New York
ამერიკული ოცნების ახდენის მსურველებს ბაიდენის საემიგრაციო კანონპროექტი ახალ იმედს აძლევს
11 Mar 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 6100
ავტორინათია ჩაჩავა

ამერიკული ოცნების ახდენის მსურველებს ბაიდენის საემიგრაციო კანონპროექტი ახალ იმედს აძლევს

მიიღებენ თუ არა არალეგალი ემიგრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრების უფლებას/ლეგალურ სტატუსს? ??რამდენად რეალურია ამ ამერიკული ოცნების ახდენა, რა ვადებში განხილავს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს და როგორია პროგნოზი ბაიდენის საემიგრაციო კანონპროექტთან დაკავშირებით?!

რამდენიმე კვირის წინ, დემოკრატებმა კონგრესს ყოვლისმომცველი საიმიგრაციო კანონპროექტი წარუდგინეს. კანონპროექტი გულისხმობს არალეგალი ემიგრანტებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების ლეგალურ უფლებას, მუშაობის ლეგალურ უფლებას, დასაქმებული მიგრანტებისთვის სამუშაო პირობების (ლეგალურად მუშაობის ნებართვაზე დოკუმენტის გაცემა 180 დღის ვადაში მოხდება) გაუმჯობესებას, (იგულისხმება სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, ხელშეწყობა განათლების მიღებაში, უნარ-ჩვევების განვითარება, გადამზადება, დაფინანსება, გრანტების მიღება) ეგრეთწოდებული მწვანე ბარათის მიღებას, ნატურალიზაციასა და სურვილის შემთხვევაში მოქალაქებასაც. კანონრპექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინეს 353 გვერდს მოიცავს და მასში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის პროცედურა რომელიც ლეგალური სტატუსის მსურველმა არალეგალმა მიგრანტმა უნდა გაიაროს. ოფიციალურ დოკუმენტში საუბარია 10.5 მილიონ მიგრანტზე. კანონი შეეხება მხოლოდ იმ არალეგალებს ვინც აშშ-ში 2021 წლის პირველ იანვარამდე იმყოფებოდნენ. ამ 10.5 მილიონში იგულისხმებიან ის ადამიანები ვისაც ლეგალური სტატუსი ჯერ არ მიუღია, თუმცა მათი საქმე განხილვის პროცესშია და ისინიც, ვისაც სამართლებრივი პროცედურა ჯერ არ დაუწყია. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ში ცხოვრების უფლება შესაძლოა მოიპოვონ იმ ადამიანებმაც, ვისაც საქმის განხილვის შემდეგ მოქალაქეობის ან ლეგალური სტატუსის მიღებაზე ერთხელ უკვე მიიღეს უარი. (განხილვას არ ექვემდებარება კრიმინალური წარსულის ან რაიმე სხვა სახის დარღვევების მქონე პირების შემთხვევები) როდის იქცევა კანონ-პროექტი კანონად და როდის შევა ის ძალაში ჯერ ჯერობით უცნობია. ზუსტ თარიღსა და დროს ვერ ასახელებენ ვერც კანონმდებლები, თუმცა აშკარაა, რომ ბევრისთვის საოცნებო კანონის მიღებამდე საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. (სხვადასხვა ცნობების მიხედვით, სრული დოკუმენტის განხილვა შესაძლოა დაიწყოს აპრილში).

სირთულეები და რისკები

ექსპერტების შეფასებით, კანონპროექტი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ერთ-ერთი მთავარი რისკი რომელსაც ბაიდენის ინიციატივის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიოტიკოსები ასახელებენ - ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების თქმით, კანონ-პროექტისთვის მწვანე შუქის ანთებამ შესაძლოა წაახალისოს არალეგალური მიგრაცია ან გამოიწვიოს მიგრანტების ახალი ტალღა. (რისი ნიშნებიც უკვე აშკარაა.ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ- მექსიკის საზღვარს უამრავი ადამიანი მიაწყდა, მიმდინარე მოვლენების გამო, ტრამპის მხარდამჭერები ბაიდენის ადმინისტრაციას ქაოტური ვითარების წახალისებაში ადანაშაულებენ) ბაიდენის ოპონენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ტრადიციულ საპირწონეს, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც მათი თქმით, უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამის გამო, თითქმის თანაბრად გაყოფილ კონგრესში, კანონპროექტის გასვლა საეჭვოა. (დემოკრატებს რესპუბლიკელების +10 ხმა სჭირდებათ) ანალიტიკოსების თქმით, დიდი ალბათობით, კანონრპეოქტის საბოლოო მხარდაჭერის მისაღებად, დემოკრატებს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ. (თუმცა კანონ-პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე ფართო რეფორმა ამერიკის საიმიგრაციო ისტორიაში 1986 წლის შემდეგ).

