New York
დათო ევგენიძის საბჭოთა მოგონებები - მოსკოვის კონსერვატორიიდან „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორიამდე
კატეგორიასაზოგადოება
ნახვები: 901

დათო ევგენიძის საბჭოთა მოგონებები - მოსკოვის კონსერვატორიიდან „თვითმფრინავის ბიჭების“ ისტორიამდე

მან მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, სადაც ჩაბარება, იმ დროისთვისაც თითქმის წარმოუდგენელი იყო საქართველოდან ჩასული ადამიანისათვის და არამხოლოდ. 80-იან წლებშივე ხორციელდებოდა მისი ნაწარმოებები მოსკოვის  დიდი თეატრის, ამერიკის, საფრანგეთის ესპანეთის თეატრის სცენებზე, მონაწილეობდა ჯაზ-ფესტივალებში... ამ ადამიანის წარმატებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მას ცოტა სხვანაირად წარვადგენ ახლა.

ეს დათო ევგენიძეა, რომელთანაც საუბარი ყველა თემაზე, განსაკუთრებით საბჭოთა სისტემაზე, ყოველთვის საინტერესოა. რატომ საბჭოთა სისტემაზე? იმიტომ, რომ ამ სისტემამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მის თაობას, ამ სისტემამ შთანთქა მისი მეგობრები - ძალიან ინტელექტუალები, განათლებულები, კარგი ოჯახის შვილები, ბიჭები თვითმფრინავიდან, რომლებიც ტერორისტებად მონათლეს მხოლოდ იმიტომ რომ თავისუფლება სწყუროდათ და ამ თავისუფლებას იმ დროს მხოლოდ გაქცევით თუ მოიპოვებდნენ. დათო ევგენიძე იმ თაობიდანაა, რომლის ახალგაზრდობაში თბილისი ჯერ კიდევ თბილისი იყო და აქაურ ურთიერთობებს დიდი ფასი ედო. „საქართველოს ფოსტა“ დათოს ცხოვრებაზე გაუწყებთ. ეს კი, მისი კრებულის სათაურია, ისეთივე ორდინალური  სახელწოდებითა და წიგნის ყდის დიზაინით, როგორიც თავადაა.

_ დათო, შენ იმ თაობის წარმომადგენელი ხარ, რომელიც თბილისს ძალიან ეძვირფასება, იმიტომ რომ ნაღდმა თბილისელმა ყველაზე კარგად იცის ადამიანური ურთიერთობები, რაც სწორედ ოჯახმა და ამ ქალაქმა გასწავლა, იმიტომ რომ რაც იყო თბილისი, როგორ ადამიანებზეც იდგა, აღარ განმეორდება. ამიტომ მოდი წარსულის მოგონებებიდან დავიწყოთ.

_ დავიბადე და გავიზარდე თბილისურ ეზოში, რუსთაველის 44-ში, იმ ეზოში  სადაც სხვადსხვა ენოვანი ადამიანები ცხოვრობდნენ. პირველ, მეორე, მესამე სართულზე ვინც ვიყავით, ყველა ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. ყველა ოჯახიდან სხვადსხვა ენა, მუსიკა ისმოდა. ამიტომ ჩემს ქვეცნობიერებაზე ამ ყველაფერმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა და სინთეზი ჩემს შემოქმედებაში, იმ ბავშვობის ინსპირანციიდან მოდის. 1997 წელს მქონდა ასეთი კონცერტი - შაბათი, სადაც ჯაზიც იყო, კლასიკაც, აკაპელაც... ჩემს ბავშვობას მივუძღვენი ანუ ის მუსიკა, რაც მე სულ მესმოდა ჩემს ბავშვობაში, კოლაჟი, რომელსაც ცალ-ცალკე კი არ ვისმენდი, არამედ ერთდ, ჩემი შემოქმედების ნაწილი გახდა. პარიზში ჩემი დისკი გამოიცა, სადაც წინასიტყვაობაში ვამბობ: _ თუკი არსებობს მრავალი ჟანრი, მე მინდა ვიყო ხიდი ამ ჟანრებს შორის. ეს იყო სწორედ ჩემი ბავშვობიდან მოსული გზავნილი, რამაც დიდი გარდატეხა შეიტანა ჩემს მუსიკალური ჟღერადობის კონცეფციაში. ეს არს ჩემი დამოკიდებულება მუსიკასთან. მანდ მივხვდი, რომ მთავარია შენ როგორ ხმარობ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ  არ არსებობს მუსიკაში დისონანსი.

