგრამ ისიც კი არ მძულს. მადლობა უფალს, რომ სიძულვილი არ ვიცი.  შორენამ ვერ წარმოიდგენთ როგორ მატკინა გული, როცა დაცვასთან გადამამისამართა, როცა უწმინდესის კურთხევა მაქვს, დედაო, როცა მობრძანდებით, არავის არაფერი შეეკითხოთ, პირდაპირ ჩემთან ამობრძანდითო.

შორენა ისე მიყვარდა შვილს ვადარებდი. ჩემი მეუფე, რომელმაც აღმკვეცა, მეუბნებოდა, რკინის ქალი გაადნე, სიყვარული ასწავლე. როგორც შენ გვეფერები, ისიც ისე ენამოჩლექით გველაპარაკებაო. შორენა-რკინასავით დედაკაცი მოვღუნე და იმ მეუფეებს, რომელსაც მე ვეფერებოდი, ისიც სიხარულოთი ელაპარაკებოდა. სიყვარული ვასწავლე, სამაგაიეროდ თვითონ? სიძულვილი არ ვიცი, მაგრამ გული ნამდვილად მაქვს ნატკენი და ალბათ ვერასდროს შევძლებ ამ სამი ადამიანის პატიებას, იმიტომ, რომ ესენი განსაკუთრებულად მიყვარდნენ: იაკობი, შორენა და მეუფე თევდორე, ვინც მე აღმკვეცა. რომელმაც ისეთი უბრალო რამისთვის გამწირა, რომ აღარც მინდა. ამათ ქვიათ სასულიერო პირები და ესენი არიან სიკეთის მთესველები? არა ჩემი კარგო, თავის თავს უფრთხილდებიან, კარგი სახლები აქვთ, ბლომად ფული ჯიბეში, კაი ,,ნაშოჩკა“ დედაოები ყავთ და მათი ,,ნაშოჩკა“ დედაოები, დიახ, მაგარი მანქანებითაც დაგრიალობენ.

მე დიდიხანია საპატრიარქოში არ ჩავსულვარ. შორენა არ იყოს მშვიდად, არ იფიქროს, რომ მორჩა, რომ მე იქ არ ჩავალ. აუცილებლად ჩავალ და მაინცდამაინც სასიამოვნო დღე არ იქნება მათთვის. აუცილებლად მჭირდება პასუხი მისგან, რა დანაშაული მაქვს ჩადენილი მის წინაშე. თუ იტყვის, რომ მლანძაღავსო, ეს მას შემდეგ, რაც გამანადგურა, მე მას შემდეგ ვთქვი სიმართლე. ბოლოსდაბოლოს შვილი გადმოვასვენე ისე, რომ უწმინდესმა არ იცოდა, მისი დამსახურებით. 

თქვენ გგონიათ, რომ მას ზვიადის დროს მოვლენების განვითარებასთან საერთო არ აქვს? შორენას რომ ვუთხარი, ქაშუეთის ეკლესიიდან გამოვარდა პირველი ტყვია, როცა ზვიადის დაუშინეს ბომბები, ჩემი ბიძაშვილი გოგო გარდაიცვალა ოთხი თვის ფეღმძიმე-ციცინო ქვეხიშვილი იქედან გამოვარდნილი ტყვიით-მეთქი, მიპასუხა, რანაირად იქნებოდა იქ იარაღი, როცა იმ ღამეს გასაღები მე მედოო. შორენა არის ერის ადამიანი და უწმინდესის რეფერენტ-მდივანი. რა უნდა მის ჯიბეში გასაღებს ვინმე ამიხსნის? არის თუ არა აქ უკვე ყველაფერი ნათქვამი? 

შევარდნაძე რომ უნდა გაეცილებინათ თავიანთი დადგმული სცენარებით და ეს გიჟი სააკაშვილი მოეყვანათ, სწორედ მაშინ იქ ვიყავი და შორენამ დაურეკა ჟვანიას. ბატონო ზურა, ჩამობრძანდით, თვენი სახელობის ხე დარგეთ საპატრიარქოშიო. უკვე ვიცოდი შევარდნაძის ბედი, ჩემი ხედვა რაღად მინდოდა, ეგრევე ფაქტი მომცა. 

არც ისეთი კარგი მომავალი გველის. ხალხს ვეტყვი, გული არ გაიტეხონ, იმედიანად იყვნენ. კარგი არ მოელოდებათო, რომ ვამბობ, თავად იციან, ვისი მისამართითაც ვამბობ. ხალხი ძალიან მშვიდად იყოს, უფალი ჩვენთანაა. ეს პანდემია რომ დამთავრდება, აუცილებლად სხვა გამოჩნდება. იმიტომ, რომ ბოლოჟამია, ბევრი რამ უნდა გავიაროთ და ყველაფერთან თანაცხოვრება ვისწავლოთ. სამწუხაროდ, სიყვარულის ნაკლებობაა და იმიტომ არ უფრთხილდებიან ერთმანეთს. ხომ ხედავთ რა მდგომარეობა გვაქვს, ყველა პარტია სათავისოდ იბრძვის. ამიტომ თავის გადარჩენა უნდა ვისწავლოთ. ვისაც თოხის და ბარის აღება შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს. ზვიადის დროს, თითო ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს სიყვარულით. ამ მთავრობას და მიშას მობრუნებას, ჯობს კოალიციური მთავრება შედგეს და თავი დაგვანებონ ამათ თავიანთი კოჰაბიტაციით. 

-იმ ადამიანებზეც მომიყევით, ვისაც თქვენი წინასწარმეტყველების და დახმარების იმედი აქვს. როგორც ვიცი, აქ ბევრი ადამიანი მოდის, ვისაც განკურნებაში ეხმარებით.

-არ მინდა თავის ქება დავიწყო. ნამდვილად არ მგონია, რომ რამეს წარმოვადგენ. ისე ძალიან მიყვარს უფალი, იმდენად სიახლოვეს ვგრძნობ მასთან, ჩემთან მოსული ადამიანები მეუბნებიან, რა იმედიანი სიტყვა გაქვთ, რასაც გვეტყვით, მაშინვე გვისრულდება, როგორი თბილი ლოცვით გვლოცავო. მე მხოლოდ უფლის სიყვარულით ვამბობ ყველაფერს, მთელი სხეულით ვგრძნობ, რომ ის ჩემთანაა. თქვენც მოისმინეთ ამერიკიდან გოგონას ზარი, ბევრნი არიან, მათ შორის სხვა ქვეყანაში მაცხოვრები. ადამიანები მოდიან დასალოცად, სასაუბროდ, კარგად ხდებიან და მიდიან. ამას უფალი აკეთებს, მე მხოლოდ გამტარად გამომიყენა. დღეს ახალგაზრდა გოგო მყავდა, ტირილით იდგა კართან ქმარ-შვილით. ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინესო, ანგელოზივით გოგო იყო. ვერ გეტყვით, როგორ ვინერვიულე. ვუთხარი, ჩემი იმედი არგქონდეთ, ღმერთის იმედზე იყავით, ძალიან ხშირად ეზიარეთ. გულწრფელი აღსარება ჩააბარეთ. მე ამწუთას მესმის, უფალი ამბობს, რომ შენ მაგით უნდა იცოცხლო და უნდა დაბერდე-მეთქი. სიხარულისაგან ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაში ჩავარდა. 



წყარო: თბილისელები