New York
Apple-ის ყველაზე წარუმატებელი პროდუქტები
05 Apr. 2021
კატეგორიატექნოლოგიები
ნახვები: 359

Apple-ის ყველაზე წარუმატებელი პროდუქტები

45 წლიანი ისტორიის მანძილზე Apple-მა უამრავი ინოვაციური და მეტიც, რევოლუციური პროდუქტი შექმნა. მაგრამ ეს მხოლოდ iPhone-ები, Mac-ები და iPad-ები არ ყოფილა, მათ შორის უამრავი ისეთი პროდუქტი იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ არ გაამართლა და ამიტომაც არ მოყოლია გაგრძელება. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, წარმოგიდგენთ Apple-ის ყველაზე წარუმატებელი პროდუქტების სიას.

Siri Remote პულტი


Apple-ს ხშირად ადანაშაულებენ ფუნქციონალზე მეტად დიზაინზე ფოკუსირებაში, რაც მარტივად, რომ ვთქვათ ასე ჟღერს: გარკვეულ პროდუქტებში მათთვის მთავარი მხოლოდ დიზაინია და პროდუქტის ფუნქციონალი ხშირად არაფრის მომცემია. სტანდარტული ტელევიზორის პულტი დიდი, უშნო და მოუხერხებელია, მაგრამ თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს. მას ხშირად არც კი ვუყურებთ ისე მოვიხმართ.

Apple-ის მცდელობა ამ მიმართულებით იყო თხელი, მინიმალისტური დიზაინის მოწყობილობის შექმნა სენსორული მართვის ფუნქციით. დიზაინის უპირატესობის მიუხედავად, აღმოჩნდა რომ მომხმარებლები სწორედ მისი ფორმისა და გაბარიტების გამო ხშირად კარგავდნენ მას. უამრავი ადამიანი წერდა ნეგატიურ კომენტარებს, რადგან არ ეკომფორტულებოდათ მისი გამოყენება.

eWorld


ვიდრე ინტერნეტი ფართო მოხმარების სერვისი გახდებოდა, სოციალიზაციის მთავარი სერვისები America Online, Prodigy და CompuServe იყო. 1994 წელს, Apple-მა სცადა ამ სივრცეში შესვლა და წარმოადგინა პროდუქტი eWorld, რომელმაც ჩაანაცვლა მოძველებული AppleLink online ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი. Apple-ის ამ სერვისს კონკურენცია მოუწია AOL-თან, რომელიც ინდუსტრიის ლიდერი იყო. თუმცა, პროდუქტი მხოლოდ Mac მოწყობილობებზე და ინტერნეტ ბრაუზერ Newton მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თანაც, იგი მომხმარებლებს არ სთავაზობდა რაიმე ახალს ან მეტს, ვიდრე AOL. პროექტის წარუმატებლობის გამო ორ წელიწადში eWorld-მა შეწყვიტა არსებობა.

iPod Hi-Fi


Apple-ის ერთ-ერთი პირველი მცდელობა აკუსტიკურ სისტემებში გახლდათ ნაკლებად ცნობილი პროდუქტი iPod Hi-Fi, რომელიც პოზიციონირებული იყო თაროზე განსათავსებელ სპიკერად. მოწყობილობა iPod-ებისთვის შეიქმნა, თუმცა ხარისხზე მალევე გაჩნდა ნეგატიური შეფასებები. აუდიოფილების საზოგადოებაში პროდუქტმა უზარმაზარი კრიტიკა დაიმსახურა. თანაც, პორტატული მოწყობილობის კვალობაზე, მისი წონაც საკმაოდ დიდი იყო. iPod Hi-Fi დაახლოებით 7,7 კილოგრამს იწონიდა. დახვეწილი დიზაინის მიუხედავად, პროდუქტის ხარისხით გამოწვეული ნეგატიური რეზონანსის გამო მალევე შეწყდა მისი წარმოებაც.