­_ შენი შემოქმედებითი გზა, პატარა ასაკიდან განისაზღვრა. რა გახსენდება იმ პერიოდიდან, როგორ გახსოვს შენი თავი?

_  ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მოვხვდი. მე ვუკრავდი, ჩემი და - მღეროდა. მესამე კლასში ვიყავი, როცა უკვე გაზეთ „თბილისში” ჩემი სიმღერის ნოტები დაიბეჭდა. სანდრო მირიანაშვილმა გამოაქვეყნა და ასე დამილოცა გზა. მერე სულხან ცინცაძემ მომისმინა. მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. შენ აუცილებლად უნდა გააგრძელო როგორც კომპოზიტორმაო - მითხრა. ფორტეპიანოზე მის ცოლთან დავდიოდი მესამე სამუსიკო სკოლაში. მერე, ვსწავლობდი ლილი იაშვილთან, რომელმაც ნოტებზე ჩაწერა მასწავლა და მე უკვე ჩემს საფორტეპიანო ნაწარმოებს ნოტებზე ვიწერდი. თან,  ვხატავდი. რომ დავხატავდი მერე ამ ნახატზე ვწერდი მუსიკას... ლილი იაშვილთან მქონდა დიდი შემოქმედებითი პერიოდი, ამ საოცარ ქალბატონთან. დიდი ცოდნა მომცა. მერე ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიაში. მაშინ ასე, ვერავინ ბედავდა იქ ჩაბარებას. არც მეგონა რომ მოვხვდებოდი. მეგონა და შეგუებული ვიყავი იმას, რომ თუ ჩავაბარებდი, მოსამზადებელ ჯგუფში ვიქნებოდი. კარგად მახსოვს გამოცდის დღე. ოთახი იყო, სადაც ყველა აბიტურიენტი იყო შეკრებილი და თავის ნაწარმოებებს უსმენდნენ. ჩანაწერი  უნდა გაგეტანათ, ვიღაცეები ცოცხლად ასრულებდნენ. იქ იყვნენ ჩემზე უფროსებიც, ვისაც ტექნიკუმი ჰქონდათ დამთავრებული და ოთხი თუ ხუთი წელი კიდე, კონსერვატორიაში აბარებდნენ. კაცებად მომეჩვენნენ. მეთქი- სად მოვედი საერთოდ. ამხელა გენიოსებთან, სიმფონიური ნაწარმოები ჰქონდათ მოტანილი. მე ვინ ვიყავი მათთან. რომ გავიტანე ჩემი ხუთი საფორტეპიანო პრელუდია, გავიგე გამოცდაზე ერთმანეთს როგორ ეჩურჩულებოდნენ, ეს ბიჭი არ უნდა ჩაიჭრასო.

_ მაშინ, ბიჭი მუსიკაზე, ნოტებით ხელში, მთელი უბნისთვის და სამეგობროსთვის ცოტა საღადაო თემა იყო, როგორც ვიცი. ბრაზდებოდი ალბათ.

_ ხშირად მიწევდა ჩხუბი. პატარა ასაკში ნოტებით დავდიოდი და ბიჭები სულ მაბრაზებდნენ - ვა, მუზიკანტ  და რაღაც ეგეთ ნერვების მომშლელ ფრაზებს ამბობდნენ. იცინოდნენ, მაგრამ არა ბოროტულად. მთელი სკოლის პერიოდიდან ვმეგობრობდით: მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ლევან აბაშიძე, დათო გომართელი, ლევან კერესელიძე... საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე იყო, რომელებიც ვაკეთებდით სალონური ტიპის კონცერტებს. მართლა საოცარი ბავშვობა მქონდა და უზარმაზარი სიცარიელე დამრჩა მათი არ ყოფნით. მარტო მე არა, მთელ ქალაქს დააკლდნენ ეს ბიჭები. ჩვენმა თაობამ, უმრავლესობამ 30 წელსაც ვერ მიაღწია.

