New York
რატომ აღარ შემოდიან ინვესტორები საქართველოში - ფადი ასლი ინვესტორებსა და კორუფციაზე
30 Mar. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 761

რატომ აღარ შემოდიან ინვესტორები საქართველოში - ფადი ასლი ინვესტორებსა და კორუფციაზე

ახლა ინვესტორები საქართველოში აღარ ჩამოდიან, რადგან სამწუხაროდ ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავრობა საკმაოდ არამეგობრული იყო ინვესტორებთან მიმართებაში. ინვესტორებს, მათ საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ პანდემიის მიზეზით შეეცდებიან თავის გამართლებას?

ვინც იცის, მიხვდება, რომ ინვესტორებთან მიმართებაში პრობლემები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. ეს არ არის რაღაც ახალი. რა დონემდეც ჩვენ მივედით ამ მხრივ, რომ ინვესტორები საქართველოში აღარ შემოდიან, სწორედ ამ ბოლო რვა წლიანი პოლიტიკით არის განპირობებული: მათ უკან აბრუნებდნენ საზღვრიდან, უკეთებდნენ აქტივების კონფისკაციას, მათ არეკეტებდნენ, უქმნიდნენ პრობლემებს სასამართლოში... ყველა ამ პრობლემას უზარმაზარი რეზონანსი ქონდა საზღვარგარეთ და უკვე ყველამ იცის, რომ საქართველო აღარ არის მომხიბვლელი ქვეყანა ამ მხრივ.

რა მოტივაცია ქონდა მთავრობას, რომ ასეთი პოლიტიკა ეწარმოებინა?

ჩემი აზრით, ბატონი ივანიშვილი ფიქრობდა, რომ მას არ ჭირდებოდა საზღვარგარეთის ინვესტორები აქ და რომ მას თავადაც შეეძლო საკმარისი ინვესტიციის განხორციელება, რომ ის შეძლებდა მათ ჩანაცვლებას. რაც სრული გაუთვითცნობიერებლობაა იმისა, თუ როგორ მუშაობს უცხოური ინვესტიციები. იცით, უცხოურ ინვესტიციებში მთავარი მოცულობა არ არის, მთავარი რაოდენობაა. რაც უფრო მეტი უცხოელი ინვესტორი გყავს, თუნდაც მცირე ინვესტიციებით, 200,000; 100,000; 500,000, მილიონი დოლარით და ისინი კმაყოფილები არიან და არ აქვთ პრობლემები, შემდეგ მათ მოყავთ მათი ახლობლები, ნათესავები, ნაცნობები და ეს ქმნის ერთგვარ საინვესტიციო პოზიტიურ ტრენდს.


როგორია თქვენი პოზიცია კორუფციასთან დაკავშირებით, დასაშვებია, რომ ინვესტორებმა ზოგჯერ ითამაშონ ადგილობრივი წესებით? ეს მისაღებია?

გიპასუხებთ... ჩემს თავს არ დავასახელებდი მაგალითად, რადგან მე გახლდით ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში და ამ პოზიციიდან გამომდინარე მე მომეთხოვებოდა მეხელმძღვანელა ეთიკის უმაღლესი სტანდარტებით. მაშინაც და ახლაც, როგორც საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვერ დავუკავშირებდი ჩემ თავს კორუფციას. ეს ინსტიტუციების რეპუტაციაა. მაგრამ, ზოგადად რაც შემიძლია ვთქვა: რომში იქცევი ისე, როგორც რომაელები. თუ წახვალთ აზერბაიჯანში დღეს, გაქვთ დიდი ბიზნესი და არ ხართ, პრეზიდენტის ოჯახის გარემოცვის წევრთან პარტნიორი, თქვენ ვერასდროს შეძლებთ თქვენი საქმის კეთებას. არაბულ სამყაროშიც იგივეა, ოფიციალურად იკრძალება ბიზნესის კეთება თუ ადგილობრივი პარტნიორი არ გყავთ 51%-იანი წილით. ეს არის კორუფცია, მაგრამ ეს ლეგალურად აქვთ ქცეული. ამერიკაში ეს დაუშვებელია. რადგან თუ აშშ-ში მონაწილეობთ კორუფციულ გარიგებაში, ციხეში წახვალთ. ეს ხუმრობა არ არის. მაგრამ ბევრი ბიზნესისთვის სხვადასხვა ეთნოსიდან, ისინი თამაშობენ ადგილობრივი წესებით. სხვაგვარად, ისინი ბიზნესს ვერ განახორციელებენ. მაგრამ საქართველოში, რატომაც არის სიტუაცია ბევრად უარესი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში... იმიტომ, რომ წახვალთ აზერბაიჯანში და იცით, რომ იქ კორუფციაა, წახვალთ თურქმენეთში, იცით, რომ იქაც კორუფციაა, უზბეკეთში, ყაზახეთში, კორუფციაა და იცით, ნათლად ხედავთ თამაშის წესებს, მაგრამ საქართველოში, გეუბნებიან, რომ კორუფცია არ არის, თქვენც იჯერებთ, იწყებთ ბიზნესს და პრობლემებიც იწყება. ერთ დღესაც ვინმე მთავრობიდან მოდის და გეუბნება, რომ აიყვან ამ ადამიანს ბიზნეს პარტნიორად 30%-იანი წილით და პრობლემები აღარ გექნება.

რა არის საქართველოს პოტენციალი? რა არის მთავარი გასაღები ეკონომიკისთვის?

პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს სასამართლო სისტემის გადალაგებაა. რადგან, პირველი რასაც კითხულობენ ინვესტორები, სწორედ სასამართლო სისტემის მდგომარეობაა. თუ კორუფციაა, ინვესტორები აღარ ინტერესდებიან ქვეყნით. სერიოზულ ინვესტორებზე ვსაუბრობ. კანონის უზენაესობა არის უმთავრესი!