Butterfly კლავიატურა


2015 წელს Apple-ის მიერ წარმოდგენილი MacBook-ები ახალი, რევოლუციური კლავიატურით მალე გახდა ათიათასობით უკმაყოფილო მომხმარებლის პრობლემა. ღილაკების მექანიკური ხმა, თავისუფალი სვლა, და რელიეფი ძალზედ არაკომფორტული აღმოჩნდა მოსახმარებლად. იუთუბერები, ბლოგერები და ტექნიკის ენთუზიასტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ კომპანიას ე.წ. „პეპლისებრი კლავიატურის“ (Butterfly Keyboard) გამო. კომპანიამ მართალია მთელი ხუთი წლით დააყოვნა მომხმარებელთა უკუკავშირზე რეაგირება, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. Apple-მა აღნიშნული კლავიატურა ჩაანაცვლა “Scissor-switch” ტექნოლოგიით, რომელიც ბევრად კომფორტული, ხარისხიანი და სასიამოვნოა მომხმარებლებისთვის.

AirPods Max Smart Case


სულ ახლახან Apple-მა ახალი ყურსასმენები AirPods Max წარმოადგინა. პროდუქტზე აზრი ორად იყოფა ტექნოლოგიის ენთუზიასტებს შორის, თუმცა ის, რაზეც თითქმის ყველა თანხმდება ეს მისი ახალი კეისია. AirPods Max-ის Smart კეისი  Apple-ის იშვიათი, მაგრამ უშნო დიზაინის პროდუქტების სიაში პოზიციონირებს. უცნაური, არაპრაქტიკული და მოუხერხებელი ჰიბრიდული დიზაინი უკმაყოფილების ახალი ტალღის მიზეზი გახდა. ჭრები ზუსტად არ ემთხვევა მოწყობილობის ფორმას, მაგნიტური სამაგრები საკმაოდ სუსტია და რაც მთავარია კეისი, რომლის ძირითადი ფუნქციაც მოწყობილობის დაცვა უნდა იყოს, ამ ამოცანას თავს ვერ ართმევს.

Mac Pro (2013)


ნაგვის ურნით დაწყებული, კოსმოსური ტექნოლოგიით დამთავრებული, უამრავ ასოციაციას მოისმენთ Apple-ის მოყვარულებისგან. Mac Pro ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი იყო. ცილინდრის მაგვარი დიზაინი, არაერთგვაროვან შთაბეჭდილებებს იწვევდა მომხამრებლებში. მანამდე, Apple-ს სტანდარტულ დესკტოპ კატეგორიაში, მძლავრი კომპიუტერების სერია Power Mac-ის ხაზით ქონდა წარმოდგენილი. Mac Pro ახალი ენერგია უნდა ყოფილიყო ამ მიმართულების გასაცოცხლებლად. კომპანია აღარ დაელოდა ნეგატიური შეფასებების მორიგ ტალღას და 2019-ში, თავადვე თქვა უარი არაპრაქტიკულ დიზაინზე. ამავე წელს, მან წარმოადგინა Mac Pro (2019), რომელიც მართლაც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, მაგრამ რაც მთავარია არის პრაქტიკული და მძლავრი მოწყობილობა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ხარისხის კომპრომისი დიზაინის გამო არ მომხდარა.

iPod წინდები


დიახ, Apple სრული სერიოზულობით, 2004 წელს iPod-ებისთვის წინდებს ყიდდა, რომელიც იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური პლეიერი იყო. მისი ღირებულება 29 აშშ დოლარი იყო და ექვს ცალიან შეკვრად იყიდებოდა. რათქმაუნდა წინდები ვერ იცავდა მოწყობილობას დავარდნის შემთხვევაში და ატარებდა მხოლოდ ესთეტიკურ ხასიათს. შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ დიზაინისა და იდეის მიუხედავად ეს წინდები მთელი რვა წელი იყიდებოდა, ვიდრე Apple-მა 2012 წელს მათი წარმოება საბოლოოდ შეწყვიტა.