_ ქუჩა თქვენს თაობაში არ იყო უბრალოდ ქუჩა. მას დიდი შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. ქუჩაში იდექით, მაგრამ კი არ გაგაფუჭათ, არამედ კაცებად გაგზარდათ, ბევრი რამ დაგანახათ, როგორც ცუდი, ისე კარგი, ბევრი გასწავლათ. მაშინ კრიმინალიც კი, არ იყო ისეთი გახშირებული და მძიმე, როგორიც დღეს არის. ყველა შენი თაობის ბიჭი ძალიან განათლებული, ინტელექტუალური, კარგი მატერიალური შესაძლებლობების მქონე ოჯახიდან იყო გამოსული, ისეთი, ინტელიგენციას რომ ვუწოდებთ. დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდი თავად თქვენს ურთიერთობებს. ამას იმიტომ გეკითხები, მინდა, ახალმა თაობამ გაიგოს, დაინახოს წარმოსახვით თუ როგორ უნდა იცხოვრონ და ნურავინ იტყვის, რომ ეს მაგალითები, როგორც რჩევა, მათ ჩვენგან არ სჭირდებათ.

_ ჩვენ 80-იანელები ვართ. თბილისში ყველა ძველვბიჭობდით. ჩვენში თუ ვინმე დანას იხმარდა, ძალიან იშვიათად, ისიც როგორ იცი? დანის წვერზე თითი ედო, რომ ჭრილობა უმნიშვნელო ყოფილიყო. ალბათ უფრო დაშინების მიზნით, ვიდრე სერიოზულად. არ იმეტებდნენ ჩხუბის დროს ერთმანეთს და ყოველთვის ჩხუბი მთავრდებოდა შერიგებით. მერე ყველა ერთად სახინკლეში მივდიოდით. ერთ ოჯახად ვცხოვრობდით საერთოდ, ერთმანეთის სახლში გვეძინა. არ ყოფილა ისეთი პერიოდი ამ ჩვენი ურთიერთობიდან, რომ ჩვენ ჩვენთვის წავსულიყავით სახლებში დღის ბოლოს და მარტოს დაგვეძინა. იმდენად გვიყვარდა ერთმანეთი, რომ ღამეც გვენანებოდა განსაშორებლად. თითქოს ქვეცნობიერად ვგრძნობდით, რომ მოკლე იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა. ლევანი ერთ ლამაზ გოგოზე იყო შეყვარებული, მახსოვს. თვითონ ერიდებოდა  და ორი თვის მანძილზე მე ამქონდა ყვავილები ამ გოგოსთან. მერე ეს გოგო წავიდა ბიჭვინთაში დასასვენებლად. იმ გოგოს დაბადების დღე იყო. ლევანს ძალიან უნდოდა მოლოცვა. მაშინ კომუნიკაცია ასე ადვილი არ იყო, რთული იყო. მობილურები არ არსებობდა. ლევანი უკვე ფილმებში იყო გადაღებული, მეც ტელევიზიით მიცნობდნენ და წავედით ტელეგრაფში. კენჭი ვესროლეთ ფანჯარას. გადმოიხედეს ფანჯრიდან. ავუხსენით, რომ ლევანი შეყვარებულია და იქნებ დაგვაკავშიროთ ამა და ამ ადამიანს. იმათ  გვითხრეს ორ კაპიკიანი არ გაქვთო> არ გვქონდა, ქუჩაში ვიღაცას გამოვართვით. ვუთხარით ნომერი. ამ ნომრით დავუკავშირდით ტელეგრაფს და ტელეგრაფმა დაგვაკავშირა იმ გოგოს. რომ მოვულოცეთ, ლევანმა უთხრა, იცი საიდან გირეკავო? ორ კაპიკიანი ავტომატიდანო. რა თქმა უნდა არ უჯერებდა. მე ვიდექი და მაქანებს ვაჩერებდი, რომ დაესიგნალებინათ, რომ დაეჯერა, რომ მართლა ავტომატიდან მოვულოცეთ დაბადების დღე.