კანონპროექტის თანახმად, არალეგალ მიგრანტებს, რომლებსაც მიენიჭებათ მუშაობის ლეგალური უფლება, საშუალება ექნებათ (ოფიციალურად გაცემული მოწმობის საფუძველზე, იმოგზაურონ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სამშობლოში. 5 წლის შემდეგ, მათ უფლება ექნებათ მიიღონ მწვანე ბარათი. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ მათი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების ისტორია არ მოიცავს რაიმე სახის კანონ დარღვევას და კრიმინალს. უპირატესობა ენიჭება გადასახადების კეთილსინდისიერად გადახდასაც.

დემოკრატიული პარტიის წევრი, სენატორი სტენი ჰოიერი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში საკნონმდებლო ორგანოში განხილვა იქნება ორ მცირე კანონპროექტზე. დოკუმენტები მოიცავენ ლეგალური სტატუსის მინიჭებას იმ ადამიანებისთვის ვინც სამეურნეო სფეროში მუშაობენ, ან დასაქმებულნი არიან ფერმებში, სამედიცინო სფეროში (სავარაუდოდ ეხებათ მოხუცთა მომვლელებსაც. წყარო: „უოლ სთრით ჯორნალი“) და ასევე მათთვის ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად მოხვდა არასრულწლოვნების ასაკში.

ბაიდენის საიმიგრაციო ინიციატივასთან დაკავშირებით დღემდე გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ კანონ-პროექტის თავდაპირველი ფორმით დამტკიცების ალბათობა მცირეა. თუმცა, რესპუბლიკელების ხისტი პოზიციის პარალელურად,  დათმობებზე წასვლას არც დემოკრატები აპირებენ. (2 მარტის მონაცემებით, გამოცემა”პოლიტიკოს" ცნობით, კანონპროექტს ჯერ- ჯერობით არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა, რის გამოც დემოკრატებმა განხილვა დროებით გადადეს. თუმცა გამოცემა) სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის საიმიგრაციო კანონპროექტს გამოკითხულთა 72% ის მხარდაჭერა აქვს. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ლიბერალურად არიან განწყობილები პრეზიდენტის ამ ინიციატივის მიმართ. დემოკრატი სენატორი: ელიზაბეტ უორენი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის ჩავარდნა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების იმედგაცრუებას გამოიწვევს, ამიტომ პარტია პასუხისმგებელია დოკუმენტი დაიცვას.



"ჩვენ გვჭირდება მეტი ჩართულობა და დიალოგი, ასევე კონსულტაციები დაინტერესებულ აქტორებთან."

ჯერი ნადლერი - აშშ-ს კონგრესის სენატისა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი.

დემოკრატიული პარტიის წევრი-სენატორი, ბობ მენენდეზი კი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა დროს, ყოვლისმომცველი საიმიგრაციო კანონ-პროექტის განხილვისას, კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები სათანადო სიმტკიცეს არ იჩენდნენ. მენდესის თქმით, დემოკრატები საკმაოდ სწრაფად ნებდებოდნენ ან არ იჩენდნენ პრინციპულობას, რომელიც კანონპროექტის დასამტკიცებლად იქნებოდა საჭირო.

"ჩვენ ვიცით, რომ წინსწვლისთვის გვჭირდება მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები შესაძლოა დროში გაიწელოს, თუმცა არ ვაპირებთ წავიდეთ დათმობებზე, ვერასდროს მოვიგებთ დებატებს თუ საკმარისი გამბედაობა არ გვექნა"

ბობ მენენდეზი - დემოკრატიული პარტიის წვერი.

დემოკრატებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საიმიგრაციო საკითხებზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე ერიკა ენდიოლას, რომელიც მიგრანტების უფლებების დამცველია ფინიქსში.



"როდესაც ეს კანონპროექტი წავიკითხე მხოლოდ ერთი კითხვა გამიჩნდა -" როგორ? როგორ შეძლებენ დემოკრატები ამ კანონპროექტის დამტკიცებას? რა არის მათი სტრატეგია? როგორ მოახერხებენ ისინი მიგრანტებისთვის დაპირებების შესრულებას ? სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ტრამპის პარტია ამას არ დაუშვებს!!”

ერიკა ენდიოლა - უფლება დამცველი

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ”მედიალინკი" განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას, მომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ ახალ ინფორმაციას და ასევე იმ პროფესიონალების ინტერვიუებს, ვისაც აღნიშნულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. გთავაზობთ ინტერვიუს ნიუ ორკსა და ნიუჯერსიში მომუშავე საადვოკატო ბიუროს წარმომადგენლებთან, ასევე ქართველ ემიგრანტებთან. მედიალინკის საშუალებით გაეცნობით ყველა სიახლეს ბაიდენის საიმიგრაციო კანონ-პროექტთან დაკავშირებით და ასევე მიიღებთ პროფესიონალთა რჩევებს.