_ მაშინ, გოგონებიც სხვანაირები იყვნენ  არა? ძალიან მოკრძალებულები, თავმდაბლები, კარგი წეს-ჩვეულებებით... და სიყვარულიც სხვანაირი ჰქონდათ, ისეთი... სუფთა, ნაღდი და უანგარო.

_ მაშინ სკოლიდან დავიწყებ. სულ შატალოზე ვიყავით. ჩვენი შეხვედრის ადგილი იყო ფილარმონიასთან მდგარი ქანდაკება - მუზა. იქ იდგა ერთი დიდი ყუთი და იმ ყუთში ვყრიდით ჩვენს ჩანთებს. მერე მივდიოდით კაფე თბილისში ან ალექსანდროვის ბაღში. იმ ბაღში ერთი ფოტოგრაფი იჯდა და ბევრ ფოტოს ვიღებდით. რა თქმა უნდა გოგოებს მოსწონდათ ინტელექტუალური ბიჭები. რაც უფრო ნაკითხი იყავი, ცნობდი მხატვრების  რეპროდუქციები იცოდი, ლიტერატურაში, ყველაფერში კარგად ერკვეოდი, მათ თვალში პიროვნება იყავი. ამით ვაწონებდით თავს გოგოებს და არა სხვა რაღაცეებით. სიურპრიზების გაკეთება გვიყვარდა. მაგალითად, ლიკანში ისვენებდა ერთი გოგო ვინც მიყვარდა. ბიჭები წავედით. გზაში დავწერე სიმღერა ამ გოგოსთვის. ჩავედით და ერთად ვუმღერეთ ფანჯარასთან, დილის შვიდ საათზე და უამრავი ასეთი მაგალითი იყო.

 რა არის იცი? თვითონ ქუჩა არ იყო ასეთი მავნებელი, როგორიც დღეს არის. კი, მაშინაც იყო ძველბიჭობა, მაგრამ არ იყო ერთმანეთის გამეტება. ბევრად უფრო ლმობიერი იყო ჩხუბი. იყო შეხვედრის ადგილზე დანიშვნები, სადაც უნდა გვეჩხუბა. მერე ხშირად, უბნები ვჩხუბობდით - ვერელები, ვაკელები, საბურთალოელები,  მაგრამ სიბოროტე და გამეტება არ იდო ამაში.

_ მაგრამ მშობლები ხომ ნერვიულობდნენ?

_  ისეთს არაფერს ჩავდიოდით, რომ ჩვენს მშობლებს ისტერიკა დამართნოდათ ამაზე. მე მახსოვს ჩვენი ჩხუბების ფინალი. ცოტა სასაცილო იყო. ერთხელ, ვაკელებთან მოგვივიდა მე და ჩემს მეგობრებს ჩხუბი ბაკურიანში. დიდხანს გაგრძელდა. ვაკელები თუ მთაწმინდაზე დაგვიჭერდნენ, ჩვენ გვცემდნენ, თუ ჩვენ დავიჭერდით იმათ მთაწმინდაზე - ჩვენ ვცემდით და ასე... ერთხელაც, გმირთა მოედანზე, პატარა ბაღი იყო იქვე. სტუმრად ვართ. მოგვაგნეს და გაგვიყვანეს. ვაკეში იყო ერთი, ჩვენზე ერთი, ორი წლით უფროსი ბიჭი, მეტსახელად კარანდა. მათზე ათი, თხუთმეტი წლით უფროს ხალხი დიდ პატივს სცემდნენ. ნამდვილი ვაჟკაცი იყო. კარანდასთან მოიყვანეს ვიღაც ტიპი. ცოტა არ იყოს  შემეშინდა. დავიწყე ლაპარაკი, შენ მართალი არ ხარ, ვეუბნები და უცებ მომიტრიალდა ეს ბიჭი და მეუბნება: არ გრცხვენია დათო? შენნაირი ნიჭი რომ მქონდეს, საერთოდ ქუჩაში არ გავიდოდი. მე ტყვია როდის მომხვდება არ ვიცი. შენ მუსიკას წერ, დიდი მომავალი გაქვს, რა გინდა  ქუჩაშიო?.. მერე მე წავედი მოსკოვში ორი კვირით, მოსამზადებლად და გავიგე, რომ ეს ბიჭი მომკლეს. ისე კარგად მახსოვს მისი ეს სიტყვები,  ჩამრჩა... იმ დღიდან სულ თავს ვარიდებდი კონფლიქტებში ჩარევას, თუმცა ხომ გეუბნები ყოველთვის შერიგებით მთავრდებოდა. ბევრჯერ მომხვედრია მუშტი ცხვირში, იმათაც მოხვედრიათ. მერე ვრიგდებოდით. სახინკლის ფულს ვაგროვებდით  და ყველა ერთად მივდიოდით სახინკლეში მივდიოდით.

_ რა როლი გქონდა იმ ცნობილი გაქცევის ისტორიაში? თვითმფრინავის ბიჭებს ვგულისხმობ.

_ ქორწილის ღამეს, სულ, ყველა, ვინც გაფრინდნენ, ჩემთან სახლში მოსულან. ცარიელი ბინა მქონდა ნუცუბიძეზე, ჯერ გადასულები არ ვიყავით მე და ჩემი ოჯახი რუსთაველის სახლიდან. იქ მქონდა დასარტყამი ინსტრუმენტები, გიტარა, პიანინო... ავდიოდით, ვუკრავდით. ქორწილიდან ცოტა ადრე წავედით მე და ირაკლი ჩარკვიანი. ცოტა ვიეჭვიანეთ, იმიტომ რომ ჩვენზე ახლობელი გეგას არვინ ჰყავდა და ვერ მივხვდით, რატომ არ ვიყავით მეჯვარეები. მე ლევანი და ირაკლი ადრე ავდექით. გეგა გამოგვეკიდა, სად მიდიხართო. მეთქი-გეგა, არ ვსვამთ და წავალთ -მეთქი. სად იქნებითო, მეთქი-ნუცუბიძეზე... მოკლედ, მე და ირაკლი ავედით ნუცუბიძეზე. ღამის  ორის ნახევარი იყო. კარზე დაგვხვდა წერილი: ვიყავით გეგა, თინიკო და კომპანია. მერე, ირაკლის ვუთხარი: რადგან გეგა მოვიდა, ხვალ „სვადებნიში“ მიდის და მივაკითხოთ- მეთქი. გეგა იქვე, კანდელაკზე ცხოვრობდა. მე უკვე მანქანა მყავდა. მამაჩემმა მიყიდა კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე. გავარდით. დავუკაკუნეთ ფანჯარაზე. ქუჩაზე გამოდიოდა მისი ფანჯრები. პირველ სართულზე ცხოვრობდა. უკვე იწვა. ტუსებში იყო,  რომ გამოიხედა. ცოლი ააყენა ლოგინიდან და ჩვენთან წამოვიდა. თინიკოს კარგად არ ვიცნობდით. რაღაც. სულ მოღუშული სახით იჯდა. არაფერზე იღიმოდა. ჩაის ვაკეთებდით მე და ირაკლი. ირაკლიმ თქვა: როგორი გოგოა, არც გვიცინის, არაფერი... ეტყობა არ მოვწონვართო. ვერც წარმოვიდგენდით, სად მიდიოდნენ, რა ხდებოდა. გეგა დასარტყამ ინსტრუმენტებთან იჯდა, ირაკლი გიტარაზე, მე პიანოზე. რაღაცაზე ვიცინოდით. რომ მივიყვანეთ მანქანით სახლში, გეგამ „ქემელის“ კოლოფი მესროლა. ვერ მივხვდით რა მესიჯი იყო მისგან. ძაან მაგრად ჩაგვეხუტა. ცოტა კი გაგვიკვირდა, ასე რომ დაგვემშვიდობა, მაგრამ ჩვენ ვიფიქრეთ, ნუ, რა მოხდა, ერთი კვირით მიდის საქორწინო მოგზაურობაში, ჩამოვა რა... ირაკლი მივიყვანე სახლში, პეკინზე. მე რუსთველზე, ჩემს სახლში წამოვედი. მეორე დღეს, სადღაც შუადღე იქნებოდა ირაკლიმ დამირეკა და მითხრა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო. მეგონა ხუმრობდა. ხმაზე შევატყე, რომ სიმართლე იყო. სასწრაფოდ გავვარდით მანქანით მე და ირაკლი. გადაკეტილი იყო მთელი აეროპორტისკენ მიმავალი გზა...

ეს ჩვენი ცხოვრების სერიოზული ტრავმაა. გეგა და ჩემი და ერთ წელს თვესა და რიცხვში დაბადებული იყვნენ. ჩემი და რომ დაიღუპა, გეგას დაბადების დღე აღარ გადაუხდია, ჩემთან მოდიოდა ხოლმე სახლში თავის დაბადების დღეზე. რა გითხრათ. შოკი იყო. პატარები ვიყავით. მახსოვს, ახალი წელი იყო რომ გამოგვიძახეს მაშინდელ „კგბ“- ში. ბაკურიანში ვიყავით მაგ დროს. არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი დღეები.

_ საუბრის დასაწყისში ასეთი რა მითხარი: გეგას ჩემზე და ირაკლი ჩარკვიანზე ახლო მეგობარი არავინ ჰყავდა და მეწყინა მეჯვარედ რომ არ წაგვიყვანაო. შენმა უახლოესმა მეგობარმა ასეთი ამბავი დაგიმალა. არ გქონდათ რამდენიმე თვეებით, დღეებით ადრე ამ სერიოზულ თემაზე საუბარი. შენ არასდროს გდომებია წასვლა?

_ მე არასდროს მქონია გაქცევის სურვილი. ჩვენ პროტესტს სხვანაირად გამოვხატავდით. ჩვენი პროტესტი უკვე იყო ჩვენი არაორდინალური ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, ცხოვრების წესი. ეს იყო მესიჯები, რომ ჩვენ თქვენ არ გგავართ.

_ არის რამე ისეთი, რაც აქამდე არ გითქვამს ამ თემაზე და გინდა რომ ახლა თქვა?

_ მე მხოლოდ ერთი რა მინდა ვთქვა: ის ადამიანები, ვინც უკან წაიღეს ხელმოწერები შეწყალებაზე, ჩემთვის არაადმიანები არიან. დღემდე ძალიან მტკივა. არ მესმის მე ამ საზოგადოების. უკან რომ არ წაეღოთ, არც არაფერი მოხდებოდა, მათ არავინ არაფერს უზამდა, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანმა, არ წაიღო თავის ხელმოწერა და არაფერი დაუშავდათ და ისინი ისტორიაში შევიდნენ, როგროც სამაგალითო ადამიანები. ხელმოწერის უკან წაღება ასეთ დროს რას ნიშნავს? მხოლოდ ერთს - დახვრეტას.

_ როგორ გაგრძელდებოდა თქვენი ცხოვრება, დღეს რომ ისინი ცოცხლები ყოფილიყვნენ. ალბათ, ამ ურთიერთობებს, გარემოს როგორიც დღეს არის, ვერ შეეგუებოდნენ და მაინც გაიქცეოდნენ.

_ ჩვეულებრივად, როგორც იქამდე იყო. ჩემი უსაყვარლესი მეგობარი იყო, რომელიც დღესაც სიგიჟემდე მიყვარს. გეგა ჩემი ძმა იყო.

_ დათო. შენ რომ არ გეცხოვრა საქართველოში, არ ფიქრობ რომ ბევრად მეტს მიაღწევდი მუსიკალურ კარიერაში?

_ მე ფანტასტიური ოთხი წელი მქონდა, როცა ესპანეთში ვცხოვრობდი,  სამი წელი საფრანგეთში, მერე ამერიკაში ვიყავი. სადაც არ ჩავდიოდი, ყველგან გრძელვადიან ხელშეკრულებას მიდებდნენ. კარიერული თვალსაზრისით რა თქმა უნდა ბევრად მეტს მივაღწევდი, სადმე რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მე არ მიღირს არანაირი კარიერა ჩემი ქვეყანაში არ ყოფნის ფასად. არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა. ეს ჩემი სამშობლოა და ამაზე ძვირფასი მე არაფერი გამაჩნია ჩემს ოჯახთან ერთად. კარიერა ახლოსაც ვერ მივა ამ გრძნობასთან, რასაც შენი ქვეყნის სიყვარული ჰქვია. ერთადერთი რაზეც  გული მწყდება, ესაა ის რომ ნაკლებად იცნობენ ჩემს კლასიკურ მუსიკას. კლასიკური მუსიკოსი ვარ და ბევრი ნაწარმოები მაქვს. უფრო სხვა კუთხით იცნობენ დათო ევგენიძეს, ვიდრე მის მთავარ შემოქმედებას. 22 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი საბალეტო ვერსია დაიდგა დიდი თეატრში. იაგუტინმა დადგა ნიუ-ორკში, მერე ახალ ოპერაში დაიდგა... რუსეთში მე მიცნობენ როგორც კლასიკოსს, და ჯაზი, ეს ჩემი ჰობია.

_ მუსიკას ვერ მოსწყდები თუ ერთხელ მაინც შემოვიდა რაიმე ფორმით შენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ერთადერთია რაც გიზიდავდა?

_ მე ბავშობიდან ვხატავ და ვწერ ლექსებს. ახლახან სამი კრებული გამოვეცი. სულ ხუთი კრებული მაქვს გამოცემული. მასწავლებელი ამბობდა, რომ ხატვას უნდა გაყვეო. ჭადრაკზე დავდიოდი და ისე კარგად ვთამაშობდი ჭადრაკის მასწავლებელი იძახდა, ჭადრაკი უნდა გააგრძელოო, მაგრამ მე კი არ ავირჩიე პროფესია, პროფესიამ ამირჩია მე. ვერ წარმომიდგენია სხვა პროფესიის ან ხელობის ადამიანი ვყოფილიყავი ისეთი ღრმა ბავშობიდან ვიდექი სცენაზე. 14 წლის ვიყავი როცა ჩემი შემოქმედებითი საღამო გაიმართა მსახიობთა თეატრში, სადაც სიმებიანი კვარტეტები, საფორტეპიანო სონეტები წარვადგინე. გუგული თორაძემ წარმადგინა მაშინ, მახსოვს. ასევე, მორის ფოცხიშვილი იყო ჩემი მფარველი ანგელოზი. ბევრი ჩემი ბავშვობაში დაწერილი სიმღერებისათვის, მორის ფოცხიშვილი სპეციალურად მე მიწერდა ლექსებს. ეს იყო ჩემთვის დიდი ფუფუნება. მუსიკა არის ჰაერი, რის გარეშეც მე ვერ ვსუნთქავ.

_ ახლა როგორ მუშაობ და ცხოვრობ. პანდემია ხელს არ გიშლის?

_ მე ამ რთულ პერიოდებში პირველ არხთან ერთად ძალიან ბევრი ლაივ კონცერტი გავაკეთე მაყურებლის გარეშე, რომ რაღაცნაირად დავხმარებოდით მუსიკოსებს, რომლებსაც სხვა არანაირი შემოსავალი არ აქვს გარდა კონცერტებისა. ასევე, გავაკეთეთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი, ახლა ვაპირებთ ოპერაში კლასიკოსების კონცერტის გამართვას. ასე, რომ ეს პაუზა არ არის, ის პაუზა. რთულია შემსრულებლებისთვის, მაგრამ ვინც მუსიკას, წერს შემოქმედებითად  პირიქით, ძალიან საინტერესო პერიოდია. არხის მთავარი მუსიკალური პროდუსერი ვარ და სტაბილური ხელფასი გამაჩნია და ახლა, სწორედ იმ კონცერტებს, რასაც მე ორგანიზებას ვუკეთებ, მათთვის არის, ვისაც ხელფასი არ აქვთ. რაც შეიძლებოდა ამ ერთი წლის მანძილზე, გავაკეთე ერთი შვიდი კონცერტი მაინც. ბევრმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. კიდევ დავეხმარებით.

_ რას ამოაგდებდი შენი ცხოვრებიდან, რომელი პერიოდების გახსენებაც არ გინდა და არასდროს მიიხედავ უკან?

_ 1977 წლის 23 აგვისტოს, ჩემი დის გარდაცვალების დღეს პირველ რიგში  და მერე ყველა ჩემი მეგობრის გარდაცვალების დღეს, ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან.

_ ახლა შენს პირადზე. მართალია, ნონო რომ ცოლად მოგყავდა, მისი ხელი მის ყოფილ ქმარს სთხოვე?

_ ეს ჩვეულებრივი რაღაც მგონია.

_ ჩვეულებრივი რაღაც როგორ არის დათო. ყოფილ ქმარს მომავალი ცოლის ხელს სთხოვ. რატომ?

_  არარა, არა. ნახე, ინო უკვე დიდიხნის გაშორებული იყო თავის ქმართან, მე ჩემს - ცოლს. ის იყო თავისუფალი ადამიანი, მეც _  თავისუფალი. იქ არანაირი ღალატი, დამალული არ ყოფილა. ჩავთალე, რომ სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ მე მასთან ურთიერთობას ვაგრძელებდი, ვმეგობრობდით ჯერ და არამარტო ნინოსთან, მის ოჯახთანაც. მივედი და ვუთხარი.

_ და რეაქცია?..

_ ის რეაქცია იყო, რასაც ველოდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ნორმალურად  შეხვდებოდნენ ჩვენს ამბავს. იმ ადამიანს უკვე თავის ოჯახი ჰქონდა. რა აგრესია უნდა ყოფილიყო. თუ ადამიანი შემიყვარდა, იმ წუთიდანვე ვიცი რომ მასთან ცხოვრება მინდა. ასეთი ვარ ბუნებით. აქაც ასე იყო ზუსტად.

_ ახლა აღარ მოგწონს და გიყვარდება? როგორია ქალია დათოსთვის მაგარი ქალი?

_ კრიტერიუმები ასე არ მაქვს. ეს ხომ იდუმალებაა. სილამაზე, სიყვარული არანაირ კანონმდებლობას არ ექვემდებარება. მაგ ლოგიკით ვერ ვუყურებ ქალს. ქალი ქალია. ქვეცნობიერ დონეზე გაქვს სურვილი, კი, რაღაც ხიდები, უხილავი ლტოლვა ჩნდება. ასე თუ დაიწყე განსაზღვრა, მაშინ არ გიყვარს, მაგრამ ცოლი თუ გყავს რომელიც გიყვარს და ასეთი ლტოლვა გაჩნდა ვიღაცის მიმართ, ესე იგი აღარ გიყვარს.

_ კარგი. რაზე მუშაობა ახლა? ესეც საინტერესოა.

_ მე დამთავრებულ მაქვს ბალეტი - „ალექსანდრე მაკედონელი“. ბევრი ქვეყანა მეხვეწება მის დადგმას, მათ შორის ათენის არენა, იტალია, რუსეთი, მარინის თეატრში უნდოდათ რომ დაედგათ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებაა საქართველოში დაიდგას.

ეკა პატარაია



წყარო: თბილისელები